გუშინ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი თავის უკრაინელ კოლეგას ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა და უკრაინაში აზერბაიჯანული ნავთობისა და ბუნებრივი აირის ობიექტებზე რუსეთის საჰაერო დარტყმები დაგმო. მისივე თქმით, ეს არაფერს შეცვლის და ორ ქვეყანას შორის ენერგეტიკული თანამშრომლობა გაგრძელდება.
„საუბრის დროს ორივე მხარემ დაგმო რუსეთის მიერ უკრაინაში მიზანმიმართულად განხორციელებული საჰაერო დარტყმები აზერბაიჯანული SOCAR-ის საკუთრებაში არსებულ ნავთობსაცავზე, ასევე სხვა აზერბაიჯანულ ობიექტებსა და გაზგამანაწილებელ სადგურზე, რომელიც აზერბაიჯანული გაზის უკრაინაში ტრანსპორტირების საშუალებას იძლევა“, – ნათქვამია ალიევის პრესსამსახურის განცხადებაში და აღნიშნულია, რომ „ეს თავდასხმები აზერბაიჯანსა და უკრაინას შორის ენერგეტიკულ თანამშრომლობას ხელს არ შეუშლის“.
სხვადასხვა წყაროსა და უკრაინელი ოფიციალური პირების ცნობით, გასულ კვირას რუსეთმა უკრაინის სამხრეთ ოდესის რეგიონში, SOCAR-ის საკუთრებაში არსებულ ნავთობბაზასა და გაზგამანაწილებელ სადგურზე იერიში მიიტანა, რომელიც აშშ-დან და აზერბაიჯანიდან თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტისთვის გამოიყენება.
ივლისში უკრაინამ აზერბაიჯანული გაზის სატესტო მოცულობა ტრანსბალკანური მარშრუტით პირველად გადაიტანა და აღნიშნული ქვეყნიდან ბუნებრივი აირის იმპორტის მნიშვნელოვნად გაზრდის გეგმებზე განაცხადა.
უკრაინის ინფრასტრუქტურა და ენერგეტიკული ობიექტები რუსული ძალების სამიზნე ხშირად ხდება. ბოლო პერიოდში მსგავსი ხასიათის თავდასხმები განსაკუთრებით გააქტიურდა, რაც შესაძლოა სწორედ უკრაინა-აზერბაიჯანის ენერგეტიკული თანამშრომლობის დაწყებას უკავშირდებოდეს.