AI-კომპანია Perplexity-მ Google Chrome-ის შესაძენად $34.5-მილიარდიანი შეთავაზება გააკეთა

AI-კომპანია Perplexity-მ Google Chrome-ის შესაძენად $34.5-მილიარდიანი შეთავაზება გააკეთა

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ხელოვნური ინტელექტის კომპანია Perplexity-მ Google-ის ბრაუზერ Chrome-ის შესაძენად 34.5 მილიარდი დოლარის ოდენობის შეთავაზება გააკეთა. გამოცემის ცნობით, გარიგებას მხარს რამდენიმე უცნობი ინვესტორი უჭერს, მათ შორის მსხვილი ვენჩურული კაპიტალის ფონდები.

შეგახსენებთ, აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ აპრილში დაადგინა, რომ Google-მა საძიებო სისტემების ბაზარზე მონოპოლიის შესანარჩუნებლად „ანტიკონკურენტულ ქმედებებს განზრახ მიმართა“. ეს გადაწყვეტილება ადასტურებს წინა წლის განჩინებას, სადაც აღნიშნული იყო, რომ კომპანიამ ექსკლუზიური დისტრიბუციის ხელშეკრულებები და „სუპერკონკურენტული ფასები“ გამოიყენა, რამაც ანტიკონკურენტული გარემო შექმნა.

ფედერალური პროკურორები Chrome-ის გაყიდვას მოითხოვენ, რადგან მიაჩნიათ, რომ ბრაუზერი საძიებო სისტემების ბაზარზე Google-ის დომინირებას აძლიერებს. სასამართლოს გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, მიმდინარე თვეში გახდება ცნობილი.

Perplexity-მ, რომელმაც ცოტა ხნის წინ 100 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოიზიდა და მისი ღირებულება 18 მილიარდ დოლარამდე გაზარდა, Google-ის აღმასრულებელ დირექტორს, სუნდარ პიჩაის წერილი მისწერა. წერილში კომპანიამ აღნიშნა, რომ Chrome-ის შესყიდვის შეთავაზება „ანტიმონოპოლიური შეზღუდვების აღმოსაფხვრელადაა“ და ბრაუზერი „დამოუკიდებელი ოპერატორის“ ხელში უნდა გადავიდეს.

სხვადასხვა წყაროს ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ Google-ი Chrome-ის გაყიდვას გადაწყვეტს, შესაძლოა, ამ უკანასკნელის ფასმა $50 მილიარდს მიაღწიოს.