ქალები, როგორც წამყვანი ძალა

ქალები, როგორც წამყვანი ძალა

ფარმაცევტული ბაზარი ერთ-ერთი ყველაზე რეგულირებული და კონკურენტულია, სადაც ლიდერის როლი მხოლოდ ბიზნესის მართვით არ შემოიფარგლება. „ევროფარმა ჯორჯიას“ დირექტორი, ალისა არსლანი უკვე 14 წელია, ამ სექტორში სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს იღებს და კომპანია ხარისხზე, ნდობასა და გრძელვადიან განვითარებაზე დაფუძნებულ გზაზე მიჰყავს. ალისა არსლანის გვერდით კი ბიზნესის მართვაში აქტიურად არის ჩართული მისი და, ვივიან ახვერდოვი, რომელსაც „ევროფარმა ჯორჯიას“ დირექტორის მოადგილის პოზიცია უკავია.

 

ალისა, დავბრუნდეთ იმ დროში, როცა პროფესიას ირჩევდით, რატომ მედიცინა?

ალისა: ბუნებით ძალიან მზრუნველი ვარ, ბავშვობიდან ყოველთვის მინდოდა ადამიანებისთვის სასარგებლო ვყოფილიყავი და ვოცნებობდი ექიმობაზე. ამიტომ გადავწყვიტე სამედიცინოზე ჩაბარება. კლინიცისტ ექიმად მუშაობა არ გამოვიდა, მაგრამ ჩემი ახლანდელი სამსახურიც ადამიანებზე ზრუნვასთანაა დაკავშირებული, რაც ძალიან მაბედნიერებს.

საკმაოდ ახალგაზრდა, არცთუ დიდი გამოცდილებით, მოხვდით დიდი ფარმაცევტული კომპანიის დირექტორის პოზიციაზე, როგორ გაიხსენებთ პირველ ნაბიჯებს?

უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე დავიწყე მუშაობა ერთ-ერთ მსხვილ ფარმაცევტულ კომპანიაში საწყის პოზიციაზე, სადაც საკმაოდ მოკლე დროში დამაწინაურეს, შემდეგ იყო მეორე კომპანია, სადაც ხელმძღვანელ პოზიციაზე გადავედი. რამდენიმე წელიწადში კი „ევროფარმა ჯორჯიაში“ მოვხვდი ჩემი ძველი ხელმძღვანელების რეკომენდაციით. „ევროფარმა ჯორჯიას“ დამფუძნებელმა გამომიცხადა უდიდესი ნდობა, გამაფორმა დირექტორად და მომცა სრული თავისუფლება, შემერჩია კომპანიის სამუშაო პროდუქციის პორტფელი, ოფისი მომეწყო ჩემი გემოვნებით, შემეკრიბა ისეთი გუნდი, როგორიც მინდოდა და ასევე მომცა მართვის სრული თავისუფლება და დამოუკიდებლობა. ამას რომ ვიხსენებ, ახლაც ისეთივე ემოციური და ამაღელვებელია, როგორიც 14 წლის წინ იყო. ჩემთვის ეს წარმოუდგენლად დიდი გამოწვევა და პასუხისმგებლობა იყო, ამავე დროს დიდი რისკი, მაგრამ ერთი წუთითაც არ მიფიქრია, რომ რამეს ვერ შევძლებდი. ჩემი დევიზი იყო: „ნუ წახვალ იქ, სადაც გზა წაგიყვანს, წადი იქ, სადაც გზა არ არსებობს და დატოვე კვალი“.

თქვენი და – ვივიანი „ევროფარმა ჯორჯიაში“ თქვენი მოადგილის პოზიციას იკავებს, როგორ მოხდა მისი თქვენს გუნდში შემოერთება და როგორ გეხმარებათ ოჯახური კავშირი საერთო საქმეში?

ალისა: ვივიანი ბავშვობიდან დამოუკიდებელი და საკუთარი უნარების განვითარებაზე ორიენტირებული იყო. რეპეტიტორების გარეშე ჩააბარა და 100-%-იანი გრანტით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მთელი სტუდენტობის განმავლობაში მონაწილეობდა სხვადასხვა პროექტსა თუ გაცვლით პროგრამებში. ერთ-ერთი ასეთი იყო ერთწლიანი გაცვლითი პროგრამა ეგვიპტეში, სადაც არაბულ ენას სწავლობდა. ასევე დამთავრებული ჰქონდა პროფესიული სასწავლებელი, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ინგლისური ენის მიმართულებით. ამას დაემთხვა, რომ ჩვენს კომპანიაში სტატისტიკის დეპარტამენტში ვაკანსია გვქონდა და მაშინ მისი კანდიდატურა შევთავაზე ჩვენს დამფუძნებელს – ასე შემოუერთდა ვივი ჩვენს გუნდს. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი მე დაოჯახება გადავწყვიტე და ამის გამო მიწევდა ქვეყნის დატოვება. დამფუძნებელს შევთავაზე, მოეძებნა ალტერნატიული კანდიდატი ჩემს პოზიციაზე. მან კი, კიდევ ერთხელ გამომიცხადა უდიდესი ნდობა და შემომთავაზა, სტამბოლიდან დისტანციურად მემართა კომპანია და ადგილზე ჩემი მოვალეობების ნაწილის შესასრულებლად ვივიანი დამეტოვებინა, ასეც მოვიქეცით. ეს, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ დიდი რისკი იყო, მაგრამ მე მჯეროდა ჩემი და ვივის შესაძლებლობების, მიუხედავად იმისა, რომ კომპანია სულ რაღაც ორი წლის იყო; მჯეროდა ჩემი გუნდის ერთობის, მონდომების, ერთგულების და ამ შემოთავაზებას თამამად დავთანხმდით. დღევანდელი გადმოსახედიდან, შემიძლია ვთქვა, რომ არა ვივის ფაქტორი, რომ არა მისი მხარდაჭერა, ალბათ დისტანციური მართვა ასე წარმატებით არ გამომივიდოდა. დროთა განმავლობაში კი ვივიმ იმდენად იტვირთა კონკრეტული მოვალეობები, რომ ჩვენ ერთად ძალიან დაბალანსებულად ვმართავთ კომპანიის სხვადასხვა მიმართულებას. ის ფაქტი, რომ დები ვართ და, შესაბამისად, ძალიან აქტიური კონტაქტი გვაქვს ერთმანეთთან, სამსახურშიც გვეხმარება. ვივი რადგან ჩემი დაა, არათუ რაიმე პრივილეგიით სარგებლობს, პირიქით, მას უფრო მეტი პასუხისმგებლობა აქვს. ჩვენ საქმეს პროფესიონალურად ვუდგებით, ჩემთვის თითოეული თანამშრომელი თანაბარია და ორგანიზაციის წესები ყველასთვის ერთია.

ვივიანი: სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებებს ვსწავლობდი ბაკალავრიატში, ბიზნესისა და მენეჯმენტის კუთხით მუშაობა არასდროს წარმომედგინა, თუმცა პრაქტიკაში, უდიდესი პასუხისმგებლობის მიუხედავად, იმდენად საინტერესო და მრავალფეროვანი აღმოჩნდა, რომ გადავწყვიტე, განათლების მიღება ამ მიმართულებით გამეგრძელებინა და, მუშაობის პარალელურად, მივიღე მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტში. ასევე გავიარე სრული კურსი ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით და ჩემი თეორიული ცოდნა მაქსიმალურად ჩავდე ჩემს სამუშაოში. ის ფაქტი, რომ დირექტორი ჩემი დაა, ორმაგად დიდი პასუხისმგებლობაა ჩემთვის, ამიტომ ყოველთვის ვცდილობ, ბევრი მიმართულებით განვვითარდე და ჩემზე დაკისრებული მოვალეობები სრულფასოვნად შევასრულო. ალისას ფაქტორი ასევე მეხმარება იმაში, რომ კიდევ ბევრი რამ ვისწავლო მისგან, გამოვიყენო მისი გამოცდილება, რაც საერთო საქმის წარმატებაში უდიდეს როლს თამაშობს.

როგორი ხელმძღვანელია ალისა?

ვივიანი: ალისას აქვს უნიკალური უნარები გუნდის მართვაში, მისი მთავარი მიზანია, რომ ყველა თანამშრომელი პირველ რიგში იყოს ბედნიერი, მოტივირებული და კმაყოფილი. ამას ყოველთვის აღწევს სწორი მიდგომებით, დისციპლინით, პრინციპულობით, მზრუნველობით და თანამშრომლებთან მეგობრული და უშუალო დამოკიდებულებით. ის ფაქტი, რომ ამ სფეროში ალისას კარიერული კიბის ყველა საფეხური აქვს გავლილი, ხელს უწყობს მას გუნდის ყველა წევრის შესაძლებლობების ზედმიწევნით სწორად შეფასებაში, გამოვლენასა და განვითარებაში. ეს ყველაფერი სამუშაო პროცესია და თითოეული თანამშრომლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ალისას თვალით დანახული სხვადასხვა სიტუაცია, მის ჩამოსვლას ყველა მოუთმენლად ველოდებით, ზუსტად იცის, როგორ მიუდგეს გუნდს და მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ თითოეული თანამშრომლის განვითარებას შეუწყოს ხელი. ალისა საუკეთესო მაგალითია გუნდის ყველა წევრისთვის, მისთვის არ არსებობს კარიერული ზრდის ბოლო ეტაპი. ახლახან თურქეთში, თურქულ ენაზე დაიცვა დოქტორის ხარისხი ჯანდაცვის მენეჯმენტის მიმართულებით.

ალისა: ზოგადად მირჩევნია, რომ თანამშრომლებმა ისაუბრონ ხოლმე ჩემზე, როგორც ხელმძღვანელზე… როდესაც ხელმძღვანელი ხარ, ვალდებული ხარ, სხვადასხვა კუთხით შეაფასო მდგომარეობა. მე მიყვარს ყველას გადმოსახედიდან ყურება: დამფუძნებლის, თანამშრომლის, მენეჯერის, პარტნიორის. ოღონდ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების დროს ცენტრში ყოველთვის არის „ევროფარმა ჯორჯიას“ ინტერესები, კომპანიის პრინციპები, ღირებულებები და რეპუტაცია. ეს იცის გუნდის თითოეულმა წევრმა, ჩვენ საერთო ღირებულებები გვაქვს და რადგან მათ ყველა იცავს, ორგანიზაციის შიდა კულტურა და დისციპლინა არავისთვის არ ხდება ტვირთი და მოვალეობის მიზნით შესასრულებელი, ჩვენ სიამოვნებით და სიყვარულით ვაკეთებთ ჩვენს საერთო საქმეს. მე ყოველთვის ღია ვარ მათი ინიციატივებისთვის.

სამსახურის გამო ხშირად გიწევთ ოჯახისგან შორს ყოფნა, როგორ ახერხებთ ბალანსის შენარჩუნებას?

ალისა: წარმატებული კარიერის მიღმა ბევრი სირთულე და დაბრკოლებაა, როდესაც გყავს ოჯახი, შვილები და გიწევს ერთი ქვეყნიდან მეორეში სიარული, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო რთულია ხელმძღვანელი ქალისთვის. შვილები, ფაქტობრივად, დედამ გამიზარდა. რაც შეეხება უშუალოდ მეუღლეს, ის პატივს სცემს ჩემს სამსახურს, მხარს მიჭერს ყველა გადაწყვეტილებაში და ამაყობს ჩემი წარმატებებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჰარმონიული ოჯახური ურთიერთობებისთვის.

კომპანიამ საკმაოდ მალე დაიმკვიდრა თავი ბაზარზე, რა გამოწვევებთან მოგიწიათ გამკლავება?

ალისა: ფარმაცევტული ბაზარი, ისევე, როგორც ბიზნესის სხვა სფეროები, არასოდეს იყო მარტივი. ისედაც გაჯერებულ და კონკურენტულ ბაზარს მუდმივად სხვადასხვა ახალი გამოწვევის წინაშე უწევს დადგომა. თუმცა სხვა სფეროებთან შედარებით ფარმაცევტული ბაზარი უფრო სათუთი და საპასუხისმგებლოა, გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანის ჯანმრთელობას ემსახურება. საქართველოს ჯანდაცვის სისტემა მუდმივად ვითარდება, ხარისხის გაუმჯობესების, ფინანსურად წამალზე ხელმისაწვდომობის გაზრდის კუთხით მუდმივად განიცდის ცვლილებებს, შემოდის ახალი რეგულაციები და მარტივი არ არის ფეხის აწყობა ამ ცვლილებებისა და კრიზისებისთვის. წარმატების მიღწევის უპირველესი გზა პროდუქტის ხარისხზე გადის. „ევროფარმა ჯორჯიას“ პროდუქციის სრული პაკეტი წარმოებულია უმაღლესი ევროპული ხარისხის სტანდარტების დაცვით, ბიოლოგიურად აქტიური დანამატების წარმოებაც კი GMP-ის სტანდარტის დაცვით და მუდმივი ხარისხის კონტროლის ფონზე ხორციელდება, რაც ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყო თავის დამკვიდრების პროცესში. ფარმაცევტული პროდუქციის ხარისხი უდრის თერაპიის ეფექტიანობას და კმაყოფილ პაციენტს. ერთ–ერთი ყველაზე რთული გამოწვევა კოვიდპანდემია იყო, თუმცა ნებისმიერ სიტუაციაში ჩვენს გუნდს ყოველთვის უმაგრებს ზურგს კომპანიის მენეჯმენტი. წარმატების გზა არ არის სწორხაზოვანი აღმავალი გზა, გამკლავება გიწევს როგორც გარე პირობებით გამოწვეულ დაბრკოლებებთან, ისე კომპანიის შიგნით წარმოქმნილთან. ხელმძღვანელი ყოველთვის მზად უნდა იყოს ფორსმაჟორისთვის, ნებისმიერი ქაოსის თუ კრიზისის მართვისთვის. ჩემი აზრით, წარმატება მაშინ არის მდგრადი, როცა გუნდი მუდმივად ვითარდება და თუ არ არსებობს გამოწვევები, ვერც განვითარდები. პროფესიონალი და კომპეტენტური გუნდისთვის ეს ჩვეულებრივი პროცესია. კომპანიის წარმატებულობას ასევე ადასტურებს 2015 წლიდან უწყვეტად მიღებული ნაციონალური ბიზნესრეიტინგის ჯილდოები, ასევე, ბიზნესის „ოსკარად“ წოდებული GOLDEN BRAND-ის ჯილდო მიღებული აქვს საბავშვო მულტივიტამინს „სიმბავიტი სიროფი“ და სულ ახლახან 2025 წელს GOLDEN BRAND-ის წოდება მიიღო ასევე ხველის საწინააღმდეგო პედიატრიულმა ბიოლოგიურად აქტიურმა დანამატმა „ბრონქომაქსმა“. ყოველი ზემოხსენებული ხაზს უსვამს „ევროფარმა ჯორჯიას“ ხარისხზე ორიენტირებულობას.

რას ურჩევთ მათ, ვინც ახლა დგამს პირველ ნაბიჯებს წარმატებული კარიერისკენ?

ვივიანი: წინსვლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მოთმინება, ხშირად ნაბიჯ–ნაბიჯ გვიწევს დასახულ მიზნამდე მისვლა და მოთმინების გარეშე ეს შეუძლებელია. ვურჩევ, არ შეუშინდნენ დაბრკოლებებს და ყველა სიტუაციაში, დანებების ნაცვლად, ენერგია გამოსავლის მოძებნისკენ მიმართონ. როდესაც პრობლემა ჩნდება, არ ვიწყებ დარდს, მაშინვე მისი გადაჭრის სხვადასხვა გზა მომდის თავში და ბოლოს საუკეთესოს ვირჩევ. რაც უფრო ზედა რგოლი ხარ გუნდში, მით უფრო სწრაფად გიწევს გადაწყვეტილებების მიღება. დამწყებებს ასევე ვურჩევ, სიღრმისეულად შეისწავლონ საკითხი, რაზეც უწევთ მუშაობა. ყოველთვის სხვადასხვა რაკურსით შეაფასონ საკუთარი გადაწყვეტილებები, აუცილებლად აღიარონ და გააანალიზონ საკუთარი შეცდომები, ითხოვონ დახმარება და რჩევა საჭიროების შემთხვევაში. წარმატების გზა, სამწუხაროდ, ბევრად რთულია ქალებისთვის ჩვენს ქვეყანაში და მეც მეტად სოლიდარული ვარ ქალების მიმართ. დიდი სურვილი მაქვს, რაც შეიძლება მეტი ქალი ვიხილო ხელმძღვანელ პოზიციებზე და მათ განსაკუთრებით ვურჩევ, არ შეუშინდნენ გამოწვევებს და დაიცვან საკუთარი არჩევანი.

ალისა: ბავშვობიდან მჯეროდა, რომ ყველაფერი ჩვენი საკუთარი თავით, ჩვენი შინაგანი სამყაროთი იწყება და ჩვენ თავად ვწყვეტთ, ვინ ვართ და ვინ ვიქნებით, და თუ არ ვართ მზად ნებისმიერი პასუხისმგებლობისთვის, ვერასდროს გავართმევთ თავს. უნდა გვჯეროდეს საკუთარი თავის, პირველ რიგში, უნდა ვისწავლოთ საკუთარი თავის მართვა , თვითდისციპლინა, თვითკრიტიკა, ემპათია გარშემომყოფების მიმართ. წარმატების მისაღწევად მოტივაცია უნდა იყოს არა „ფული“ და სტატუსი, არამედ თავად პროცესი და თვითგანვითარება, შედეგზე ორიენტირებულობა, რაც მიგიყვანთ წარმატებამდე. უნდა გამოვიჩინოთ შინაგანი სიძლიერე და ნებისმიერი დაბრკოლება თუ პრობლემა ვაქციოთ წარმატებისკენ მიმავალ საფეხურებად. ვინც პირველ ნაბიჯებს დგამს, მინდა ვუთხრა, რომ არასოდეს არაფრის გამო არ დანებდნენ და აუცილებლად ყველაფერი გამოუვათ. ყველას წარმატებას ვუსურვებ.

გაგვიზიარეთ თქვენი სამომავლო გეგმები.

ალისა: დაარსების დღიდან „ევროფარმა ჯორჯიას“ მიზანია, საქართველოს მოსახლეობა უზრუნველყოს საერთაშორისოდ აღიარებული ხარისხის სტანდარტების შესაბამისი როგორც პრევენციული, ასევე სამკურნალო პროდუქციით და ხელი შეუწყოს ფარმაცევტული სფეროს განვითარებას. ვგეგმავთ მომავალშიც ქართული ფარმაცევტული ბაზარი ჯანდაცვის სფეროს მოთხოვნების შესაბამისად უზრუნველვყოთ საჭირო მედიკამენტებით. შემდეგ წელს გეგმაში გვაქვს რამდენიმე ახალი პრეპარატის რეგისტრაცია და რამდენიმე ბიოლოგიურად აქტიური დანამატის შემოტანა. პირად გეგმებს რაც შეეხება, ვაპირებ აკადემიური კუთხით განვითარებას.

S