აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში, თეთრ სახლში, საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცს, მოჰამედ ბინ სალმანს უმასპინძლა. მხარეებმა სტრატეგიული თავდაცვის შეთანხმება გააფორმეს, რის შემდეგაც ტრამპმა საუდის არაბეთს NATO-ს არაწევრი ქვეყნებიდან ამერიკის მთავარი მოკავშირე უწოდა. იარაღის შესყიდვის, სამოქალაქო ბირთვული თანამშრომლობის, ხელოვნური ინტელექტისა და მინერალების შესახებ შეთანხმების მიღწევის გარდა, შეხვედრის დასასრულს, პრინცმა სალმანმა ტრამპს პირობა მისცა, რომ საუდის არაბეთის სამეფო აშშ-ში $600 მილიარდის ინვესტიციებს თითქმის $1 ტრილიონამდე გაზრდის.
საინტერესოა, რომ თავად პრეზიდენტ ტრამპს საუდის არაბეთთან, თავისი რანგის მიღმაც ათწლეულების საქმიანი ურთიერთობები აკავშირებს. განსაკუთრებით დიდი მოგება კი მან პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ნახა. თუმცა, როგორც ჯერ კიდევ 2018 წელს, ჯამალ ხაშოგის მკვლელობის შემდეგ ტრამპი ამტკიცებდა, რომ მას „საუდის არაბეთში (ანდაც რუსეთში) არანაირი ფინანსური ინტერესები” არ გააჩნდა და ყველანაირი ბრალდება ყალბია. თუმცა ბიზნესკავშირები ტრამპს საუდის არაბეთთან ყოველთვის ჰქონდა – მაგალითად, 1995 წელს, როდესაც Plaza Hotel-ი საუდის პრინცს გადასცა და 2001 წელს, როდესაც საუდის არაბეთის მთავრობას ათეულობით ბინა მიჰყიდა.
საუდის არაბეთთან მილიარდერის კავშირები განსაკუთრებით ხაშოგის მკვლელობის კვალდაკვალ, მისი პრეზიდენტობის პირველი ვადის ამოწურვის შემდეგ გაძლიერდა. ამ პერიოდიდან ტრამპმა და მისმა ოჯახმა საუდის ინვესტორებთან, სულ მცირე, ცხრა შეთანხმება გააფორმეს. ამერიკული Forbes-ის დაანგარიშებით, ეს მოიცავდა მილიონობით დოლარის დაფინანსებას პრეზიდენტის გოლფთან დაკავშირებული საკუთრებებისთვის და კერძო კაპიტალის ფონდებში. მხოლოდ 2024 წელს ტრამპმა და მასთან დაკავშირებულმა პირებმა საუდის არაბეთთან თანამშრომლობით $50 მილიონზე მეტის მოგება ნახეს.
Forbes-ის შეფასებით, ეს შესაძლოა ხსნიდეს იმ ფაქტს, თუ რატომ იყო პრინცი მოჰამედ ბინ სალმანი მიღებული სტუმარი თეთრ სახლში. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოება განიხილავს შესაძლებლობას, რომ სწორედ სალმანმა დაამტკიცა ხაშოგის დაკავებისა და მკვლელობის გეგმა. თუმცა თავად პრინცს ბრალდებები არასდროს უღიარებია.
ტრამპისა და საუდის არაბეთის კავშირები 1987 წლიდან იწყება, როდესაც საფეხბურთო გუნდის, ავიაკომპანიისა და Plaza Hotel-ის შესყიდვის შემდეგ, ამერიკელმა ბიზნესმენმა $29 მილიონად იახტა შეიძინა. ეს იახტა თავდაპირველად იარაღის დილერმა ადნან ხაშოგიმ, ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის ბიძაშვილმა შეუკვეთა. Trump Princess-ად გადაკეთებული იახტა ტრამპის კაზინოს იმპერიის მცურავ ბილბორდად იქცა.
ხაშოგისა და ტრამპის სახელები მოგვიანებით, 1990 წელს, კიდევ ერთხელ მაშინ გადაიკვეთა, როდესაც ისინი ჟურნალ Spy-ის პრანკის სერიაში მოჰყვნენ. ჟურნალი მდიდარ და ცნობილ ადამიანებს შემცირებული ჩეკების სერიას უგზავნიდა და აკვირდებოდა, ვინ გაანაღდებდა მათ თანხას შემცირებული რაოდენობის მიუხედავად. ბოლოს, ჩეკის განაღდება, 13 ცენტად, სულ ორმა ადამიანმა სცადა: დონალდ ტრამპმა და ადნან ხაშოგიმ. თუმცა უკვე 1991 წელს ტრამპის კაზინო დაგროვებული ვალების გამო გაკოტრების საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, რის გამოც მილიარდერს ძვირფასი აქტივების, მათ შორის Trump Princess-ის გაყიდვა მოუხდა.
რამდენიმე წელიწადში, 1995 წელს, ტრამპმა Plaza Hotel-ი მილიარდერ კვიკ ლენგ ბენგს $325 მილიონად მიჰყიდა – ბევრად ნაკლებად, ვიდრე თავად გადაიხადა. ბიზნესკავშირები უკვე 2001 წელს განახლდა, როდესაც ტრამპმა Trump World Tower-ი, $12 მილიონად საუდის არაბეთის სამეფოს მიჰყიდა.
პირველი ვადით საპრეზიდენტო კამპანიის დაწყებიდან ორი თვის შემდეგ, დონალდ ტრამპმა რამდენიმე ბიზნესსუბიექტი დააარსა, მათ შორის THC Jeddah Hotel Manager LLC და DT Jeddah Technical Services Manager LLC. მათი სახელები ტრამპის სხვა საზღვარგარეთული საქმიანი გარიგებების სტილს ემთხვევა ისეთ ადგილებში, როგორიცაა ინდონეზია და ვანკუვერი. ტრამპს ოფიციალურად ჯიდაში პროექტი არასდროს დაუანონსებია, თუმცა ამ კომპანიების შექმნა შესაძლოა მიანიშნებდეს, რომ ამ პერიოდში ის მსგავს პროექტზე მუშაობდა. საპრეზიდენტო კამპანიის მიმდინარეობისას, ტრამპმა ვაშინგტონში Trump International Hotel-ი გახსნა, რომელზეც 2017 წლის მარტისთვის საუდის არაბეთის მთავრობამ, სულ მცირე, $270,000 დახარჯა.
საინტერესო ფაქტია პირველი საპრეზიდენტო მივლინებისას ტრამპის არჩევანიც: მაშინ აშშ-ის პრეზიდენტი არა კანადაში ან გაერთიანებულ სამეფოში, არამედ საუდის არაბეთში გაემგზავნა.
ტრამპის მიერ ოფისის დატოვების შემდეგ, საქმიანი კავშირები უკვე პრეზიდენტის სიძეს, ჯარედ კუშნერსა და საუდის არაბეთს შორის ძლიერდება. 2021 წელს კუშნერმა კერძო კაპიტალის ფირმა Affinity Partners-ი დააარსა და 2024 წელს საუდის არაბეთის სუვერენული ფონდისგან სამართავად $2 მილიარდი მიიღო. გარიგების პირობებით, 2026 წლისთვის, მხოლოდ კუშნერის ფირმის მიერ ამ პარტნიორობით გამომუშავებულმა თანხამ $125 მილიონს უნდა მიაღწიოს, რაც მის პირად ქონებას $1 მილიარდით გაზრდის.
2022 წლის ნოემბერში Trump Organization-მა ბოლო რამდენიმე წელიწადში პირველი ახალი უცხოური სალიცენზიო შეთანხმება გააფორმა საუდის არაბეთის დეველოპერ Dar Al Arkan-თან. ომანის პროექტით ტრამპმა $6 მილიონის მოგება ნახა. 2024 წლის პირველ ივლისს, Dar Al Arkan-მა Trump Tower Jeddah-ის პროექტი დააანონსა. ამ პროექტიდან ტრამპის ბიზნესმა, DT Marks KSA LLC-მა $15.9 მილიონი გამოიმუშავა. მეორე ვადით არჩევის შემდეგ კი საუდის არაბეთი კიდევ რამდენიმე შეთანხმებაში ფიგურირებდა. მაგალითად, Trump-ის ბრენდის ქვეშ ერ-რიადში ახალი პროექტები დაანონსდა.
2025 წლის 29 სექტემბერს Dar Global-მა ჯიდაში კიდევ ერთი პროექტი, Trump Plaza Jeddah წარადგინა. იმავე დღეს, Kushner’s Affinity Partners-მა საუდის არაბეთის სუვერენულ ფონდთან ერთად, $55 მილიარდად Electronic Arts-ი შეიძინა. რამდენიმე კვირის შემდეგ კი კუშნერი არაბ ლიდერებთან ერთად ღაზის სამშვიდობო ინიციატივაზეც მუშაობდა.
ოქტომბრის დასასრულს, თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტით საუდის არაბეთს დონალდ ტრამპ ჯუნიორიც ესტუმრა და ქვეყნის მთავარ საინვესტიციო სამიტს შეუერთდა. სამიტზე ჯუნიორმა ამბიციური განცხადებაც გააკეთა და საუდის არაბეთს მსოფლიოს ახალი საინვესტიციო მიჯნა უწოდა. „ვინ იფიქრებდა, რომ ნებისმიერი, ვისაც აზროვნება შეუძლია, სწორედ ახლო აღმოსავლეთში ჩადებდა ინვესტიციას და არა ევროპაში? აქ წარმოუდგენელი შესაძლებლობებია”, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის ვაჟმა დაახლოებით 40 წლის შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა საუდის არაბეთის მილიარდერის იახტა შეისყიდა.














