Financial Times-ის ინფორმაციით, უკრაინელი და აშშ-ის ოფიციალური პირების მიერ განხილული და დამტკიცებული სამშვიდობო გეგმის მიხედვით, კიევი მშვიდობიან პერიოდში სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობის 800 000-მდე შეზღუდვას დათანხმდა.
როგორც The Kyiv Independent-ი წერს, ამ შეზღუდივთაც კი უკრაინული არმია ევროპაში რუსეთის შემდეგ სიდიდით კვლავ მეორე ადგილზე დარჩება. მას ამჟამინდელ საომარ მდგომარეობაში დაახლოებით 900 000 სამხედრო მოსამსახურე ჰყავს.
გასულ კვირას აშშ-ის მიერ წარდგენილი 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის პირობებით, უკრაინას შეიარაღებული ძალები 600 000 ჯარისკაცამდე უნდა შეეზღუდა, თუმცა, როგორც ჩანს, მხარეები ამ საკითხზე ვერ შეთანხმდნენ და გეგმაში ცვლილებები შეიტანეს. აღსანიშნავია, რომ ჟენევაში აშშ-უკრაინის კონსულტაციების შემდეგ 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა 19 პუნქტამდე შემცირდა, თუმცა მისი სრული შინაარსი საჯაროდ არ გამოქვეყნებულა.
როგორც ირკვევა, ყველაზე მგრძნობიარე საკითხებს, კერძოდ, ტერიტორიასთან დაკავშირებით, მოგვიანებით აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი განიხილავენ.
CBS News-ის ინფორმაციით, აშშ-ის ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ უკრაინა გადამუშავებულ სამშვიდობო შეთანხმებას „დაეთანხმა“, თუმცა მოსკოვის პოზიცია ჯერჯერობით გაურკვეველი რჩება.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთს ოფიციალურად არ მიუღია ახალი ვერსია. მან ისიც დასძინა, რომ მოსკოვი უარყოფს ახალ გეგმას, თუ მასში რუსეთის დიდი ხნის მოთხოვნები გათვალისწინებული არ იქნება.
„არსებობს რამდენიმე დელიკატური, მაგრამ არა გადაულახავი დეტალი, რომელიც უნდა მოგვარდეს და მოითხოვს შემდგომ მოლაპარაკებებს უკრაინას, რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა კაროლინ ლივიტმა.









