ისრაელი და „ჰამასი“ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაფორმებას დათანხმდნენ

ისრაელი და „ჰამასი“ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაფორმებას დათანხმდნენ

დონალდ ტრამპის მიერ შეთავაზებული გეგმის პირველ ფაზაზე დათანხმების შემდეგ თელ-ავივსა და ღაზაში ადამიანები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაფორმებას აღნიშნავენ. „ჰამასის“ მიერ ისრაელზე თავდასხმიდან ორი წლის თავზე მხარეებს შორის მოლაპარაკებებმა ეგვიპტეში შედეგი გამოიღო. პირველ ფაზაზე თანხმობამ გზა ტრამპის 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის სრულად განხორციელებას უნდა გაუხსნას.

შეთანხმების პირველი ფაზის თანახმად „ჰამასმა“ დარჩენილი მძევლები უნდა გაათავისუფლოს, რის სანაცვლოდაც ისრაელი პატიმრობაში მყოფ ტერორისტული ორგანიზაციის წევრებსა და მხარდამჭერებს გაათავისუფლებს. პირველი ფაზის გეგმის მიხედვით დასრულების შემთხვევაში ეს იქნება კონფლიქტის მოგვარების ყველაზე წარმატებული მცდელობა, რომელიც რეგიონულ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, „ჰამასმა“ მძევლები მომდევნო კვირის ორშაბათისთვის უნდა გაათავისუფლოს. ამ სიახლეს აღნიშნავენ როგორც მძევლების ოჯახის წევრები თელ-ავივში, ისე ღაზის სექტორში მყოფი პალესტინელები, რომელთაც ომის დასრულების იმედი გაუჩნდათ.

ცნობისათვის, დონალდ ტრამპის მიერ შემოთავაზებული 20-პუნქტიანი გეგმა მძევლების გათავისუფლების შემდეგ მშვიდობის დამყარების პროცესის ხელშეწყობას სხვადასხვა ქმედებით ითვალისწინებს. გეგმის თანახმად, ღაზის სექტორის ადმინისტრირება საერთაშორისო კონსულტანტთა ჯგუფის, დონალდ ტრამპისა და ბრიტანეთის ყოფილი პრემიერის ტონი ბლერის ხელძღვანელობით მოხდება. გარდა ამისა, ღაზაში განხორციელდება დიდი მოცულობით ინვესტიციები და შეიქმნება სამუშაო ადგილები.

არაბული ქვეყნები, რომელთაც შეთანხმების მიღწევაში დიდი წვლილი შეიტანეს, მოითხოვენ, რომ გეგმის განვითარებამ დამოუკიდებელი პალესტინური სახელმწიფოს შექმნას ჩაუყაროს საფუძველი. თუმცა, მოგეხსენებათ, ამ იდეას ისრაელი კატეგორიულად ეწინააღმდეგება. შესაბამისად, მოვლენათა განვითარების პერსპექტივა დროსა და გარემოებებზეა დამოკიდებული.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.