იტალიის მთავრობა, მომდევნო სამი წლის განმავლობაში, ევროკავშირის მოქალაქეობის არმქონე პირების სახელზე 500,000 ახალი სამუშაო ვიზის გაცემას გეგმავს. მიღებული გადაწყვეტილება ქვეყანაში სამუშაო ძალის დეფიციტთან საბრძოლველად შემუშავებული სტრატეგიის ნაწილია, რომელიც ქვეყანაში ლეგალური იმიგრაციისთვის არხებს გააფართოებს.
არსებული გეგმით, მომავალ წელს იტალიის სამუშაო ვიზას 164,580 ადამიანი მიიღებს, 2028 წლის ბოლოსთვის კი ამ პირთა რაოდენობა 497,550-მდე გაიზრდება. მსგავსი გადაწყვეტილება ჯორჯა მელონიმ თანამდებობაზე მოსვლის შემდეგაც მიიღო და 2023-დან 2025 წლამდე ქვეყანაში მიგრანტებისთვის 450,000-ზე მეტი ნებართვა გასცა. პარალელურად, მელონიმ მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკა გაატარა, მათ შორის შეზღუდა ხმელთაშუა ზღვის გავლით შესული მიგრანტების მხარდამჭერი საქველმოქმედო ორგანიზაციების საქმიანობა.
ამის მიუხედავად, ევროზონის სიდიდით მესამე ეკონომიკისთვის მოსახლეობის დაბერება და შობადობის კლება მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. ეს კი, თავის მხრივ, ქვეყანაში მუშახელის დეფიციტს ქმნის. იტალიაში 2024 წელს გარდაცვალების მაჩვენებელი შობადობას დაახლოებით 281,000-ით აღემატებოდა, ხოლო მოსახლეობა 37,000-ით, 58.93 მილიონამდე შემცირდა და კვლავ კლების ტენდენციას ინარჩუნებს.
ანალიტიკური ცენტრის, Osservatorio Conti Pubblici-ის შეფასებით, მიმდინარე დეპოპულაციის წინააღმდეგ საბრძოლველად და მოსახლეობის ამჟამინდელი დონის შესანარჩუნებლად, იტალიას 2050 წლისთვის მინიმუმ 10 მილიონი იმიგრანტის მიღება დასჭირდება.