სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემების თანახმად, 2025 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ, არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე, 7.75 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ეს წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 15.3%-ით მეტია.
საქსტატის ინფორმაციით, საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტი 2.01 მილიარდი აშშ დოლარი იყო, რაც 2024 წლის მონაცემს 14.2%-ით აღემატება. იმპორტმა კი 5.74 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც ნიშნავს, რომ წინა წელთან შედარებით მაჩვენებელი 15.7%-ით გაიზარდა. შედეგად, 2025 წლის იანვარ-აპრილში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 3.72 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 48.1%-ია.
2025 წლის იანვარ-აპრილის მონაცემებით, ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 69.9% შეადგინა. უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის რუსეთის ფედერაცია მესამე ადგილს იკავებს, 859.1 მლნ. აშშ დოლარით. აქედან ექსპორტი 189.5 მლნ. აშშ დოლარს აჭარბებს, იმპორტი კი – 669.57 მლნ. აშშ დოლარს. პირველ შემთხვევაში მაჩვენებელი წლიურ ჭრილში 17.8%-ით არის შემცირებული, მეორე შემთხვევაში კი 10.4%-იანი ზრდა აღინიშნა. ამ მაჩვენებლებით რუსეთი საქართველოს ექსპორტში მე-4 ადგილს იკავებს, იმპორტში კი მე-3 პოზიციაზეა.
საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებულ უმსხვილეს სასაქონლო ჯგუფებში პირველ ადგილს სპირტიანი სასმელები იკავებს 40.66 მილიონი აშშ დოლარით, მეორე ადგილზე ყურძნის ნატურალური ღვინოებია 40.45 მილიონი აშშ დოლარით, მესამე ადგილზე კი მინერალური და მტკნარი წყლები (შაქრის დანამატების გარეშე) 27.07 მილიონი აშშ დოლარით. ხუთეულს კარტოფილი და ნაყოფი და მცენარის სხვა ნაწილები (სხვა წესით დამზადებული ან დაკონსერვებული) ასრულებს, შესაბამისად, 16.9 მილიონი აშშ დოლარითა და 14.58 მილიონი აშშ დოლარით.
რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებულ უმსხვილეს სასაქონლო ჯგუფებს შორის პირველ ადგილზე ნავთობი და ნავთობპროდუქტებია 205 მილიონი აშშ დოლარით, მეორე ადგილს ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები იკავებს 118.85 მილიონი აშშ დოლარით, მესამე ადგილზე კი ნახშირბადიანი ფოლადის წნელებია (შემდგომი დამუშავების გარეშე) 19 მილიონი აშშ დოლარით. ხუთეულის ბოლო ადგილებს იყოფს ხორბალი და მესლინი და მანქანები მასალების ისეთი პროცესებით დასამუშავებლად, რომლებშიც გამოყენებულია ტემპერატურის ცვლილება, შესაბამისად, 18.73 მილიონი აშშ დოლარითა და 18.46 მილიონი აშშ დოლარით.