სამხრეთ კორეის ეროვნული სადაზვერვო სამსახურის (NIS) ინფორმაციით, ჩრდილოეთი კორეა კიმ ჩენ ინსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის პოტენციური სამიტისთვის ემზადება. ეს მას შემდეგ, რაც აზიაში ვიზიტისას, ტრამპმა კიმის სურვილის შემთხვევაში, ჩრდ. კორეის პრეზიდენტთან შეხვედრისთვის მზადყოფნა გამოთქვა და განაცხადა, რომ მათ წარსულში „არაჩვეულებრივი ურთიერთობა“ ჰქონდათ.
აშშ-ისა და ჩრდილოეთ კორეის პრეზიდენტები ბოლოს ერთმანეთს 2019 წელს, დონალდ ტრამპის პირველი ვადით პრეზიდენტობის პერიოდში შეხვდნენ. ვაშინგტონი ტრადიციულად ფხენიანისგან ბირთვული იარაღის პროგრამის შეჩერებას ითხოვს. თავის მხრივ, ჩრდ. კორეა სეულსა და ვაშინგტონს მოუწოდებს, დენუკლეარიზაცია მოლაპარაკებებისთვის საჭირო წინაპირობებიდან ამოიღონ.
სეულის ცნობით, ოფიციალურმა ფხენიანმა ჩრდილოეთ კორეასთან დიპლომატიურ ურთიერთობებში ჩართული ამერიკელი ოფიციალური პირების შესახებ ინფორმაცია უკვე მოიპოვა. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჩოე სონ ჰუიმ კი, ტრამპის განცხადების შემდეგ, რუსეთში დაგეგმილი ვიზიტი გადაავადა.
სამხრეთ კორეის ეროვნული სადაზვერვო სამსახურის შეფასებით, ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის სამიტის გამართვის ალბათობა მაღალია. განსაკუთრებით კი ბოლო პერიოდში ფხენიანსა და მოსკოვს შორის მჭიდრო ურთიერთობებისა და ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების მიერ უკრაინის ომში რუსეთის მხარდასაჭერად თავისი სამხედროების გაგზავნის გათვალისწინებით. NIS-ის მტკიცებით, რუსეთი ფხენიანის ბირთვული პროგრამის განვითარებაშიც აქტიურადაა ჩართული.
სამხრეთ კორეის ინფორმაციითვე, ომში მოსკოვის დასახმარებლად დაახლოებით 10,000 ჩრდილოკორეელი ჯარისკაცია წარგზავნილი, რომლებიც უკრაინის საზღვართან არიან განლაგებულნი. დაახლოებით 1,000 ჯარისკაცი კი ნაღმების გატანის ოპერაციებში მონაწილეობს.














