ანნა კაჭიური უკვე 10 წელია მართავს Lab Technologies-ს, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი IT ინტეგრატორი კომპანიაა. მისი ხელმძღვანელობით ლაბ ტექნოლოჯიმ წარმატებით განახორციელა არაერთი მსხვილი პროექტი და ხელი შეუწყო სხვადასხვა ბიზნესის განვითარებას თანამედროვე ტექნოლოგიებთან ადაპტირებაში. ორგანიზაციების ტექნოლოგიური განვითარების გარდა, მისი კომპანია ხელს უწყობს ახალგაზრდების კარიერულ ზრდას და ყოველწლიურად ახორციელებს ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამას იმ სტუდენტებისთვის, რომელთაც სურთ ტექნოლოგიურ სამყაროში პირველი პროფესიული ნაბიჯების გადადგმა. ანნა ასევე ხშირად გასცემს რეკომენდაციებს ქალების როლსა და მნიშვნელობაზე IT ინდუსტრიაში.
Forbes Georgia ანნა კაჭიურს საქართველოს ტექნოლოგიურ ლანდშაფტზე, გლობალურ ბრენდებთან თანამშრომლობასა და ცოდნის გაზიარების მნიშვნელობაზე ესაუბრა.
ანნა, თქვენ უკვე ათი წელია, მართავთ Lab Technologies-ს. როგორ შეიცვალა ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს IT ბაზარი და რა როლი ითამაშა ამ ცვლილებებში თქვენმა კომპანიამ?
ბოლო ათწლეული ქართული IT ბაზრისთვის მნიშვნელოვანი გარდატეხის პერიოდი იყო. ამ სფეროში მოთხოვნა როგორც სერვისებზე, ისე ადამიანურ რესურსზე საგრძნობლად გაიზარდა. ბიზნესებმა დაიწყეს გაცნობიერება, რომ ტექნოლოგიებში ინვესტირება არა ზედმეტი დანახარჯი, არამედ განვითარების საშუალებაა. ჩვენი გუნდი ყოველთვის ცდილობდა, ეს გზავნილი მაქსიმალურად მკაფიოდ მიეტანა ბიზნესებამდე. ლაბ ტექნოლოჯი იყო ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელმაც 2005 წელს საქართველოში თანამედროვე IT გადაწყვეტილებების დანერგვა დაიწყო. ამ პერიოდში ჩვენ შევძელით სერვისების განვითარება და დღეს უკვე სრულყოფილ ტექნოლოგიურ მხარდაჭერას ვუწევთ სხვადასხვა ზომისა და ინდუსტრიის ორგანიზაციებს. შედეგად, დღეს საქართველოში გაცილებით მეტი კომპანია ფიქრობს ინფორმაციული ტექნოლოგიების სტრატეგიულ მნიშვნელობაზე და ჩვენ ნამდვილად ვამაყობთ, რომ ამ პროცესის მონაწილე ვართ.
20 წელი მცირე დრო ნამდვილად არაა კომპანიის არსებობისთვის. თქვენი აზრით, რა ღირებულებებისა თუ თვისებების დამსახურებაა ის, რომ Lab Technologies ამდენი წლის განმავლობაში კლიენტების ნდობით სარგებლობს?
პასუხი მარტივია – განვითარება, პროფესიონალიზმი და სტაბილურობა. ეს სამი პრინციპი განსაზღვრავს ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობას და სწორედ ამის დამსახურებაა, რომ დღეს ლაბ ტექნოლოჯი ერთ-ერთ წამყვან IT ინტეგრატორ კომპანიად ჩამოყალიბდა. ამ 20 წლის განმავლობაში ლაბ ტექნოლოჯი არასდროს შეჩერებულა. ჩვენ ყოველთვის ვეძებთ ახალ გზებს, როგორ გავაუმჯობესოთ ჩვენი სერვისები და გავზარდოთ გუნდის კომპეტენცია. შედეგად, დღეს ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია 30-მდე პროფესიონალით, რომლებსაც გავლილი აქვთ საერთაშორისო ტრენინგები და ფლობენ წამყვანი ტექნოლოგიური ბრენდების, როგორიცაა HPE, Lenovo, Fortinet, Cisco და ა.შ. სერტიფიკატებს. მათი ეს კვალიფიკაცია საშუალებას გვაძლევს, ქართულ ბიზნესებს მივაწოდოთ საერთაშორისო დონის პროფესიონალური მომსახურება და ეფექტურად გადავჭრათ მათ წინაშე არსებული ტექნოლოგიური გამოწვევები. სწორედ ეს განაპირობებს იმ ფაქტს, რომ ლაბ ტექნოლოჯიმ შეძლო ბაზარზე თავის დამკვიდრება და წლების განმავლობაში კლიენტების ნდობის შენარჩუნება. ჩვენი სერვისები ბიზნესისთვის ნიშნავს შეუფერხებელ, დაცულ და გამართულ IT ინფრასტრუქტურას, რის გამოც დღეს ნდობას გვიცხადებენ ისეთი კომპანიები, როგორიცაა სპარი, გორგია, პეპსიკო, თეგეტა მოტორსი და სხვა.
მოგვიყევით გლობალურ ბრენდებზე, რომელთანაც პარტნიორობთ. როგორ დაიწყო ეს პარტნიორობა? რა გასწავლათ თქვენ და თქვენს გუნდს ამ საერთაშორისო გამოცდილებამ?
ჩვენი თანამშრომლობა გლობალურ ბრენდებთან, როგორიცაა Cisco, Lenovo, HPE, Dell Technologies, Fortinet და სხვები, ათწლეულზე მეტს მოიცავს. ეს პარტნიორობა ნდობაზე, მაღალი სტანდარტების შესრულებასა და მუდმივ პროფესიულ განვითარებაზეა დაფუძნებული. დღეისთვის, ლაბ ტექნოლოჯი ბაზარზე უკვე 20-ზე მეტი გლობალური ბრენდითაა წარმომადგენელი, რომლებთან ოფიციალური პარტნიორობა სხვადასხვა, მათ შორის ვერცხლის,ოქროს და პლატინიუმ სტატუსებით გვაქვს განმტკიცებული, რაც სერტიფიცირებული და პროფესიონალი ინჟინრების გუნდის დამსახურებაა. აღნიშნულმა პარტნიორობებმა ჩვენ გაგვიხსნა წვდომა უახლეს ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებზე და გაგვაძლიერა როგორც ექსპერტული ორგანიზაცია ადგილობრივ ბაზარზე.
თუმცა, საერთაშორისო გამოცდილებამ გვასწავლა, რომ წარმატება მხოლოდ ტექნიკური კომპეტენციით არ მიიღწევა – საჭიროა ძლიერი ორგანიზაციული კულტურა, გამართული პროცესები და მუდმივი ყურადღება მომხმარებლის საჭიროებებზე. გლობალურ ბრენდებთან თანამშრომლობა გვაძლევს მოტივაციას მუდმივად ვაკონტროლოთ ხარისხი და ვიყოთ შედეგზე ორიენტირებულები.
თქვენ აქტიურად ხართ ჩართული გაეროს ქალთა ორგანიზაციის სხვადასხვა პროექტში. ხართ ასევე ბიზნესფედერაცია “ქალები მომავლისთვის” წევრი. როგორ შეაფასებდით ქალების ჩართულობას ჩვენი ქვეყნის IT ინდუსტრიაში? რა ნაწილებში გვაქვს პროგრესი და სად არის გაუმჯობესების სივრცე?
ბოლო წლების განმავლობაში პროგრესი ნამდვილად შესამჩნევია. ქალების ჩართულობა ტექნოლოგიურ სფეროში იზრდება, მათ შორის ლიდერულ პოზიციებზე. თუმცა ჯერ კიდევ რჩება ბევრი ბარიერი, რომელიც გავლენას ახდენს ქალების კარიერულ განვითარებაზე. შესაბამისად, მიუხედავად არსებული პროგრესისა, კვლავ საჭიროა მეტი ქმედითი ნაბიჯი, როგორც ინდივიდუალური, ისე ორგანიზაციულ და სისტემური დონეზე, რათა მეტი ქალი ჩაერთოს ტექნოლოგიურ სფეროში, მიიღოს ხარისხიანი განათლება და განვითარდეს, როგორც ლიდერი.
საგულისხმოა რომ სხვადასხვა სტატისტიკის მიხედვით რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციები გვაწვდიან, ქალების პროცენტული მაჩვენებელი ტექნოლოგიურ სფეროში 20-დან 25 პროცენტამდე მერყეობს, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო დაბალია აღმასრულებელ პოზიციებზე და 10-15 პროცენტს შეადგენს. მსგავსი მონაცემები ყოველწლიურად იცვლება, თუმცა ტენდენცია მაინც იგივე რჩება, ქალების ჩართულობა TECH სფეროში საგრძნობლად დაბალია. სწორედ ამიტომ ვცდილობთ, რომ ლაბის კორპორატიული კულტურა შორს იყოს არასასურველი ტენდენციებისგან. მაგალითად, ლაბ ტექნოლოჯის გუნდის უმრავლესობას სწორედ ქალები წარმოადგენენ. ისინი წარმატებით უძღვებიან როგორც ტექნიკურ, ასევე მენეჯერულ მიმართულებებს და უდიდესი წვლილი შეაქვთ არა მარტო კომპანიის, არამედ ტექნოლოგიური ინდუსტრიის განვითარებაში.
დამატებით, როგორც უკვე აღნიშნეთ, ვარ Women’s Empowerment Principles (WEPs) ინიციატივის ხელმომწერი და, ლაბის სახელით, ხშირად ვმონაწილეობ გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტებში. ასევე, ვარ ბიზნესფედერაცია “ქალები მომავლისთვის“ წევრი და, შესაძლებლობის ფარგლებში, ვუზიარებ აუდიტორიას ჩემს გამოცდილებას და ხედვებს, რომ რაც შეიძლება მეტმა ქალმა დაინახოს საკუთარი შესაძლებლობები ტექნოლოგიურ სფეროში.
Lab Technologies დიდ ყურადღებას აქცევს ახალგაზრდების პროფესიულ ზრდას. რაზე უნდა გაამახვილონ ქართველმა პროფესიონალებმა ყურადღება, რათა მსოფლიოს მასშტაბით კონკურენტუნარიანები იყვნენ?
დიახ, ლაბ ტექნოლოჯი აქტიურად უწყობს ხელს ახალგაზრდების პროფესიულ ზრდასა და ტექნოლოგიური სფეროს განვითარებას საქართველოში. ამ მიზნით, ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, როგორებიცაა მაგალითად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და თავისუფალი უნივერსიტეტი.
ჩვენი სფერო ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებად ინდუსტრიად ითვლება და ვერც ერთი სპეციალისტი ვერ დარჩება კონკურენტუნარიანი, თუ ცოდნას მუდმივ რეჟიმში არ განაახლებს.
ლაბში მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ჩვენი გუნდის ყველა წევრი მრავალპროფილური უნარებით აღიჭურვოს, რაც მოიცავს არა მხოლოდ ტექნიკურ კომპონენტს, რაც IT სფეროში მნიშვნელოვანია, არამედ ისეთ მახასიათებლებს როგორიცაა სტრატეგიული და კრიტიკული აზროვნების, კომუნიკაციის და მოლაპარაკებების, მართვისა და ლიდერობის, ბიზნესგარემოს ანალიზისა და შეფასების უნარები.
ამიტომ, ვიტყოდი, მუდმივი სწავლა და ახალი ტექნოლოგიებისთვის თვალყურის დევნება არის ის ფაქტორები, რომლებიც გადამწყვეტია ჩვენი კომპეტენციის შესანრჩუნებლად.
ლაბის სტაჟირების პროგრამა სწორედ ამ კომპონენტებზეა აგებული. ახალგაზრდებს ეძლევათ პრაქტიკული გამოცდილების მიღებისა და გლობალურ ბრენდებთან მუშაობის შესაძლებლობა, რაც ზრდის მათ კონკურენტუნარიანობას ბაზარზე.
როგორ უზრუნველყოფთ, რომ ისეთ სწრაფად განვითარებად ინდუსტრიაში, რომელშიც თქვენ ხართ, გუნდი (და ასევე თქვენც) ინოვაციებს არასდროს ჩამორჩეთ?
ლაბ ტექნოლოჯიში გვჯერა, რომ სწავლა და განვითარება არასდროს მთავრდება. ჩვენი თანამშრომლები რეგულარულად გადიან სერტიფიცირებას, მონაწილეობენ საერთაშორისო ტრენინგებში და კონფერენციებში.
პირადად ჩემთვის, ტექნოლოგიური სიახლეების გაცნობა, ინოვაციური მიდგომების შესწავლა და ინდუსტრიულ ტენდენციებზე თვალის მიდევნება ჩემი რუტინის ნაწილია. ვფიქრობ, ლიდერს სწორედ ეს ევალება – თვითონ იყოს განვითარებაზე ორიენტირებული და ამ კულტურით შთააგონოს გუნდიც.
რა განსხვავებაა ტექნოლოგიური კომპანიისა და ზოგადად, ნებისმიერი პროფილის კომპანიის მართვას შორის? როგორია თქვენი ლიდერული სტილი და რა გზა გაიარეთ, სანამ მას აღმოაჩენდით?
ტექნოლოგიური კომპანია მუდმივ ცვლილებებშია – გადაწყვეტილებები სწრაფად უნდა მიიღო, ბაზრის მოთხოვნაზე მყისიერად უნდა იმოქმედო, გუნდი კი მუდმივად მზად უნდა იყოს ცვლილებებისთვის. ეს მოითხოვს მოქნილ, მაგრამ სტრუქტურულ მენეჯმენტს.
ჩემი ლიდერული სტილი დაფუძნებულია ნდობაზე, მიმღებლობასა და განვითარებაზე. მჯერა, რომ წარმატებული ლიდერი ისაა, ვისაც არ ეშინია მოსმენის, სწავლის და ცვლილების დაწყების. ჩემი ეს მიდგომა ჩამოყალიბდა შეცდომების დაშვების, მათგან სწავლისა და გამოცდილების მიღების შედეგად. დღეს ვცდილობ, ვიყო ხელმძღვანელი, რომელიც ყველასთვის მუდმივად ხელმისაწვდომია. ჩვენ გვჯერა, რომ კომპანიის წარმატება იწყება ძლიერი გუნდით. სწორედ ამიტომ, ლაბ ტექნოლოჯი მუდმივად ვცდილობთ, შევქმნათ ისეთი შიდა კულტურა, სადაც თითოეული ადამიანის იდეები და ძალისხმევა დაფასებულია.
რა არის ლაბ ტექნოლოჯის სამომავლო ხედვა? რა მიმართულებით გეგმავთ კომპანიის განვითარებას უახლოეს წლებში?
ჩვენი მიზანია, გავაგრძელოთ ინოვაციური სერვისების დანერგვა და კიდევ უფრო გავზარდოთ კომპანიის, როგორც საიმედო IT პარტნიორის როლი. ბოლო პერიოდში განვავითარეთ IT აუთსორსინგ მიმართულება, რაც განსაკუთრებით მოთხოვნადია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, რომლებსაც არ აქვთ საკუთარი IT განყოფილება, თუმცა ესაჭიროებათ პროფესიონალური და უწყვეტი ტექნოლოგიური მხარდაჭერა. აგრეთვე, ვმუშაობთ რიგების მართვის სისტემის დანერგვაზე სხვადასხვა ორგანიზაციებში. ეს სერვისი განკუთვნილია ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც უწევთ მომხმარებელთა დიდი ნაკადის მიღება და გადამისამართება. შესაბამისად, ესაჭიროებათ პროცესის ოპტიმიზირება და მომსახურების სიჩქარისა და ხარისხის გაუმჯობესება.
ლაბ ტექნოლოჯი ყოველთვის იყო განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია და მომავალშიც ვაპირებთ ამ გზით სიარულს. ჩვენი ხედვაა, გავხდეთ რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი IT ინტეგრატორი, რომელიც ქმნის სტანდარტს ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში.