OpenAI-მა „ქლაუდ“-სერვისების შესყიდვაზე Amazon-თან $38-მილიარდიანი გარიგება გააფორმა

OpenAI-მა „ქლაუდ“-სერვისების შესყიდვაზე Amazon-თან $38-მილიარდიანი გარიგება გააფორმა

გასული კვირის რესტრუქტურიზაციის შემდეგ, რამაც OpenAI-ის ფინანსური თავისუფლება მისცა, ამერიკულმა კომპანიამ საცალო ვაჭრობის გიგანტ Amazon-თან „ქლაუდ“-სერვისების შესყიდვაზე 7-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. გარიგება, რომლის ღირებულებაც $38 მილიარდია, OpenAI-ს Nvidia-ს ასიათასობით გრაფიკულ პროცესორზე წვდომას მისცემს. OpenAI კი, მათ AI-მოდელების გადამზადებისა და გაშვებისთვის გამოიყენებს.

შეთანხმების პირობებით, OpenAI დაუყოვნებლივ დაიწყებს Amazon Web Services-ის გამოყენებას. გარიგებაში მონაწილე მხარეების განცხადებით, Amazon-ი ChatGPT-ის მუშაობის გაუმჯობესებისა და OpenAI-ის სხვა მოდელების გადამზადებისთვის განკუთვნილ მონაცემთა კლასტერებში ასიათასობით ჩიპის ინტეგრირებას გეგმავს – მათ შორისაა Nvidia-ს GB200 და GB300 ჩიპები.

OpenAI-ის აღმასრულებელი დირექტორის, სემ ოლტმენის გეგმებით, კომპანიის გამოთვლითი სიმძლავრე ყოველ კვირას დაახლოებით 1 გიგავატით უნდა გაიზარდოს. თუმცა ოლტმენის მიზანი რეალურად ასტრონომიულ თანხებთანაცაა დაკავშირებული, რადგან თითოეული გიგავატი ამჟამად 40 მილიარდ აშშ დოლარზე მეტის კაპიტალურ ხარჯს მოითხოვს.

„ქლაუდ“-სერვისებზე შეთანხმების გაფორმების შემდეგ, ორშაბათის მდგომარეობით, Amazon-ის აქციების ღირებულება 4%-ითაა გაზრდილი. შედეგად, ბეზოსის სიმდიდრე, რომელიც კომპანიის 8%-იანი წილის მფლობელია, $9.8 მილიარდით, $264.1 მილიარდამდე გაიზარდა.