მსოფლიოს ხუთმა უმდიდრესმა ადამიანმა ერთ დღეში ჯამში დაახლოებით 46 მილიარდი დოლარი დაკარგა. ამის მიზეზი კი ბაზრის ფართომასშტაბიანი ვარდნა გახდა, რომელსაც AI-სექტორის კომპანიების აქციების მასშტაბურმა გაყიდვებმა შეუწყო. ვარდნაზე ასევე იმოქმედა Disney-ის შერეულმა კვარტალურმა შედეგებმა და ეკონომიკურმა გაურკვევლობამ, რომელიც აშშ-ის ისტორიაში მთავრობის ყველაზე ხანგრძლივი „შათდაუნის“ დასრულებას მოჰყვა.
გუშინ, ტექნოლოგიური კომპანიებით დატვირთული Nasdaq-ის ინდექსი 2.5%-ით დაეცა; Dow Jones Industrial Average-ი – 1.35%-ით, ხოლო S&P 500 – 1.6%-ით. ამ პროცესებმა კი ყველაზე დიდი გავლენა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ქონებაზე მოახდინა. ამერიკული Forbes-ის შეფასებით, Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის ქონება 17.1 მილიარდი დოლარით შემცირდა, Oracle-ის დამფუძნებელ ლარი ელისონის კი – 12.5 მილიარდით.
მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადეს სხვა მილიარდერებსაც. Forbes-ის რეალურ დროში განახლებადი სიის მიხედვით, რეიტინგში შემავალმა პირველმა ცხრა ადამიანმა ერთად 58.6 მილიარდი დოლარი დაკარგა.
მკვეთრი ვარდნა შეეხო The Walt Disney Company-საც. კომპანიამ შემოსავლებით ანალიტიკოსთა მოლოდინები ვერ გაამართლა, მიუხედავად იმისა, რომ მოგების კუთხით პროგნოზებს გადააჭარბა. შედეგად, გუშინ Disney-ის აქციების ფასი თითქმის 8%-ით დაეცა. 6%-ზე მეტით გაუფასრუდა Shopify-ის, Tesla-სა და Palantir Technologies-ის აქციებიც.
ტოპ-10-ში შემავალ მილიარდერებს შორის გამონაკლისი იყო უორენ ბაფეტი. Berkshire Hathaway-ის 95 წლის CEO-ს ქონება გუშინ 2.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა და $150 მილიარდს კვლავ გადააჭარბა.








