ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს რვა წევრი სახელმწიფოს წარმომადგენლებმა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას (საია) დემოკრატიის დამცველის ჯილდო გადასცეს. გავრცელებული ინფორმაციით, საიას ჯილდო საქართველოში ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცა.
ცნობისთვის, ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს წევრი ქვეყნები არიან – შვედეთი, შვეიცარია, კანადა, დანია, მონტენეგრო, ნიდერლანდები, გაერთიანებული სამეფო და ამერიკის შეერთებული შტატები.
„ეს მხარდაჭერა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა იმ ფონზე, როდესაც საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების სივრცე დღითიდღე ვიწროვდება და „ქართული ოცნება“ ავტორიტარიზმის დამკვიდრებას ცდილობს. ასეთ ვითარებაში, საერთაშორისო მხარდაჭერა საიასთვის დიდი ძალის მომცემია, რათა კიდევ უფრო გაძლიერებულმა იბრძოლოს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის დაცვისთვის“, – ნათქვამია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ საიასთვის ჯილდოს გადაცემას ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა ევროპის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი, სტივენ დაუთი:
„ვულოცავ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას დემოკრატიის დამცველის ჯილდოს მოგებას, რომელიც დიდი ბრიტანეთისა და ეუთოს შვიდი პარტნიორის მიერ იქნა გადაცემული. საია არსებით დახმარებას უწევს ადამიანის უფლებათა დამცველ აქტივისტებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს საქართველოში, რომლებიც რეპრესიული კანონმდებლობის მზარდი ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან.
თვეების განმავლობაში დემოკრატიული უკუსვლის, თვითნებური დაპატიმრებებისა და მომიტინგეების, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალის გადამეტებული გამოყენების შემდეგ, ქართული ოცნება არ აპირებს დაუბრუნდეს ევროპულ გზას და დაიცვას საკუთარი ამომრჩევლის დემოკრატიული მისწრაფებები.
მოვუწოდებ, საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს იზოლაციონისტური ქცევა და მადლობას ვუხდი საიას ქართველი ხალხის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მნიშვნელოვანი საქმისთვის“.