2026 წლის 2 მარტიდან ფუნქციონირებას შეწყვეტს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური და მისი უფლებამოსილებები სრულად სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაეცემა. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, მომავალი წლის 2 მარტიდან გაუქმდება ანტიკორუფციული ბიუროც.
„ინიციატივის მიხედვით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური 2026 წლის 2 მარტიდან უქმდება. მისი ფუნქციები სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, როგორც დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ორგანოს. აუდიტის სამსახური სარგებლობს ინსტიტუციური დამოუკიდებლობის გაცილებით მაღალი ხარისხით, რაც სრულ თანხვედრაშია საერთაშორისო სტანდარტებთან“, — განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც ბრიფინგისას პაპუაშვილმა აღნიშნა, ცვლილებები იმ ინსტიტუციური მოდელების კონსოლიდაციას გულისხმობს, რომლებიც წლების განმავლობაში ფრაგმენტულად ან გარედან თავსმოხვეული მოდელების სახით არსებობდა. მისივე თქმით, მიზანს მმართველობის კონსტიტუციურ ჩარჩოში გამყარება და სახელმწიფო რესურსების ოპტიმიზაცია წარმოადგენს.
„ანტიკორუფციული ბიუროს დღეს არსებითად დაკისრებული აქვს თანამდებობის პირების, პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დეკლარაციების შეგროვება და მონიტორინგი. მთავრობასთან კონსულტაციების შედეგად, ჩამოყალიბდა საერთო ხედვა, რომ აღნიშნული ფუნქცია, საჯარო მმართველობის კონსტიტუციურ ჩარჩოში უკეთ შეესაბამება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, როგორც უფრო მაღალ და დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ორგანოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, პაპუაშვილის ინფორმაციით, აღნიშნული ორგანოც 2026 წლის 2 მარტს შეწყვეტს მუშაობას და მისი ფუნქციებიც სრულად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაეცემა.
ცნობისთვის, პირველი იანვრიდან გაუქმდება ბიზნესომბუდსმენის აპარატიც და ის ეკონომიკის სამინისტროს შემადგენლობაში გადავა. პაპუაშვილის განცხადებით, ეს ბიზნესის საჭიროებებზე უფრო ოპერატიულ რეაგირებასა და პოლიტიკურ დონეზე უკეთ კოორდინაციას უზრუნველყოფს. როგორც ბიზნესომბუდსმენის აპარატის, ასევე ანტიკორუფციული ორგანოსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის გაუქმების საკითხი, პარლამენტის ბიურომ დღევანდელ სხდომაზე უკვე განიხილა
შეგახსენებთ, რომ ანტიკორუფციული ბიურო 2023 წელს, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად, ევროკომისიის განსაზღვრული 12-პუნქტიანი გეგმის მე-4 რეკომენდაციის შესაბამისად შეიქმნა. ბიუროს შექმნა ანტიკორუფციული მექანიზმების გაძლიერებას ემსახურებოდა. გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია ბიუროს ხელმძღვანელ რაჟდენ კუპრაშვილის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ, თუმცა აღნიშნული ხმები ოფიციალურად არ დადასტურებულა.













