თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა გუშინ განაცხადა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ქრონიკული ვენური უკმარისობა დაუდგინდა, რაც ტერფების შეშუპებას იწვევს და 70 წელს გადაცილებულ ადამიანებში ხშირია. სოციალურ მედიაში გავრცელებული სპეკულაციების მიუხედავად, ლევიტის თქმით, აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი თავს შესანიშნავად გრძობს.
პრესმდივნის ინფორმაციით, ტრამპი თეთრი სახლის სამედიცინო განყოფილებამ მას შემდეგ შეამოწმა, რაც ტერფების შეშუპება შენიშნა. მანამდე, FIFA-ს საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალიდან, ასევე სამშაბათის პრესკონფერენციიდან ფოტოები, რომლებზეც ტრამპის ტერფების საეჭვო მდგომარეობა იყო ასახული, ინტერნეტსივრცეში რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად ვრცელდებოდა.

როგორც კეროლაინ ლევიტმა განაცხადა, სისხლის ანალიზმა „ღრმა ვენების თრომბოზის ან არტერიული დაავადების“ ნიშნები არ აჩვენა და შედეგები „ნორმის ფარგლებშია“. მისივე ინფორმაციით, დამატებითი ტესტებით არც გულის უკმარისობის ან სხვა სისტემური დაავადებების ნიშნები გამოვლენილა.
ლევიტის თქმით, ტრამპი შეშუპების გამო „არანაირი დისკომფორტს“ არ განიცდის და ის კვლავ სრული დატვირთვით მუშაობს.
თეთრი სახლის პრესმდივანმა ასევე ისაუბრა სოციალურ მედიაში გავრცელებულ ფოტოებზე, სადაც დონალდ ტრამპს ხელზე სისხლჩაქცევებით აღენიშნება. ლევიტის თქმით, ეს „ხელის ხშირი ჩამორთმევით გამოწვეული რბილი ქსოვილების გაღიზიანების“ შედეგია, ასევე შეიძლება პრეზიდენტის მიერ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციისთვის ასპირინის გამოყენების გვერდითი ეფექტიც იყოს.
ამერიკული Forbes-ი იხსენებს, რომ თეთრმა სახლმა ხელებზე სისხლჩაქცევების შესახებ სპეკულაციები თებერვალშიც უარყო და NBC News-ს განუცხადა, რომ ეს გადატვირთული მუშაობითა და ხელის ხშირი ჩამორთმევით არის გამოწვეული.