ისრაელმა რაკეტსაწინააღმდეგო ლაზერის სისტემა „რკინის სხივზე“ მუშაობა დაასრულა

ისრაელმა რაკეტსაწინააღმდეგო ლაზერის სისტემა „რკინის სხივზე“ მუშაობა დაასრულა

ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რაკეტსაწინააღმდეგო ლაზერის სისტემის „რკინის სხივის“ ტესტირების ეტაპი წარმატებით დასრულდა და წლის ბოლოსთვის შეიარაღება სამხედრო-საოპერაციო გამოყენებისათვის მზად იქნება.

„რკინის სხივი“ ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემაში ახალი ელემენტია, რომელიც ისრაელურმა სამხედრო-სამრეწველო კომპანიებმა, Elbit Systems-მა და Rafael Advanced Defense Systems-მა შეიმუშავეს. ლაზერული სისტემა ისრაელის საჰაერო თავდაცვის სხვა კომპონენტებთან, „რკინის გუმბათთან“, „დავითის შურდულთან“ და Arrow-ტიპის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებთან ერთად იმოქმედებს. მისი მთავარი დანიშნულება ზემოთ აღნიშნულ საჰაერო თავდაცვის სისტემებთან ერთად ღაზის სექტორიდან „ჰამასის“, სამხრეთ ლიბანიდან „ჰეზბოლასა“ და იემენიდან „ჰუსიტების“ მიერ ისრაელის მიმართულებით გასროლილი ათასობით რაკეტის განეიტრალება იქნება.

„რკინის სხივის“ მთავარი უპირატესობა მაღალტექნოლოგიურ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებთან შედარებით, მისი დაბალი დანახარჯია. შედარებისათვის, მსგავსი საჰაერო თავდაცვის სისტემების ერთი ერთეული რაკეტის ღირებულება $50,000-დან იწყება და მილიონ დოლარს აჭარბებს. სანაცვლოდ, ლაზერის სისტემის ღირებულება ბევრად დაბალია. ამჟამად არსებული ლაზერული სისტემები ძირითადად მცირე ზომის საჰაერო სამიზნეების გასანეიტრალებლად გამოიყენება. ისრაელის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით კი, მას შემდეგ, რაც „რკინის სხივის“ ეფექტიანობა დადასტურდა, ისრაელი შორ მანძილზე მოქმედი ლაზერული სისტემის გამოყენებით საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების მნიშვნელოვნად ზრდას მოელის.

იარაღის შექმნა, მისი ტექნოლოგიურად დახვეწა და საოპერაციო შესაძლებლობების შემოწმება რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ისრაელის თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, ბოლო კვირების განმავლობაში „რკინის სხივი“ სამხრეთ ისრაელში სრულ საოპერაციო ტესტირებას გადიოდა, რომლის ფარგლებშიც ისეთი საჰაერო სამიზნეები გაანადგურა, როგორებიცაა რაკეტები, ჭურვები, საფრენი აპარატები და დრონები.

სისტემების ინტეგრირება საჰაერო თავდაცვის სხვა დანადგარებთან მიმდინარე წლის ბოლოსთვის იგეგმება. შეგახსენებთ, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები ახლო მანძილზე მოქმედ, შედარებით სუსტ ლაზერულ სისტემებს აქამდეც იყენებდნენ. „რკინის სხივი“ კი უფრო მძლავრი სახმელეთო დანადგარია, რომელიც დიდი ზომის საჰაერო სამიზნეების შორ მანძილზე გასანადგურებლად შეიქმნა.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.