2025 წელს გლობალური ელექტრონული კომერციის ბაზარი კვლავაც რამდენიმე ძლიერ მოთამაშეზეა კონცენტრირებული. მიუხედავად იმისა, რომ ათეულობით ონლაინ-მაღაზია ცდილობს მომხმარებელთა ყურადღების მიპყრობას, ლიდერის პოზიციას კვლავ Amazon-ი ინარჩუნებს. მასზე ელ. კომერციის ვებსაიტების ტრეფიკის 40%-ზე მეტი მოდის.
ანალიტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ როგორც ამერიკული, ისე ჩინური პლატფორმები გლობალური ციფრული შოპინგის ბირთვს წარმოადგენენ, მათი საერთო წილი დაახლოებით 65%-ს აღწევს. მიუხედავად იმისა, რომ Temu, AliExpress-ი და სხვა ახალი მოთამაშეები ბაზარზე სწრაფად იზრდებიან, ელექტრონულ კომერციაში იერარქია შედარებით სტაბილურია, რაც Amazon-ის ბრენდის მტკიცე პოზიციებსა და ინფრასტრუქტურულ უპირატესობებს ასახავს.
შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ We Are Social-ის მონაცემებით, 2025 წლის ივნისიდან აგვისტომდე, ელ. კომერციის ყველაზე მონახულებადი ვებსაიტი amazon.com-ი იყო, ყოველთვიურად დაახლოებით 2.7 მილიარდი ვიზიტით. ეს მსოფლიოს 20 უდიდესი ვებსაიტის ტრეფიკის მეოთხედია. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ სიაში Amazon-ის რამდენიმე ვებსაიტი ცალკეა შესული, მათ შორის: amazon.co.jp, amazon.de, amazon.co.uk და ა.შ.
ჩინური პლატფორმები Temu (1.6 მილიარდი ვიზიტი ყოველთვიურად) და AliExpress-ი (646 მილიონი ვიზიტი ყოველთვიურად), შესაბამისად, მეორე და მესამე პოზიციებს იკავებენ. Temu-ს აგრესიული ფასდაკლებების მოდელი გლობალური ბაზრის გაფართოებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ამ ორი ჩინური ვებსაიტის ვიზიტების გაერთიანებული მაჩვენებელი თითქმის 2.3 მილიარდს უტოლდება ყოველთვიურად, რაც amazon.com-ის შედეგის დაახლოებით მეოთხედს შეადგენს.
ტოპ-ხუთეულში ასევე ვხვდებით ელ. კომერციის რეგიონულ მოთამაშეებს: eBay-ისა (აშშ) და Ozon-ს (რუსეთი). იაპონური Rakuten-ი, კორეული Coupang-ი და ბრაზილიური Mercado Livre უფრო ადგილობრივ ბაზრებზე არიან ფოკუსირებულნი.
| რეიტინგი | ვებსაიტი | თვიური ვიზიტები | ქვეყანა |
|---|---|---|---|
| 1 | amazon.com | 2,710,000,000 | აშშ |
| 2 | temu.com | 1,630,000,000 | ჩინეთი |
| 3 | aliexpress.com | 646,000,000 | ჩინეთი |
| 4 | ebay.com | 635,000,000 | აშშ |
| 5 | ozon.ru | 527,000,000 | რუსეთი |
| 6 | amazon.co.jp | 525,000,000 | იაპონია |
| 7 | walmart.com | 506,000,000 | აშშ |
| 8 | amazon.in | 435,000,000 | ინდოეთი |
| 9 | rakuten.co.jp | 419,000,000 | იაპონია |
| 10 | amazon.de | 407,000,000 | გერმანია |
| 11 | etsy.com | 385,000,000 | აშშ |
| 12 | amazon.co.uk | 370,000,000 | გაერთიანებული სამეფო |
| 13 | coupang.com | 290,000,000 | სამხრეთი კორეა |
| 14 | mercadolivre.com.br | 260,000,000 | ბრაზილია |
| 15 | target.com | 187,000,000 | აშშ |
| 16 | flipkart.com | 186,000,000 | ინდოეთი |
| 17 | amazon.com.br | 175,000,000 | ბრაზილია |
| 18 | rakuten.com | 162,000,000 | იაპონია |
| 19 | shop.app | 154,000,000 | აშშ |
| 20 | ticketmaster.com | 108,000,000 | აშშ |










