გაერთიანებული სამეფო 2026 წლიდან მინიმალურ ხელფასს 4.1%-ით გაზრდის

გაერთიანებული სამეფო 2026 წლიდან მინიმალურ ხელფასს 4.1%-ით გაზრდის

საშუალო ხელფასთან შესაბამისობაში მოსაყვანად, გაერთიანებული სამეფო მომდევნო წლის აპრილიდან მინიმალურ ხელფასს 4.1%-ით, საათში 12.71 გირვანქა სტერლინგამდე ($16.67) გაზრდის. მთავრობის გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა პრეტენზიები დამსაქმებელთა ნაწილისგან, რომელთა მტკიცებითაც, მინიმალური ხელფასის ზრდა ქვეყანაში ფასების მატებას გამოიწვევს.

გაერთიანებული სამეფოს მინიმალური ხელფასი 2019 წლის შემდეგ 60%-ზე მეტით გაიზარდა. მთავრობის გეგმით, თანამიმდევრული მატების მცდელობებით, ქვეყანაში მინიმალურმა ხელფასმა საშუალო საათობრივი შემოსავლის ორ მესამედს უნდა მიაღწიოს. გაერთიანებული სამეფოს ფინანსთა მინისტრ რეიჩელ რივზის განცხადებით, მინიმალური ხელფასის ზრდის ახალი ეტაპი, რომელიც წლის დასაწყისში 6.7%-იან მატებას მოჰყვა, აუცილებელი იყო, რათა დაბალი შემოსავლის მქონე პირები თავიანთი შრომისმოყვარეობისთვის სათანადოდ დაჯილდოებულიყვნენ.

მატება 21 წლის და უფროსი ასაკის 2.4 მილიონზე მეტ დასაქმებულ პირს შეეხება. იმავე გადაწყვეტილებით კი, 21 წლის ასაკამდე დასაქმებული პირებისთვის, მინიმალური საათობრივი ხელფასი 6%-8.5%-ით გაიზრდება, რადგან მთავრობა ამ სეგმენტში დაბალი ხელფასების წინააღმდეგ იბრძვის.

თუმცა გაერთიანებული სამეფოს მთავრობის გადაწყვეტილებამ სტუმარმასპინძლობის სექტორის ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. მათი მტკიცებით, ხელფასების ზრდა პროდუქციაზე ფასების ზრდაში გადაიზრდება, რაც საბოლოოდ ინფლაციასაც გამოიწვევს. ამავდროულად კი, მათი განცხადებით, ნაკლებად გამოცდილი მუშაკებისთვის ხელფასების ზრდა ახალგაზრდებისთვის სამუშაოს პოვნას გაართულებს.

ცნობისთვის, ოქტომბერში, გაერთიანებულ სამეფოში, ყველა სხვა განვითარებულ ეკონომიკასთან შედარებით, ინფლაციის ყველაზე მაღალი, 3.6%-იანი მაჩვენებელი დაფიქსირდა, რაც ძირითადად პანდემიის შემდგომ ხელფასების სწრაფი ზრდით იყო გამოწვეული. მიუხედავად იმისა, რომ ინგლისის ცენტრალური ბანკი, 2%-იან სამიზნე მაჩვენებელს 2027 წლის შუა პერიოდისთვის დაუბრუნდება, ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ ხელფასების სწრაფი ზრდა ქვეყანას ამ მიზნის მიღწევაში ხელს შეუშლის.