ინვესტორები აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის მორიგ გადაწყვეტილებას ელოდებიან, რისი გავლენითაც ოქროს ფასმა ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.
დღეს, სავაჭრო სესიის დასაწყისში, ოქროს ღირებულებამ უნციაზე 3,699.37 აშშ დოლარს მიაღწია, რაც ისტორიული მაქსიმუმია. აღსანიშნავია, რომ Fed-ის მიერ საპროცენტო განაკვეთის შემცირების მოლოდინით ძვირფასი ლითონის ფასმა ბოლო პერიოდში რეკორდული მაჩვენებელი არაერთხელ დააფიქსირა. ინვესტორები ელიან, რომ ფედერალური რეზერვი განაკვეთს 25 საბაზისო პუნქტით შეამცირებს.
ორშაბათს, სოციალურ ქსელში, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარე ჯერომ პაუელს განაკვეთის „უფრო დიდი“ შემცირებისკენ მოუწოდა. ამასობაში კი, აშშ-ის სენატმა ცენტრალური ბანკის მმართველთა საბჭოში სტივენ მირანის კანდიდატურა მცირე უპირატესობით დაამტკიცა.
როდესაც საპროცენტო განაკვეთები დაბალია და ეკონომიკური გაურკვევლობა მაღალი, უსაფრთხოების მაძიებელი ინვესტორებისთვის ოქრო ყველაზე მიმზიდველ აქტივად იქცევა. ძვირფასი ლითონის ახალ რეკორდულ ნიშნულამდე გაძვირებაც სწორედ ამასთან არის დაკავშირებული.
რაც შეეხება სხვა ძვირფას ლითონებს, ვერცხლის ფასი 0.2%-ით გაიზარდა და უნციაზე 42.81 აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2011 წლის სექტემბრის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. პლატინის ფასი 0.6%-ით გაიზარდა და 1,407.70 აშშ დოლარს მიაღწია, ხოლო პალადიუმის ფასი 1.6%-ით, 1,203.19 აშშ დოლარამდე გაიზარდა.