ტრადიცია იძენს ახალ გემოს

ტრადიცია იძენს ახალ გემოს
90-იან წლებში, საკუთარი სახლის სამზარეულოში გამომცხვარი ტორტებით დაწყებული მცირე საოჯახო ბიზნესი დღეს ინდუსტრიული მასშტაბის საკონდიტროა, რომელიც 200-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს, 70-მდე სახეობის დესერტს აწარმოებს და ყოველდღიურად ათასობით მომხმარებელს ტრადიციულ და თანამედროვე გემოებს სთავაზობს. ბელა ქაძანაია „ბელას“ ბრენდის განვითარების 32-წლიან ისტორიას გვიყვება და სამომავლო გეგმებს გვიზიარებს.

 

ავტორი: იზა გვარამაძე

 

1993 წელი ბიზნესის დასაწყებად საკმაოდ რთული პერიოდი იყო ეკონომიკური და პოლიტიკური გამოწვევებიდან გამომდინარე. როგორ გაჩნდა საკონდიტროს შექმნის იდეა და რატომ აირჩიეთ ეს სფერო? – ეს იყო გამბედაობა, გათვლილი რისკი თუ გარდაუვალი ნაბიჯი? ასევე, რა სირთულეების წინაშე აღმოჩნდით, როგორც მეწარმე ქალი? 

ეს გარდაუვალი ნაბიჯი იყო. იმ რთულ წლებში, როცა თითოეული ჩვენგანი გადარჩენისთვის იბრძოდა, უნდა მეპოვა გზა, რომ ოჯახს გვერდით დავდგომოდი. ჩემი გამოცდილება სულ სხვა სფეროს მოიცავდა, მაგრამ საჭირო დროს იმაზე დავფიქრდი, თუ რა გამომდიოდა იმდენად კარგად, რასაც შემოსავლიან საქმედ ვაქცევდი. პროფესიით ინჟინერ-კონსტრუქტორი ვარ. დაწყებული ნახაზების კეთებით, დამთავრებული ქსოვით – ყველაფერი გამომდიოდა. სახლში ტორტის ცხობა კი მაშინ ბუნებრივი ამბავი იყო, რაც ასევე კარგად შემეძლო. 

რეზიკოს – ჩემს მეუღლეს – საუკეთესო წრე და სამეგობრო ჰყავდა, სტუმრად ჩვენი მისვლა ყველას ძალიან უხაროდა. ყველაზე დიდ და განსაკუთრებულ საჩუქრად სწორედ ჩემს ტორტს მიიჩნევდნენ. დროთა განმავლობაში ტორტის ცხობა ჩემს ძირითად საქმიანობად იქცა. იმაში კი დარწმუნებული ვიყავი, რასაც ხელს მოვკიდებდი, აუცილებლად გამომივიდოდა. იმაშიც, რომ ქალს ყველაფერი შეუძლია, ქალს ყველაფერი გამოსდის…

სულ ვცდილობ, ის წლები, ის დრო არ გავიხსენო. თუმცა ყველაფერი მახსოვს, ვიცი, საიდან მოვდივარ, რა გზა მაქვს გამოვლილი და როგორ მოვედი აქამდე. მაშინ, ქალსაც და კაცსაც, ყველას ერთნაირად უჭირდა, ყველასთვის ერთნაირად რთული იყო ჯერ საქმის პოვნა და მერე იმის კეთება, რაც შემოსავალს მოგიტანდა.

იმ დროს მეწარმე ქალიც იშვიათობა იყო. არანაირი ხელშეწყობა, პროგრამები, ტრენინგები საოჯახო ბიზნესის მხარდასაჭერად. არც ინტერნეტი და სოციალური ქსელები არსებობდა. ცნობადობის ამაღლება მხოლოდ კმაყოფილი მომხმარებლის რეკომენდაციით იყო შესაძლებელი. ამისთვის კი ჯერ უნდა შეგექმნა, უნდა დაგემტკიცებინა საზოგადოებისთვის, რომ საქმის კარგად კეთება შეგეძლო და აღიარება ასე მოგეპოვებინა. ამას მოთმინება და დრო სჭირდებოდა, რაც ბევრისთვის რთული აღმოჩნდა. 

მე კი, რომელსაც არც შრომა მეზარებოდა და ჩემი ოჯახიც ზურგს მიმაგრებდა, ეს ყველაფერი შესაძლებლობად ვაქციე. ჩემი ნახელავის მიმართ ამდენი ადამიანის მუდმივი აღფრთოვანება მაძლევდა გამბედაობას, რომ რაღაც დიდი, რაღაც უფრო მეტი გამეკეთებინა. „ბელას“ ზრდა ეფუძნებოდა მხოლოდ ერთ რამეს – კმაყოფილ მომხმარებელს. ერთადერთი რეკლამა იყო ის გემო და ხარისხი, რომელსაც მთელი გულით ვქმნიდი ჩემი მომხმარებლისთვის.

ბელა ქაძანაია შვილებთან, ბექა და ირაკლი ბოჭორიშვილებთან ერთად

როგორი იყო პირველი ნაბიჯები? სად და როგორ დაიწყო „ბელას“ ბრენდის ისტორია?

ყველაფერი დაიწყო სახლში, ვერაზე, ჩემი მეუღლის შეგულიანებით და შვილების გვერდში დგომით. ორივე ხელში მიქსერი და უძილო ღამეები ჩემი ცხოვრების წესად იქცა. ჩემი დღე დილის 5 საათზე იწყებოდა. ბიჭები პროდუქტის მომარაგებაში მეხმარებოდნენ. ბაზარში მეც დავდიოდი, დიდი არჩევანი არ იყო, მაგრამ ვცდილობდი, თავად შემერჩია ჩემი ტორტებისთვის საუკეთესო პროდუქტი. ზოგჯერ შვილებსაც კი ვაკლებდი, მაგრამ ტორტს – არასდროს. 

სიუხვე და მუყაითიანი შრომა დღემდე ჩემი ცხოვრების პრინციპია. ყოველთვის ვაკვირდებოდი სხვის ნამზადსაც. არ მავიწყდება, თუ როგორ მაკვირვებდა მოზომილი, თითქმის შეუმჩნეველი კრემი, ხილი ან ნებისმიერი გულსართი. მე კი პირიქით, არაფერი მენანებოდა და ვცდილობდი, ჩემი ნამცხვრები რაც შეიძლება ბარაქიანი ყოფილიყო. 

თავიდან მათ უბნის მაღაზიაში ვაბარებდი, შემდეგ უკვე ყველასთვის კარგად ნაცნობ „პეროვსკაიაზე“, სადაც ნამცხვრების შედარებით დიდი არჩევანი იყო. ერთხელაც, ისე მოხდა, რომ, ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო, ნამცხვრები დამიწუნეს და აღარ ჩაიბარეს. მაშინ მეგონა, ყველაფერი თავზე ჩამომექცა, რეალურად კი ყველაფერი მაშინ დაიწყო…

იმ პერიოდში საკონდიტრო ინდუსტრია არც კონკურენტული იყო და არც სტრუქტურირებული. რა გაძლევდათ რწმენას, რომ ამ ბაზარზე დიდი ბიზნესის აშენება შეიძლებოდა? თუ მაშინ ამხელა მასშტაბზე არ გიფიქრიათ? 

ამხელა მასშტაბზე ნამდვილად არ ვფიქრობდი, უბრალოდ, ვიცოდი, რომ ჩემი საქმე უნდა მეკეთებინა პატიოსნად, თანამიმდევრულად, დაუზარებლად და ხარისხიანად. თავიდანვე მივხვდი, რომ ტორტი ინდივიდუალური შეკვეთით სრულიად აუთვისებელი ნიში იყო. ალღო და ინტუიცია იმაში დამეხმარა, რომ ჩემი მომავალი საქმიანობა სწორად განვსაზღვრე. 

იყო ეკონომიკური კრიზისი, არაპროგნოზირებადი გარემო, ხარისხიანი პროდუქციის დეფიციტი, ლოგისტიკური პრობლემები… ასეთ პირობებში ბიზნესის კეთება და მისი ყოველდღიური მართვა უკიდურესად რთულ გამოწვევად იქცა. ამასთან, ქალი ბიზნესში იმ დროს, შეიძლება ითქვას, წარმოუდგენელიც იყო და მინდოდა, ეს სტერეოტიპიც გადამელახა. 

ყველაფერს საკუთარ შეცდომებზე სწავლით, გამოცდილების დაგროვებით, შრომისმოყვარეობითა და შეუპოვრობით მივაღწიე. ჩემი თავისა და ოჯახის იმედი ყოველთვის მქონდა, რამაც ერთად მოგვიყვანა აქამდე.

ვინ არ მიკვეთდა ტორტებს – თუ ვინმე ცნობილი სახის ნახვა უნდოდა ადამიანს, ყველას ჩემთან ნახავდით – დაწყებული პატარკაციშვილების ოჯახით, დამთავრებული ეკა მამალაძით, თამრიკო ჭოხონელიძით, სოფიკო ჭიაურელით, ლიკა ქავჟარაძით – რომელი ერთი გითხრათ… თითოეულ მათგანს განსაკუთრებული სიყვარულით და პატივისცემით ვიხსენებ.

როგორ გადახვედით საოჯახო ბიზნესიდან ინდუსტრიულ წარმოებაზე? რა შეცვალა ამან „ბელასთვის“?

თბილისში ჩემი ტორტები უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობდა. მოთხოვნის ზრდამ, თანამიმდევრულმა შრომამ და უამრავმა კმაყოფილმა მომხმარებელმა ჩემი სახელი ბრენდად აქცია და ლოგიკურად გააჩინა მასშტაბურ წარმოებაზე გადასვლის საჭიროება, რამაც თავისი წილი გამოწვევებიც წარმოშვა. თუმცა დღეს უკვე გვიხარია, რომ ეს სირთულეები წარსულში დარჩა, მიღებული გამოცდილების შედეგად უფრო მყარად დავდექით ფეხზე და საქმიანობა სულ სხვა მიდგომებით განვაგრძეთ. 

როგორც წესი, ინდუსტრიული წარმოება სრულად ავტომატიზებულ პროცესს გულისხმობს. ჩვენს შემთხვევაში კი, მიუხედავად მასშტაბისა, დღემდე ყველა დესერტი ხელით მზადდება.

სისუფთავე, სტანდარტი და დისციპლინა არც სახლის და არც მცირე საწარმოს პირობებში მაკლდა, მაგრამ წინასწარ დაგეგმილმა საწარმომ, რომელიც ჩემმა მეუღლემ ყველა სტანდარტის გათვალისწინებით დააპროექტა, სულ სხვა პერსპექტივა და შესაძლებლობები დაგვანახა.

ყველამ კარგად იცის ჩემი საქმისადმი დამოკიდებულება – ვარ საკმაოდ მომთხოვნი, პრინციპული, სამართლიანი და ენერგიული. ადამიანის თანამშრომლად აყვანისას ყოველთვის ვაკვირდებოდი მისი ხელის მოძრაობებს – რამდენად მოქნილი, სხარტი და მონდომებული იყო. მას უნდა სიამოვნებდეს, რასაც აკეთებს, უნდა ფიქრობდეს მასზე, ვისთვისაც აკეთებს და კმაყოფილი უნდა იყოს თავის ნამუშევრით. 

რა შედეგებამდე მიიყვანა 32-წლიანმა ისტორიამ „ბელა“ როგორც ბიზნესი და ბრენდი? 

დღეს, როგორც პირველი ქართული საკონდიტრო ბრენდი საქართველოში, 32-წლიანი ისტორიით, ვფლობთ 3500 კვ/მ ფართობის ცენტრალიზებულ საწარმოს თბილისში. ეს არა მხოლოდ მოცულობის ზრდაა, არამედ საშუალება, ჩვენს საქმიანობაში კიდევ უფრო მაღალი სტანდარტი დაგვემკვიდრებინა. ინდუსტრიულ წარმოებაში შევძელით სტანდარტიზებული რეცეპტურები, ხარისხის კონტროლის მექანიზმები, უსაფრთხოების თანამედროვე ნორმები დაგვენერგა, რაც ჩვენი კომპანიისა და პროდუქტის მიმართ ნდობასა და ერთგულებას ზრდის. 

წარმოების მასშტაბების ზრდამ მოგვცა საშუალება, პროდუქცია უფრო მეტ მომხმარებელს შევთავაზოთ. გარდა საკუთარი მაღაზიებისა, აქტიურად ვმუშაობთ კორპორაციულ დამკვეთებთან – ქსელურ მარკეტებთან, საერთაშორისო ბრენდებთან და ჰორეკა სექტორთან.

საკუთარი ქოლ-ცენტრისა და ავტოპარკის საშუალებით, ყოველდღიურ რეჟიმში, ყველა სტანდარტის დაცვით, შეკვეთებს ვიღებთ და ვანაწილებთ ჩვენს 14 საფირმო მაღაზიაში თბილისსა და რუსთავში. მოთხოვნის ზრდა მიგვითითებს ფილიალების დამატების აუცილებლობაზე როგორც დედაქალაქის, ისე რეგიონის მასშტაბით. 

ახლახან ჩვენს გუნდს აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე ახალგაზრდა მენეჯერი მატა შველიძე შემოუერთდა, საერთაშორისო განათლებით და გამოცდილებით, რომელიც ახალი სისხლით, ახალი ხედვით და ენერგიით ბევრ საინტერესო სიახლეს გვპირდება. ასევე, სიახლე გვაქვს კონდიტერ-ტექნოლოგებისა და დიზაინერების კუთხით, რომლებიც სრულიად ახალ მიმართულებას ავითარებენ თანამედროვე, მსუბუქი დესერტების სახით და ქმნიან ნამდვილ ვიზუალურ შედევრებს.

გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ დღეს ბრენდი სულ სხვა სიმაღლეზეა. საკონდიტრო ინდუსტრიაში ბევრი წამყვანი და პროფესიონალი კადრი, საერთაშორისო ცოდნით და გამოცდილებით, სწორედ ჩვენს გუნდში ერთიანდება. თითოეულ მათგანს ძალიან ვაფასებ და ჩემი გუნდით ძალიან ვამაყობ.

დღეს ბრენდი 70-მდე დასახელების დესერტს აწარმოებს. რა მთავარი ფაქტორები განსაზღვრავს, რომელი პროდუქტები დარჩება „ბელას“ მუდმივ ძირითად ხაზში ან რა პროდუქტები დაემატება მას?

დიახ, დღეისათვის ჩვენს ასორტიმენტში 70-მდე დასახელების დესერტია, თუმცა ეს რიცხვი მუდმივად მზარდია. ჩვენი მიზანია, დავხვეწოთ არსებული ნაწარმი და გავამდიდროთ სიახლით, რასაც მომხმარებელი ითხოვს და ელოდება. ამჟამად, ტრადიციულ დესერტებს თანამედროვე ხაზი დაემატა, რამაც, ძალიან მოკლე დროში, დიდი მოწონება დაიმსახურა. ასევე დავამატეთ ნამცხვრები ნაჭრების სახით, რასაც მომხმარებელი ძალიან აქტიურად ითხოვდა. ინდივიდუალური დიზაინის ტორტებზე კი მოთხოვნა სულ უფრო იმატებს. ახლა უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენთან ტრადიცია იძენს ახალ გემოს.

ბოლო პერიოდში, გაზრდილი ასორტიმენტისა და მოთხოვნის გამო, საწარმო უწვეტ სამუშაო რეჟიმზე გადავიდა. ჩვენი მიზანია, არ ჩამოვრჩეთ თანამედროვე ტენდენციებს და მუდმივად გავამართლოთ მომხმარებლის მოლოდინი. თუმცა, რაც არ უნდა შევქმნათ, ვფიქრობ, „ბელას საფირმო ტორტი“, ის შეუცვლელი დესერტია, რაც დღემდე ყველაზე მოთხოვნადია ჩვენს მაღაზიებში.

ასევე გვაქვს იდეა, გავაცოცხლოთ ჩემი რამდენიმე ძველი საავტორო რეცეპტი, რომლებიც სულ მალე „ბელას საავტოროს“ სახელით გამოვა.

როგორ ახერხებს „ბელა“ ინოვაციების დანერგვას ისე, რომ ბრენდის ტრადიციული იდენტობა არ დაკარგოს? 

„ბელა“ დღემდე საოჯახო ბიზნესია, ოღონდ დიდი მასშტაბებით, რაც ჩვენს საქმიანობას კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის. გადაწყვეტილებებს გუნდურად ვიღებთ, რაც ბიზნესს ეხმარება, მოქნილი და დინამიკური იყოს. ჩემი შვილები ბავშვობიდან გვერდში მიდგანან. დღეს მათი ძირითადი საქმიანობა სწორედ კომპანიისა და ბრენდის განვითარებაზე ზრუნვაა. ახლა უკვე საკუთარი ოჯახებით, ახალგაზრდული ხედვით და მიდგომებით, აქტიურად არიან ჩართულნი იმ ყოველდღიურ პროცესებში, რასაც ეს საქმე მოითხოვს. როცა ვხედავ, თუ რა ინტერესით და პასუხისმგებლობით ეკიდებიან ამ ყველაფერს, მშვიდად ვარ – ვიცი, რომ ამ საქმეს ღირსეული გამგრძელებლები ეყოლება.

ისინი მუდმივად ესწრებიან მსოფლიო მასშტაბით გამართულ თემატურ გამოფენებს, სადაც ეცნობიან იმ თანამედროვე ტენდენციებს და მიგნებებს, რომლებითაც ჩვენს საქმიანობას ვამდიდრებთ – ნედლეულის, ტექნოლოგიური, მანქანა-დანადგარების, პროდუქტის ვიზუალისა თუ შიგთავსის კუთხით. დღეს მომხმარებელიც უფრო მომთხოვნია, ბაზარზე კონკურენციაც დიდია, შესაბამისად, სიახლეები და ცვლილებები აუცილებელიცაა.

რაც ყველაზე მთავარია, ინდუსტრიულ მასშტაბებზე გადასვლა და თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინება არ ნიშნავს, რომ ვკარგავთ ოჯახურ, ძველ გემოებს. ჩვენი რეცეპტები, გემო და სანდოობა ისევ ოჯახური ტრადიციებიდან მოდის.

როგორ ინარჩუნებთ კორპორაციულ კულტურას კომპანიაში, რომელიც უკვე 200-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს?

გუნდი კომპანიასთან ერთად გაიზარდა. ხანდახან თვითონაც არ მჯერა, რომ ჩვენი ბიზნესი ამდენ თანამშრომელს აერთიანებს. ძალიან მიხარია, რომ სამუშაო ადგილებს ვქმნით და ადამიანებს დასაქმების შესაძლებლობას ვაძლევთ. გვყავს ისეთი ერთგული თანამშრომლები, რომლებიც 20-25 წელია, ჩვენთან მუშაობენ. აქტიურად გვიერთდებიან ახალგაზრდები, რაც ძალიან მახარებს. დასაქმების შესაძლებლობას სტუდენტებსაც ვაძლევთ და მათთვის მოქნილი სამუშაო გრაფიკი გვაქვს. 

ჩვენი კორპორაციული კულტურა პატიოსანშრომაზე, კეთილსინდისიერებაზე, გულისხმიერებაზე, სამართლიანობასა და პრინციპულობაზეა დაფუძნებული. ვიცით, რომ ჩვენი ყოველდღიური შრომით ადამიანებს ბედნიერების შეგრძნებას ვანიჭებთ. გვაქვს რწმენა და ჯანსაღი ამბიცია, რომ საკონდიტრო ინდუსტრიის ნამდვილი ჯადოქრები ვიყოთ.

როდესაც კვების ინდუსტრიაზე ვსაუბრობთ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხარისხი. როგორია ამ კუთხით „ბელას“ მიდგომა და რა მექანიზმებს მიმართავთ ხარისხის კონტროლისთვის? 

მოგეხსენებათ, კვების ინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო სფეროა. ახალი შენობა თავიდანვე სტანდარტის შესაბამისად დაიგეგმა, საწარმოს ხარისხის კონტროლის სისტემა დადასტურებულია საერთაშორისო HACCP-სერტიფიკატით, რომელიც საერთაშორისო აკრედიტებული ორგანიზაციის მიერ არის გაცემული. ეს პროდუქციის უსაფრთხოებისა და ხარისხის გარანტიაა.

ამჟამად საწარმოში FSSC 22000-ის (საერთაშორისო სტანდარტის საკვების უსაფრთხოების სერტიფიკატი) დანერგვა მიმდინარეობს.

საკონდიტრო ბიზნესი მაღალი დანახარჯებითაც ხასიათდება – ნედლეული, მომსახურე პერსონალი, დისტრიბუცია, ტექნიკა. როგორ უზრუნველყოფთ ერთდროულად მაღალ ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასს? 

ხელმისაწვდომი ფასი – ეს ჩემი პრინციპული გადაწყვეტილება იყო ჯერ კიდევ 90-იან წლებში, იმ რთულ დროში მინდოდა, ყველას შეძლებოდა ოჯახში ტკბილეული ჰქონოდა, ამისთვის კი მინიმალურ ფასნამატზე ვმუშაობდი. მთავარია, ტორტისთვის არაფერი დამეკლო და ცოტა მეც დამრჩენოდა. ამ მიდგომას, რამდენადაც შესაძლებელია, დღემდე ვიყენებთ, რაშიც ამჟამად წარმოების მასშტაბიც ხელს გვიწყობს. თუმცა მიდგომის ცვლილებას ნედლეულის ფასის ზრდაც განაპირობებს, ხარისხი კი ის ხელშეუხებელი რამაა, რაზეც კომპრომისი ჩემი მხრიდან დაუშვებელია.

საერთაშორისო დონის საწარმომ მოგვცა საშუალება, ბიზნესი უფრო სტაბილურად, უსაფრთხოდ, სტანდარტების დაცვით ვმართოთ. 

დღეს ბაზარი გაჯერებულია ადგილობრივი ბრენდებისა და იმპორტირებული პროდუქციით. რა არის „ბელას“ კონკურენტული უპირატესობა? 

32-წლიანი ისტორია, რომელიც ზურგს გვიმაგრებს, უპირობოდ ჩვენი უპირატესობაა, რაც აერთიანებს მდიდარ მემკვიდრეობას თანამედროვე გემოვნებასთან. მომხმარებლის ნდობა, რომელიც თაობებმა მოგვიტანეს, რეალური გამოცდილებით გროვდებოდა. ამდენწლიანი ნდობითა და ერთგულებით, მუდმივად ვგრძნობთ პასუხისმგებლობას, რომ ჩვენი პროდუქტის გემო, ხარისხი და ხელმისაწვდომობა ყოველთვის ერთნაირი სტანდარტით უზრუნველვყოთ. „ბელა“ ასოცირდება დღესასწაულთან, ტკბილ მოგონებასთან, ბავშვობის გემოსთან, იმ ოჯახურ სითბოსა და ერთობასთან, რასაც ტკბილეულით აღვნიშნავთ ხოლმე. დღეს ბრენდი „ბელა“ არის ტრადიციის გაგრძელება, რომელიც ინდუსტრიად გადაიქცა. 

ბოლოს, ხედავთ თუ არა ბრენდის პოტენციალს რეგიონის მასშტაბით? რა არის „ბელას“ სამომავლო გეგმები და რას უნდა ველოდოთ ახლო ან შორეულ პერსპექტივაში? 

ახალ მენეჯმენტთან ერთად უკვე დავიწყეთ ფიქრი, რომ ჩვენი პროდუქცია საზღვრებს გარეთაც გავიდეს. აქტიურად ვსწავლობთ რეგიონის ბაზრებს, რითაც წარმოების მასშტაბებს განვსაზღვრავთ და საკონდიტრო პროდუქტის ექსპორტის სპეციფიკას შევისწავლით. 

უახლოეს გეგმებს რაც შეეხება, მალე თბილისში ორი ახალი ფილიალი დაგვემატება. გარდა ამისა, მოთხოვნიდან გამომდინარე, აქტიურად განვიხილავთ საქართველოს სხვა ქალაქების ათვისებასაც. შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ ის ტრადიცია და გამოცდილება, რაზეც ბრენდი დგას, უწყვეტი განვითარების რეჟიმშია.

ბოლოს კი, რადგანაც ეს ჩემი პირველი ვრცელი საჯარო ინტერვიუა, მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვისთან ერთადაც ვქმნი ამ 32-წლიან ტკბილ ისტორიას: ჩემს მეუღლეს – რეზიკოს, ჩემს ბიჭებს ირაკლისა და ბექას, მათი არაჩვეულებრივი ოჯახებით. ჩვენს ერთგულ, ახალ თუ მომავალ მომხმარებელს, რომელიც 32 წელია ქმნის ბრენდს სახელად „ბელა“. ჩემს შესანიშნავ გუნდს – წარმოების, ადმინისტრაციის, დისტრიბუციის, ქოლ-ცენტრის, ფილიალის თანამშრომლებს – ახალი დირექტორის ხელმძღვანელობით. მინდა პატივისცემა გამოვხატო ჩვენი კონკურენტების მიმართ. მიხარია, რომ ინდუსტრია ასე ვითარდება და ამდენი ახალი საკონდიტრო ჩნდება ბაზარზე – კარგად ვიცი, რამხელა შრომა დგას ამ ყველაფრის უკან. ჩვენ მხოლოდ ვაძლიერებთ ერთმანეთს, მინდა თითოეულ მათგანს წარმატება ვუსურვო.

S