პაკისტანი, მშვიდობის დარგში, ტრამპის ნობელის პრემიაზე წარდგენას გეგმავს

პაკისტანი, მშვიდობის დარგში, ტრამპის ნობელის პრემიაზე წარდგენას გეგმავს

პაკისტანის მთავრობა გეგმავს, აშშ-ის პრეზიდენტი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატებს შორის წარადგინოს. ოფიციალური ისლამაბადის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა, გასულ თვეში, ინდოეთ-პაკისტანის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრასა და ცეცხლის შეწყვეტაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

პლატფორმა X-ზე პაკისტანის მთავრობის მიერ გამოქვეყნებული პოსტის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტი ინდოეთ-პაკისტანის ბოლო კრიზისის დროს, გადამწყვეტი დიპლომატიური ჩარევისა და გამოჩენილი ლიდერული თვისებებისთვის, ნობელის პრემიას იმსახურებს. საინტერესოა, რომ ინდოეთი, თავის მხრივ, საბრძოლო მოქმედების დასრულებაში აშშ-ის მედიატორობას უარყოფს და მოლაპარაკებებში მესამე მხარის ჩართვის საკითხსაც ეწინააღმდეგება.

ინდოეთსა და პაკისტანს შორის დაპირისპირება გასულ თვეში განახლდა. ოთხდღიანი ორმხრივი თავდასხმების შემდეგ, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის ჩართულობით მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება შედგა. ტრამპის თქმით, მოლაპარაკებები აშშ-ის მედიატორობით მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ცნობისთვის, ნობელის პრემიის წლევანდელი ლაურეატები ოქტომბერში გამოვლინდება. აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის მიღების სურვილი წარსულშიც არაერთგზის გამოუხატავს.

თუმცა ნობელის პრემიაზე წარდგენის მიუხედავად, საინტერესოა, რომ პაკისტანმა აშშ-ის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე გასულ შაბათ-კვირას მიტანილი იერიში დაგმო. პაკისტანის განცხადებით, აშშ-ის ირანზე თავდასხმა საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაა, კრიზისის გადაწყვეტის ერთადერთი გზა კი დიპლომატიაა.