BBC: „ოცნებამ“ აქციების დასარბევად I მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა

BBC: „ოცნებამ“ აქციების დასარბევად I მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა

ბრიტანული გამოცემა BBC ჟურნალისტურ გამოძიებაზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ წელს, საქართველოს ხელისუფლებამ, ანტისამთავრობო აქციების მონაწილე დემონსტრანტების წინააღმდეგ, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა. საუბარია ქიმიურ ნაერთზე, რომელსაც საფრანგეთის არმიამ „კამიტი“ უწოდა.

მტკიცებულებების მოსაპოვებლად BBC World Service-ი ქიმიური იარაღის ექსპერტებს, საქართველოს სპეცრაზმის წარმომადგენლებსა და ექიმებს ესაუბრა.

„კამიტი“ საფრანგეთმა პირველი მსოფლიო ომის დროს, გერმანიის წინააღმდეგ გამოიყენა. ამის შემდგომ, აღნიშნული ქიმიური ნაერთის გამოყენების შესახებ მხოლოდ მცირე დოკუმენტაცია არსებობს, თუმცა მიიჩნევა, რომ ის მიმოქცევიდან 1930-იან წლებში ამოიღეს – მისი ხანგრძლივი მოქმედების ეფექტთან დაკავშირებით არსებული შეშფოთებების გამო. „კამიტი“ ე.წ. „ცრემლსადენი გაზით“ (CS) ჩაანაცვლეს.

როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ BBC-ს განუცხადა, წყლის ჭავლის მოხვედრის შემდეგ, მას კანი რამდენიმე დღის განმავლობაში ეწვოდა. დემონსტრანტები ასევე მიუთითებდნენ სხვადასხვა სიმპტომზე, როგორებიცაა ქოშინი, ხველა და ღებინება, რომლებიც კვირების განმავლობაში გრძელდებოდა.

BBC-ის რესპონდენტებს შორის იყო პედიატრი კონსტანტინე ჩახუნაშვილი, რომელიც აცხადებს, რომ წვის შეგრძნება მას რამდენიმე დღის განმავლობაში გაჰყვა, რასაც ჩამობანის მცდელობა კიდევ უფრო აუარესებდა. ჩახუნაშვილმა სოციალურ ქსელში გამოკითხვაც ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც მას 350 ადამიანი დაუკავშირდა და აქედან ნახევარმა განუცხადა, რომ თანამდევი ეფექტები მათ 30 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში აღენიშნებოდათ. გრძელვადიანი სიმპტომები მოიცავდა თავის ტკივილს, დაღლილობას, ხველას, ქოშინსა და ღებინებას.

პედიატრ ჩახუნაშვილის კვლევა რეცენზირებულია და გამოსაქვეყნებლად საერთაშორისო ჟურნალმა Toxicology Reports-მა მიიღო. დოქტორ ჩახუნაშვილის ანგარიში იმეორებდა იმ დასკვნას, რომელიც ადგილობრივი ჟურნალისტების, ექიმებისა და სამოქალაქო უფლებების დამცველი ორგანიზაციების მიერ იქნა მიყვანილი – წყლის ჭავლი აუცილებლად ქიმიური ნივთიერებით იყო გაჟღენთილი. ანგარიშის საფუძველზე ავტორებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ნივთიერების იდენტიფიცირების მოთხოვნით მიმართეს, რომელიც უწყებამ არ დააკმაყოფილა.

გამოცემის თანახმად, BBC-ს ქიმიური ნივთიერების იდენტიფიცირებაში სპეციალური დანიშნულების დეპარტამენტთან დაკავშირებული რამდენიმე მაღალი რანგის ინფორმატორი დაეხმარა. BBC-ის თანახმად, შეიარაღების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ლაშა მეგრელიშვილი მიიჩნევს, რომ დემონსტრანტთა წინააღმდეგ გამოყენებული ნაერთი იგივეა, რომლის წყლის ჭავლისთვის გამოცდაც 2009 წელს დაავალეს.

„მე ვერ დავასახელებ მაგალითს ან ვერ შევადარებ მას სხვა რამეს“, – თქვა მან და დასძინა, რომ ის „ალბათ 10-ჯერ“ უფრო ძლიერი იყო, ვიდრე უფრო ტრადიციული საშუალებები. მეგრელიშვილის თქმით, მან არ იცის იმ ქიმიური ნივთიერების სახელი, რომლის გამოცდაც სთხოვეს, თუმცა თავად მისი გამოყენების რეკომენდაცია არ გაუცია.

ამის მიუხედავად, BBC-მ სპეციალური დავალებათა დეპარტამენტის ინვენტარის ასლი მოიპოვა, რომელიც 2019 წლის დეკემბრით თარიღდება. ბრიტანული გამოცემის ცნობით, დოკუმენტი ორ უსახელო ქიმიურ ნივთიერებას მოიცავდა, სახელწოდებებით: „ქიმიური სითხე UN1710“ და „ქიმიური ფხვნილი UN3439“ – მათი გამოყენების ინსტრუქციებთან ერთად. ინვენტარების ავთენტურობა BBC-ს სპეცრაზმის კიდევ ერთმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა დაუდასტურა. მისივე განცხადებით, დარბევის დროს, წყლის ჭავლში სავარაუდოდ სწორედ ეს ორი, უსახელო ქიმიკატი იყო შერეული.

გამოცემის თანახმად, UN1710 ტრიქლოროეთილენის (TCE) კოდია (გამხსნელი) და მისი იდენტიფიცირება შედარებით მარტივი იყო. ხოლო UN3439-ის იდენტიფიცირება გართულდა, რადგან აღნიშნული კოდი განკუთვნილია სამრეწველო ქიმიკატების მთელი სპექტრისთვის, რომელთაგან ყველა სახიფათოდ მიიჩნევა.

BBC-ის გამოძიებით დგინდება, რომ არეულობის კონტროლის საშუალებად ბრომბენზილ ციანიდი, ასევე ცნობილი როგორც „კამიტი“ გამოიყენეს, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს, მოკავშირეებმა მტრის წინააღმდეგ გამოსაყენებლად შექმნეს.

ამასთან ერთად, გამოცემამ შეფასებისთვის მსოფლიოში წამყვან ტოქსიკოლოგიისა და ქიმიური იარაღის ექსპერტს, კრისტოფერ ჰოლშტეგეს მიმართა. ჰოლშტეგეს განცხადებით, წარმოდგენილი კვლევები და ჩვენებები მიუთითებს, რომ აქციების დასარბევად „კამიტი“ იყო გამოყენებული.

ცნობისთვის, „კიმიტს“ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, ამერიკული პოლიცია მცირე ხნით, არეულობის კონტროლის საშუალებად იყენებდა, თუმცა ის უფრო უსაფრთხო ვარიანტების, მათ შორის „ცრემლსადენი გაზის“ გამოგონების შემდეგ ჩაანაცვლეს. საერთაშორისო სამართლის თანახმად, საპოლიციო ძალებს ქიმიკატების გამოყენება შეუძლიათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი პროპორციულად მიიჩნევა და მათ მოკლევადიანი ეფექტი აქვთ.

როგორც BBC წერს, მათი მიგნებები შემაშფოთებელი იყო წამების საკითხებში გაეროს სპეციალური წარმომადგენლისთვის, ალის ედვარდსისთვის, რომელმაც საქართველოს მთავრობას წარსულში, საპროტესტო აქციების დროს პოლიციის ძალადობისა და წამების ბრალდებების შესახებ აცნობა. ედვარდსის თქმით, აღწერილი სიმპტომები სცილდება იმას, რაც დროებით და მისაღებ ზომებად მიიჩნევა. გამომდინარე აქედან, ყველა შემთხვევა გამოძიებული უნდა იყოს.

ბრიტანული გამოცემის ანგარიშს გამოხმაურება მოჰყვა საქართველოს მთავრობის მხრიდან. ისინი BBC-ის გამოძიებას „აბსურდს“ უწოდებენ და აცხადებენ, რომ „სასტიკი დამნაშავეების უკანონო ქმედებებზე“ რეაგირებისას სამართალდამცავი ორგანოები „კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში“ მოქმედებდნენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, რამდენიმე საათის წინ ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა პარტია „ქართულმა ოცნებამ“, რომელშიც BBC ცრუ და აბსურდული ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა და გამოცემის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოში სამართლებრივი დავის დაწყება დააანონსა.