ევროკავშირი დაახლოებით ექვსი რუსული ბანკისა და ენერგეტიკული კომპანიისთვის ახალი სანქციების დაწესებას განიხილავს. EU-ს სანქციების უახლესი რაუნდი უკრაინის ომის დასრულების მიზნით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე ზეწოლის გასაძლიერებლად იქნება მიმართული.
როგორც Bloomberg-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, სანქციების უახლესი რაუნდი შესაძლოა რუსეთის გადახდისა და საკრედიტო ბარათების სისტემებსა და კრიპტოვალუტის ბირჟებსაც შეეხოს. იმავე წყაროს ინფორმაციით, სანქციები ახალი ნავთობით ვაჭრობაზე შეზღუდვის გაძლიერებასაც ითვალისწინებს. ცნობისთვის, სანქციების უახლესი პაკეტი 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ევროკავშირისთვის რიგით მე-19 იქნება.
Bloomberg-ის წყაროების განცხადებით, ევროპული მხარე იმედოვნებს, რომ სანქციების უახლეს რაუნდს კოორდინაციას აშშ-ის ხელისუფლებასთან ერთად გაუწევს. ევროკავშირის ოფიციალური პირების დელეგაცია ამ კვირაში ვაშინგტონშიც გაემგზავრება, სადაც ამერიკელ კოლეგებთან ერთად ერთობლივი მოქმედების პოტენციალს განიხილავს.
რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებასა და ევროპის ჩართულობაზე NBC-თან ინტერვიუში ისაუბრა აშშ-ის ხაზინადრმა, სკოტ ბესენტმა. ბესენტის შეფასებით, უფრო მკაცრი სანქციები, მათ შორის რუსული ნავთობის შემსყიდველ სუბიექტებისთვის, სავარაუდოდ, რუსეთის ეკონომიკას დააზიანებს, ხოლო პრეზიდენტ პუტინს მოლაპარაკებების მაგიდასთან დააბრუნებს. აშშ-ის ხაზინადრის თქმით, შტატები მზადაა რუსეთზე ზეწოლის გასაძლიერებლად, თუმცა ამაში ევროპელი პარტნიორობის ჩართულობაც მნიშვნელოვანია.
თავად აშშ-ის პრეზიდენტი ამ ეტაპზე რუსეთის წინააღმდეგ პირდაპირი სანქციების დაწესებისგან თავს იკავებს. თუმცა გასულ თვეში ტრამპმა ინდოეთიდან იმპორტირებულ საქონელზე ტარიფები 50%-მდე გაზარდა. მიზეზად ინდოეთის მიერ რუსული ნავთობის შესყიდვები დასახელდა.