საერთაშორისო აღიარება ადგილობრივი წარმატებისათვის

საერთაშორისო აღიარება ადგილობრივი წარმატებისათვის
აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია Moore-ი უკვე 17 წელია, საქართველოში წარმატების ისტორიას ქმნის. SARAS-ის მონაცემებით, Moore-ი 2024 წელს 63%-ით გაიზარდა და ამჟამად საქართველოში მოქმედ აუდიტორულ კომპანიებს შორის მე-8 ადგილს იკავებს, ხოლო შემოსავლების წლიური 63%-იანი ზრდით, მე-2 ადგილზეა საქართველოში. Moore-ის მიერ განვლილი გზისა და სამომავლო გეგმების შესახებ Forbes Georgia კომპანიის პარტნიორებს, მიშა აბაიაძეს, სოფო აბაიაძეს, თეონა აბდუშელიშვილსა და პაატა ჩუბინიძეს ესაუბრა.

Moore Global-მა ახლახან 2025 წლის საერთაშორისო საბუღალტრო ფორუმ Network of the Year-ზე ჯილდო მოიპოვა. რას ნიშნავს ეს გამარჯვება Moore-ისთვის და როგორ აისახება ის თქვენი კომპანიის როლზე როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ კონტექსტში?

მიშა: Moore Global-ის მიერ Network of the Year-ის პრესტიჟული ჯილდოს მოპოვება 2025 წლის საერთაშორისო საბუღალტრო ფორუმზე უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო აღიარებაა, რომელიც ხაზს უსვამს ქსელის სიძლიერეს, პროფესიონალიზმსა და მუდმივ სწრაფვას ინოვაციებისაკენ. საერთაშორისო ორგანიზაცია International Accounting Awards-ი (IAF) საუკეთესო და ყველაზე ინოვაციური აუდიტორული და საბუღალტრო ქსელების დაჯილდოებაა. International Accounting Awards-ის (IAF) მიერ დაჯილდოების ცერემონიალი ყოველწლიურად იმართება. გამარჯვებულები დამოუკიდებელი ჟიურის მიერ შეირჩევიან წინა წლის მიღწევების დეტალური შეფასების საფუძველზე.

2024 წელს Moore Global-მა 13%-იანი ზრდა აჩვენა და ზედიზედ ოთხი წლის განმავლობაში ორნიშნა ზრდა უზრუნველყო. ამასთანავე, 2024 წელს ქსელის წევრი კომპანიების 83%-მა აჩვენა ზრდა, ხოლო მათგან 44%-ის ზრდამ 10%-ს გადააჭარბა.

სოფო: ამ გამარჯვებას ჩვენი კომპანიისთვის ორმაგი მნიშვნელობა აქვს: ერთი მხრივ, იგი გლობალურ დონეზე ჩვენს სანდოობას ადასტურებს, მეორე მხრივ კი აჩვენებს, რომ ვართ ქსელის ნაწილი, რომელიც თავად აყალიბებს ხარისხისა და განვითარების საერთაშორისო სტანდარტებს. ადგილობრივად, ეს საშუალებას გვაძლევს კლიენტებს შევთავაზოთ საერთაშორისო გამოცდილება და მოქნილი გადაწყვეტილებები, რაც კიდევ უფრო აძლიერებს Moore-ის პოზიციას საქართველოში. გლობალურად კი ვხსნით კარს ახალი პროექტებისა და საერთაშორისო თანამშრომლობებისათვის, რაც ნიშნავს მეტ ნდობას, შესაძლებლობებსა და ზრდის პოტენციალს როგორც ჩვენთვის, ისე — ჩვენი კლიენტებისთვის.

SARAS-ის მონაცემებით, Moore-ი საქართველოში 2024 წელს 63%-ით გაიზარდა. რამ განაპირობა ეს სწრაფი ზრდა და როგორ აპირებთ ამ ტემპის შენარჩუნებას მომავალში?

მიშა: დიახ, აღნიშნული მაჩვენებლით, Moore-ი აუდიტორულ კომპანიებს შორის მე-8 ადგილს იკავებს, ხოლო შემოსავლების წლიური 63%-იანი ზრდით, მე-2 ადგილზეა საქართველოში.

ჩვენი ზრდის ძირითადი მამოძრავებელია ხარისხზე ორიენტირებული მიდგომა და გრძელვადიანი, მდგრადი სტრატეგია. ჩვენი მიზანი არასოდეს ყოფილა მხოლოდ მოცულობის ზრდა — თითოეული კლიენტი და პროექტი შერჩეულია სიფრთხილით, რაც საშუალებას გვაძლევს, პროფესიული სტანდარტების მაღალი დონე შევინარჩუნოთ.

სტრატეგია მომავალშიც უცვლელი რჩება: ხარისხი პირველ ადგილზე, კლიენტზე მორგებული გადაწყვეტილებები და პასუხისმგებლობიანი განვითარება. სწორედ ამ მიდგომის გამო გვჯერა, რომ ზრდა მომავალშიც შენარჩუნდება და, შესაძლოა, კიდევ უფრო აჩქარდეს.

თეონა: გარდა ამისა, კომპანიის ზრდის ეს მაჩვენებელი მხოლოდ ფინანსურ მდგრადობას კი არ ასახავს, არამედ იმასაც, რომ ჩვენი მომსახურება რეალურად სჭირდება და სარგებელს აძლევს ბიზნესს. ეს გარემოება გვაძლევს მოტივაციას, გავაგრძელოთ ინოვაციური, სტაბილური და სანდო საქმიანობა.

საქართველოში Moore-ის წარმატების მთავარი საფუძველია საერთაშორისო გამოცდილებაზე წვდომა და მდგრადი განვითარება. კომპანია გლობალურ სტანდარტებს ადგილობრივ მიდგომებთან აერთიანებს და საქართველოში ხარისხის იმ მოდელს ქმნის, რომელიც მხოლოდ ძლიერი საერთაშორისო მხარდაჭერით არის შესაძლებელი.

როგორც აღნიშნავთ, თქვენი მომსახურება „პარტნიორულ მოდელზეა” აგებული. რას გულისხმობს ეს მიდგომა?

სოფო: ჩვენი პარტნიორები უშუალოდ მონაწილეობენ თითოეული პროექტის დაგეგმვასა და მართვაში, რაც პასუხისმგებლობის მაღალ დონესა და ხარისხის გარანტიას ნიშნავს. ვფიქრობთ, დღევანდელ ცვალებად გარემოში არსებული გამოწვევების საპასუხოდ ეს ყველაზე ეფექტიანი მიდგომაა.

„პარტნიორული მოდელი“ ჩვენთვის ნიშნავს მჭიდრო თანამშრომლობას კლიენტთან და მისი წარმატებით რეალურ დაინტერესებას. ჩვენი მთავარი პრინციპია მოვუსმინოთ კლიენტს, გავიგოთ და ინდივიდუალურად მივუდგეთ მის საჭიროებებს. სწორედ ასე ვაშენებთ სანდო, შედეგზე ორიენტირებულ ურთიერთობებს.

მუდმივად ცვალებად გარემოში მაღალი ხარისხის შესანარჩუნებლად სამ ძირითად პრინციპს ვეყრდნობით, ესენია: პროფესიული სტანდარტების მკაცრი დაცვა, გუნდის უწყვეტი განათლება და ტექნოლოგიების ეფექტიანი ინტეგრაცია. ვიყენებთ როგორც Moore Global-ის რესურსებს, ისე ადგილობრივ ექსპერტიზას, რათა კლიენტს ნებისმიერ ვითარებაში შევთავაზოთ მოქნილი, სანდო და ეფექტიანი მომსახურება.

Moore-ი საქართველოში 100 წელზე მეტი ისტორიის მქონე ბრიტანულ ქსელს, Moore Global-ს წარმოადგენს. როგორ არგებთ საერთაშორისო გამოცდილებას ადგილობრივი კლიენტების საჭიროებებს? 

თეონა: Moore Global-ი, რომელიც ლონდონში 110 წლის წინ დაფუძნდა, ამჟამად მოიცავს 116 ქვეყანას. ის აერთიანებს 37,000-ზე მეტ პროფესიონალს და 235-ზე მეტ ოფისს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში. საქართველოს ოფისი Moore Global-ის ქსელს ადგილობრივ ბაზარზე ღირსეულად წარმოადგენს. ჩვენი გუნდი კლიენტებს სთავაზობს იმ პროფესიონალიზმს, სტანდარტებსა და ღირებულებებს, რაც განსაზღვრავს Moore Global-ის წარმატებას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. სწორედ ეს — გლობალურ-ლოკალური მიდგომა უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენი კლიენტები იღებენ არა მხოლოდ ტექნიკურად გამართულ, არამედ რეალურად სასარგებლო და პრაქტიკულად გამოსადეგ მომსახურებას საქართველოში. ჩვენი პრიორიტეტია, მდიდარი საერთაშორისო გამოცდილება კონკრეტული კლიენტის საჭიროებებს მოვარგოთ.

პაატა: Moore-ის მისიას წარმოადგენს კლიენტების გაძლიერება ისე, რომ მათ შეძლონ ბიზნესის მუდმივად ცვალებად გარემოში საკუთარი მიზნების მიღწევა. Moore-ი საქართველოში აქტიურად მუშაობს, როგორც საზოგადოებრივი დაინტერესების პირების (სდპ) აუდიტორი, რაც ხაზს უსვამს ფირმის რეპუტაციას, პროფესიული სტანდარტების დაცვასა და სანდოობას.

სოფო, თქვენ Moore Global-ის საქართველოს ოფისის Moore Social Ambition-ის გლობალური აღმასრულებელი ბორდის წევრი ხართ. რა ტიპის სოციალური პროექტები განხორციელდა აქამდე Moore Social Ambition-ის ინიციატივის ფარგლებში და როგორია სამომავლო გეგმები?

სოფო: Moore-ის Social Ambition-ის პროექტი ჩვენი მასშტაბური საერთაშორისო სოციალური პროექტია, რომელიც რამდენიმე წლის წინ ჩვენი კორპორაციული კულტურიდან დაიბადა. . თავად ერთ-ერთი ინიციატორი გახლდით, დღეს კი უკვე ასობით ელჩია ამ პროექტში ჩართული მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამ პროექტის მიზანი დადებითი ზეგავლენის მოხდენაა სამყაროზე და იმ ადამიანებზე, ვისაც ჩვენს საზოგადოებაში დახმარება სჭირდება. გუნდის ძალისხმევით მრავალ სოციალურ პროექტს ვახორციელებთ, რომელთა მთავარი ჩარჩოც გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებია.

ჩვენი, როგორც Moore Global Network-ის ნაწილის, მისიაა, დავეხმაროთ ადამიანებს განვითარებაში — ვგულისხმობთ კლიენტებს, თანამშრომლებსა და საზოგადოებას, რომლის გვერდითაც ვცხოვრობთ და ვმუშაობთ.

პროექტის სლოგანია: „ჩვენ ყოველთვის ვიქნებით პოზიტიური სოციალური ცვლილების მამოძრავებელი ძალა“. Moore Social Ambition-ის ფარგლებში ხორციელდება მრავალფეროვანი ინიციატივები: მათ შორის, გარემოსდაცვითი თუ სოციალური პროექტები, განათლების ხელშეწყობა და თანასწორობის პრინციპების პოპულარიზაცია. ჩვენ, როგორც კომპანია, სრულად ვაცნობიერებთ ჩვენს სოციალურ პასუხისმგებლობას, და ჩვენი ღირებულებები თანამშრომლებისა და კლიენტების გრძელვადიან განვითარებას გულისხმობს.

სტრატეგია მომავალშიც უცვლელი რჩება: ხარისხი პირველ ადგილზე, კლიენტზე მორგებული გადაწყვეტილებები და პასუხისმგებლიანი განვითარება. სწორედ ამ მიდგომის გამო გვჯერა, რომ ზრდა მომავალშიც შენარჩუნდება და, შესაძლოა, კიდევ უფრო აჩქარდეს.

Moore-ი საქართველოში აქტიურად ავითარებს ახალ სერვისებს, მათ შორის CFO აუტსორსინგს, ტრანსფერპრაისინგს, ESG-ს (გარემო, სოციალური და მმართველობითი სტანდარტები) და შიდა აუდიტის სერვისს. რატომ მიიჩნევთ ამ მიმართულებებს სტრატეგიულად და როგორ ეხმიანება ეს ცვლილება ქართულ ბაზარზე კლიენტების საჭიროებებს?

თეონა: ჩვენ მუდმივად ვითვალისწინებთ ჩვენი კლიენტების საჭიროებებს და სწრაფად ვრეაგირებთ ბაზრის ცვლილებებზე, შესაბამისად, მუდმივად ვაფართოებთ ჩვენს მომსახურებებს. ახალი მომსახურებები Moore-სთვის მხოლოდ სერვისების დამატება კი არა, სტრატეგიული ნაბიჯია ბაზრის თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისობისკენ.

CFO აუტსორსინგის სერვისი, რომელიც წარმატებულ კომპანია SavvYთან კოლაბორაციით შევქმენით, პირდაპირი პასუხია საქართველოში კვალიფიციურ ფინანსურ მენეჯმენტთან დაკავშირებულ მოთხოვნაზე. მცირე და საშუალო ზომის კომპანიებისთვის რთულია მაღალი დონის ანალიტიკის, ბიუჯეტირებისა და რისკების მართვის უზრუნველყოფა. CFO აუტსორსინგი ამ ორგანიზაციებს მინიმალური დანახარჯით აძლევს წვდომას კვალიფიციურ ექსპერტიზაზე, ზრდის ეფექტიანობას და აძლიერებს ფინანსურ მართვას.

განსაკუთრებით სტრატეგიული მიმართულებაა ტრანსფერპრაისინგი — ანუ საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების ფასების განსაზღვრა, რომელიც ბიზნესის გამჭვირვალობის გლობალური სტანდარტია. ამ ჭრილში Moore-ის გუნდი აერთიანებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ექსპერტიზას, რაც უზრუნველყოფს საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ მაღალი დონის მომსახურებას.

სოფო: ESG სულ უფრო ხშირად ექცევა ინვესტორების, მარეგულირებლებისა და პარტნიორების ფოკუსში. გლობალური მიწოდების ჯაჭვებსა და კაპიტალის ბაზრებში ინტეგრაციის პროცესის ფონზე საქართველოში მოქმედი კომპანიებისთვის ESG-ის რეპორტინგის დანერგვა განსაკუთრებით აქტუალურია. ESG-ის სერვისები მათ ეხმარება, პასუხისმგებლობით მართონ გარემოზე ზემოქმედება, გააუმჯობესონ გამჭვირვალობა და გაზარდონ გრძელვადიანი ღირებულება.

პაატა: გაძლიერებული მოთხოვნაა შიდა აუდიტის სერვისებზეც — განსაკუთრებით კორპორაციული გამჭვირვალობისა და რეგულაციების ზრდის პირობებში. ჩვენი შიდა აუდიტის მომსახურება მიმართულია არა მხოლოდ სტანდარტებთან შესაბამისობისკენ, არამედ რეალური ღირებულების შექმნისკენ — ორგანიზაციული რისკების იდენტიფიკაციის, პროცესების გაუმჯობესებისა და მართვაზე მორგებული რეკომენდაციების გზით.

Moore-ის შიდა აუდიტის სერვისები მიმართულია არა მხოლოდ სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფაზე, არამედ რეალური ღირებულების შექმნაზე — რისკების ეფექტიანად მართვის, პროცესების გაუმჯობესებისა და მენეჯმენტისთვის მნიშვნელოვან რეკომენდაციებზე დაყრდნობით. ამ მიმართულებების განვითარება პასუხობს ბაზრის ტრანსფორმაციას, ზრდის კლიენტთა ნდობას და ადასტურებს, რომ ჩვენი კლიენტებისათვის Moore-ი სანდო, სტაბილური და ინოვაციური პარტნიორია.

Moore-ი ACCA-ს მიერაა აკრედიტებული და გამოირჩევა თანამშრომელთა განვითარებაზე ზრუნვით. რა გეხმარებათ ტალანტების შენარჩუნებაში და როგორია თქვენი კორპორაციული კულტურა?

პაატა: Moore-ი საქართველოში უკვე რამდენიმე წელია, ფლობს ACCA-ის (სერტიფიცირებულ ნაფიც ბუღალტერთა ასოციაციის) აკრედიტებული დამსაქმებლის ოქროს სტატუსს და ACCA სტუდენტებისა და წევრების მხარდამჭერი ექსკლუზიური ჯგუფის წევრია. ეს მხოლოდ აღიარება არაა… ეს ჩვენთვის დიდი სტიმულია, მუდმივად ჩავდოთ ინვესტიცია ჩვენს თანამშრომლებში და დავეხმაროთ მათ დღევანდელ ცვალებად სამყაროში მიზნების მიღწევასა და უწყვეტ პროფესიულ განვითარებაში. 

ჩვენ გვჯერა, რომ ადამიანური კაპიტალის განვითარება კომპანიების გრძელვადიანი წარმატების საფუძველია. სწორედ ამიტომ Moore-ში განათლება, პროფესიული კურსები, მენტორობა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობები კორპორაციული კულტურის განუყოფელი ნაწილია.

სოფო, როგორც უკვე ვახსენეთ, თქვენ აქტიურად ხართ ჩართული განათლების, გარემოს დაცვისა და საზოგადოების მხარდაჭერის მიმართულებებში. როგორ ხედავთ Moore-ის როლს საქართველოს ბიზნესგარემოს ეთიკურ განვითარებაში?

სოფო: ჩვენ ყოველთვის ვიცოდით, რომ Moore-ში რაღაც განსაკუთრებულს ვაშენებთ. ჩვენთვის სოციალური პასუხისმგებლობა მხოლოდ ვალდებულება კი არა, ღირებულებაა, რომელიც საზოგადოების განვითარების საფუძველს ქმნის. ჩვენი მიზანია, ყოველთვის ვიყოთ პოზიტიური ძალა სოციალური ცვლილებისთვის.

ჩვენთვის ბიზნესი გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ პროფესიული მომსახურების გაწევა. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ კომპანიებს აკისრიათ პასუხისმგებლობა საზოგადოების, გარემოსა და მომავალი თაობების წინაშე. სწორედ ამ მიდგომაზეა დაფუძნებული ჩვენი სოციალური ინიციატივა Social Ambition-ი, რომელიც აერთიანებს პროექტებს განათლების მხარდაჭერის, მდგრადი განვითარების, გარემოს დაცვისა და თანადგომის სფეროებში.

გარემოს დაცვის კუთხით ვმონაწილეობთ ეკო-ინიციატივებში და ESG-ის სერვისების შეთავაზებით კლიენტებსაც ვეხმარებით საკუთარი საქმიანობის გარემოსდაცვითი და სოციალური ასპექტების გაანალიზება-გაუმჯობესებაში.

ასევე, ვმონაწილეობთ საზოგადოებრივი მხარდაჭერის პროექტებში — იქნება ეს ადგილობრივი თემების გაძლიერება, ფონდების მხარდაჭერა თუ სოლიდარობის კამპანიებში ჩართულობა. Moore-ის გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფასეულობაა თანაგრძნობა და აქტიური ჩართულობა სოციუმში, სადაც ვმუშაობთ და ვცხოვრობთ.

ჩვენ გვჯერა, რომ ეთიკური და მდგრადი განვითარება არა მხოლოდ სწორია, არამედ აუცილებელია ბიზნესისთვის. ამ ღირებულებებზე დაფუძნებული მიდგომით Moore-ი ისწრაფვის, წვლილი შეიტანოს საქართველოში პროგრესული და გამჭვირვალე ბიზნესეკოსისტემის შექმნაში.

ბოლო წლებში Moore-ის ხელმძღვანელი გუნდი საქართველოში გაფართოვდა და გაძლიერდა. მოგვიყევით, როგორია მმართველი გუნდის სტრუქტურა და ხედვა კომპანიის განვითარებასთან დაკავშირებით?

მიშა: ბოლო წლების განმავლობაში Moore-ის ხელმძღვანელი გუნდი ეტაპობრივად გაფართოვდა და გაძლიერდა, რაც კომპანიის სტრატეგიული განვითარების ბუნებრივი ნაწილია. პარტნიორის როლი ჩვენთვის მხოლოდ სტატუსი არ არის: ეს არის ლიდერობა, პასუხისმგებლობა და მუდმივი კომუნიკაცია როგორც კლიენტებთან, ისე — გუნდის წევრებთან.

Moore-ში ჩვენ ვქმნით გზას პროფესიული წინსვლისთვის. ჩვენი ხედვა ლიდერობასთან დაკავშირებით ეფუძნება თანამშრომლობის კულტურას, ინოვაციურობასა და პროფესიული განვითარების უწყვეტ პროცესს. საქართველოში Moore-ის განვითარება ბოლო ათწლეულის განმავლობაში ნათლად აჩვენებს, რომ პარტნიორების აქტიური მონაწილეობა სტრატეგიულ დაგეგმვაში, ახალი სერვისების განვითარებასა და ბაზრის მოთხოვნებზე რეაგირებაში ნამდვილად შედეგიანია.

მე და სოფო აბაიაძე კომპანიის განვითარებაში პირველივე წლებიდან ვიყავით ჩართული. ჩვენი ხედვა ეფუძნება მომსახურების ხარისხზე ორიენტაციას, რაც ჩვენი საქმიანობის მთავარი დასაყრდენია.

კომპანიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს შეფასება, რომელსაც მამუკა დანელია ხელმძღვანელობს. მამუკას მრავალწლიანი უნიკალური გამოცდილება აქვს ბიზნესების, უძრავი და მოძრავი ქონების შეფასების სფეროებში.

თეონა აბდუშელიშვილი 2019 წელს შემოუერთდა კომპანიას და ხელმძღვანელობს აუტსორსინგის დეპარტამენტს, რომელიც აერთიანებს საბუღალტრო და რეპორტინგის მიმართულებებს.

2023 წელს აუდიტის მიმართულების პარტნიორად შემოგვიერთდა პაატა ჩუბინიძე — პროფესიონალი, რომელსაც 15 წელზე მეტი გამოცდილება აქვს აუდიტის სფეროში სხვადასხვა სექტორის მიმართულებით საერთაშორისო კომპანიებში.

ჩვენი გამოცდილი გუნდი გვაძლევს საშუალებას, Moore-ი მუდმივად ინოვაციაზე ორიენტირებულ და ბაზარზე მორგებულ ორგანიზაციად ვაქციოთ.

როგორია თქვენი ხედვა მომდევნო 3-5 წლის ჭრილში – როგორც ქართულ, ისე გლობალურ ბაზარზე?

მიშა: კომპანიის მიზანია, რეპუტაციული ქსელი ღირსეულად წარმოადგინოს საქართველოში და იყოს ტოპ-10-ეულის წევრი კომპანია. მომდევნო 3-5 წლის განმავლობაში ვაპირებთ, კიდევ უფრო გავაძლიეროთ პოზიციები როგორც ადგილობრივად, ისე — გლობალური ქსელის ფარგლებში. ამ მიზნის მისაღწევად ვფოკუსირდებით სამ მთავარ სტრატეგიულ მიმართულებაზე: ტექნოლოგიების განვითარებაზე, სერვისების დივერსიფიკაციასა და რეგიონული გაფართოების გაძლიერებაზე.

Moore-ის გუნდი მომხმარებელს სთავაზობს სრულფასოვან პროფესიულ მომსახურებას, რაც მოიცავს აუდიტს, შეფასებას, ბუღალტერიასა და საგადასახადო და სხვა საკონსულტაციო სერვისებს. დღეს Moore-ის ქართული წარმომადგენლობა 500-ზე მეტ კომპანიას ემსახურება სხვადასხვა სექტორსა დ აინდუსტრიაში.

ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის განუყოფელი ნაწილი ხდება. ვგეგმავთ აუდიტისა და ფინანსური ანგარიშგების პროცესების კიდევ უფრო მეტად ავტომატიზაციას, მონაცემთა ანალიტიკის სისტემების დანერგვასა და ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ინსტრუმენტების გამოყენებას ხარისხის ამაღლებისა და ეფექტიანობის გასაზრდელად. ეს საშუალებას მოგვცემს, კლიენტებს მივაწოდოთ კიდევ უფრო სწრაფი, ზუსტი და ღრმა ანალიტიკაზე დაფუძნებული მომსახურება.

გარდა ამისა, აქტიურად ვმუშაობთ სერვისების გაფართოებასა და გაუმჯობესებაზე — განსაკუთრებით ისეთ ახალ მიმართულებებზე, როგორებიცაა ESG-სთან დაკავშირებული კონსულტაციები, CFO აუტსორსინგი, შიდა აუდიტი და ტრანსფერპრაისინგი. მიგვაჩნია, რომ ამ სერვისებზე მოთხოვნა საქართველოში მზარდია და ჩვენი მიზანია, ერთ-ერთი პირველი არჩევანი ვიყოთ პასუხისმგებლობიან ზრდაზე ორიენტირებული კომპანიებისათვის..

ვფიქრობთ, Moore-ის გლობალურ ქსელში ჩართულობა და ჩვენს ქვეყანაში დაგროვილი გამოცდილება საშუალებას მოგვცემს, რეგიონული მასშტაბითაც კიდევ უფრო გავძლიერდეთ. რომ შევაჯამოთ, Moore-ისთვის მომდევნო წლები პროგრესისა და ინოვაციების, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისა და საქართველოს ბიზნესლანდშაფტში სტანდარტების ამაღლების პერიოდი იქნება. ცხადია, მიზანმიმართულად, სტრატეგიულად და ჩვენი კლიენტების ინტერესებზე ორიენტირებით.

ჩვენი ხედვა მხოლოდ ბიზნესით არ შემოიფარგლება. გვჯერა, რომ პროფესიული სტანდარტების, ეთიკისა და განათლების მხარდაჭერის გზით შეგვიძლია რეალური წვლილი შევიტანოთ ქვეყნის ეკონომიკურ და საზოგადოებრივ განვითარებაში.