აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ დაარსებული The Trump Organization-ი ვიეტნამში, Kinh Bac City Development Holding Corp.-ის ადგილობრივ ფილიალთან თანამშრომლობას იწყებს. პარტნიორობის ფარგლებში, დედაქალაქ ჰანოის სამხრეთით, ჰუანგ-იენის პროვინციაში, $1.5 მილიარდის ღირებულების პროექტი განხორციელდება, რომელიც მოიცავს: გოლფის მოედანს, კურორტს და საცხოვრებელ კომპლექსს.
The Trump Organization-ის მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, პროექტი 990 ჰექტარზე განთავსდება. ტერიტორიაზე წარმოდგენილი იქნება Trump-ის ბრენდის გოლფის ორი მოედანი, რომლებიც აშშ-ის ღია პირველობის ორგზის ჩემპიონმა, ბრაისონ დეშამბომ დააპროექტა, ასევე – ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო და ძვირად ღირებული ვილები.
The Trump Organization-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტისა და დონალდ ტრამპის ვაჟის, ერიკ ტრამპის განცხადებით, ვიეტნამი დღეისთვის ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური და პერსპექტიული ბაზარია: „ჩვენ ვამაყობთ, რომ Trump-ის სახელი მსგავსი ხედვის, სიცოცხლისუნარიანობისა და ზრდის მქონე ქვეყანაში იქნება წარმოდგენილი“.
ერიკ ტრამპი, ჰუანგ-იენში, პროექტისთვის საძირკვლის ჩაყრის ცერემონიალსაც დაესწრო. ვიეტნამური მედიის ცნობით, ის და ტრამპის ორგანიზაციის სხვა აღმასრულებლები ვიეტნამში ვიზიტისას კიდევ ერთ პოტენციურ პროექტსაც განიხილავენ.
ცნობისთვის, ამერიკული Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონების ღირებულება $5.3 მილიარდს შეადგენს. მისი სიმდიდრის უდიდესი ნაწილი კი უძრავ ქონებაზე მოდის.