Blue Origin-ის რაკეტამ მარსის თანამგზავრები ორბიტაზე აიტანა – ამაჩქარებელი დედამიწაზე წარმატებით დაბრუნდა

Blue Origin-ის რაკეტამ მარსის თანამგზავრები ორბიტაზე აიტანა – ამაჩქარებელი დედამიწაზე წარმატებით დაბრუნდა

მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის, ჯეფ ბეზოსის კომპანია Blue Origin-ის გიგანტური რაკეტის, New Glenn-ის კომერციული დებიუტი წარმატებული აღმოჩნდა. რაკეტამ მარსის თანამგზავრები დედამიწის ორბიტაზე აიტანა, რის შემდეგაც მისი მრავალჯერადი გამოყენების ამაჩქარებელი უკან უსაფრთხოდ დაბრუნდა.

აპარატი NASA-ს მარსის მისია ESCAPADE-ის ფარგლებში ფლორიდაში მდებარე კანავერალის კონცხზე განლაგებული კოსმოსური ბაზიდან თბილისის დროით 00:55 საათზე აფრინდა. New Glenn-მა კომპანია Rocket Lab-ის მიერ შექმნილი ტყუპი ზონდები, სახელწოდებით „Blue“ და „Gold“, ორბიტაზე განალაგა. აფრენიდან დაახლოებით 10 წუთის შემდეგ, რაკეტის ამაჩქარებელი ატლანტის ოკეანეში განლაგებულ სპეციალურ პლატფორმაზე წარმატებით დაეშვა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის იანვარში დებიუტის დროს Blue Origin-მა New Glenn-ის ამაჩქარებლის დედამიწაზე უსაფრთხოდ დაბრუნება ვერ შეძლო.

როგორც NASA-ს ვებგვერდზე ვკითხულობთ, მარსის ხელოვნური თანამგზავრები დაგვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ გაანადგურა მზიდან წამოსული ნაწილაკების დაუსრულებელმა, საათში მილიონი მილის სიჩქარის ნაკადმა („მზის ქარი“) წითელი პლანეტის ატმოსფეროს დიდი ნაწილი. მეცნიერების განცხადებით, სწორედ ამ მოვლენამ გამოიწვია მარსის გაგრილება და მისი ზედაპირიდან წყლის აორთქლება. NASA-ს ინფორმაციით, ხელოვნური თანამგზავრების წყვილი დანიშნულების ადგილს 10 თვის შემდეგ მიაღწევს.

„ვულოცავ Blue Origin-ს, Rocket Lab-ს, UC Berkeley-ს და ყველა ჩვენს პარტნიორს ESCAPADE-ის წარმატებით გაშვებას. ეს ჰელიოფიზიკის მისია დაგვეხმარება იმის გარკვევაში, თუ როგორ გადაიქცა მარსი უდაბნო-პლანეტად და როგორ მოქმედებს მზეზე მიმდინარე ამოფრქვევები მის ზედაპირზე“, – განაცხადა NASA-ს ადმინისტრატორის მოვალეობის შემსრულებელმა, შონ დაფიმ.

ჯეფ ბეზოსსა და Blue Origin-ს მისიის წარმატებით განხორციელება მთავარმა კონკურენტმა, SpaceX-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა მიულოცა. „ვულოცავ ჯეფ ბეზოსსა და BlueOrigin-ის გუნდს!“ – დაწერა X-ზე მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა.

შეგახსენებთ, ამჟამად SpaceX-ი New Glenn-ის მსგავსი მრავალჯერადი გამოყენების რაკეტა Starship-ის დახვეწაზე მუშაობს, რომლის დანიშნულებაც მთვარესა და მარსზე ტვირთისა და ადამიანების ტრანსპორტირების უზრუნველყოფა იქნება.