აშშ-ის პროკურატურამ ფედერალური მთავრობის კონტრაქტორი კომპანიის ყოფილ აღმასრულებელს რუსი მყიდველისთვის საიდუმლო ინფორმაციის $1.3 მილიონის სანაცვლოდ გადაცემისათვის ბრალი წაუყენა. აღნიშნული კონტრაქტორი კომპანია აშშ-ის ფედერალურ მთავრობას კიბერინტელექტის ინსტრუმენტებს აწვდის.
აშშ-ის ვაშინგტონის საოლქო სასამართლოს მიერ 14 ოქტომბრით დათარიღებულ ბრალში პროკურორი აღნიშნავს, რომ პიტერ უილიამსმა რვა სავაჭრო საიდუმლოება ორი უცნობი კომპანიისაგან 2022-2025 წლებში მოიპარა მისი შემდგომი გაყიდვის მიზნით. აღნიშნული მყიდველი კი რუსეთში მყოფი პირი გახლდათ.
წარდგენილ ბრალში დაკონკრეტებული არ არის, თუ რომელი კომპანიისათვის მუშაობდა პიტერ უილიამსი ან რომელი კომპანიებიდან მოიპარა საიდუმლო ინფორმაცია. თუმცა მისი სახელი ბრიტანულ ბიზნესბაზაში გვხვდება, სადაც ის L3Harris Trenchant-ის გენერალურ მენეჯერად არის მოხსენიებული. ის აღნიშნულ თანამდებობას 2024 წლის ოქტომბრიდან, მიმდინარე წლის 21 აგვისტომდე, გადადგომამდე იკავებდა.
L3Harris Trenchant-ი აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ოპერაციებისათვის კიბერინსტრუმენტებს ქმნის. კომპანიის განცხადებით, ის აშშ-ის მთავრობის არაერთ კონტრაქტს ფლობს. აღნიშნული კომპანია სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის, L3Harris-ის შვილობილი ფირმაა, რომელსაც გავრცელებულ ინოფრმაციაზე განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
სასამართლოს დოკუმენტების თანახმად, ფედერალური პროკურორები აცხადებენ, რომ პიტერ უილიამსმა საიდუმლო ინფორმაციის გაყიდვით $1.3 მილიონის შემოსავალი მიიღო. შესაბამისად, პროკურატურა აღნიშნული პირის საცხოვრებელი სახლის, ძვირფასი ნივთების, მათ შორის საათებისა და სამკაულების კონფისკაციას ითხოვს.
ბრიტანულ ბიზნესბაზაში პიტერ უილიამსი ავსტრალიის მოქალაქედ არის აღრიცხული, სასამართლოს დოკუმენტები კი მას აშშ-ის რეზიდენტად მოიხსენიებს. ბრალის წაყენებისა და საპროცესო შეთანხმების სხდომა 29 ოქტომბერსაა ჩანიშნული.
















