გაიგეთ, რას იხილავთ Forbes Georgia-ს 2025 წლის დეკემბრის ნომერში:
◾ ყდაზე | ისტორიის ახალი თავი | ავტორი: ანინა ტეფნაძე
ახალ სათავო ოფისთან ერთად თიბისის 33-წლიან ისტორიაში ახალი ეტაპი იწყება. 69,000კვ/მ-ზე განლაგებული შენობა, რომელიც ქართული ტრადიციული მოტივებისა და თანამედროვე დასავლური არქიტექტურის სინთეზს წარმოადგენს, ბანკის ორგანიზაციული კულტურის ხელშესახები გამოხატულებაა.
◾ Forbes Georgia-ს 2025 წლის Under 30-ის გამარჯვებულები
Forbes Georgia-მ პროექტ UNDER 30-ის ფარგლებში საქართველოში 30 წლამდე ასაკის ლიდერები უკვე მეშვიდედ შეარჩია. წლევანდელ სიაში ახალგაზრდებმა ადგილი თავიანთი მიღწევების, რეპუტაციის, ლიდერობის უნარებისა და საკუთარ დარგში წარმატების მიხედვით დაიკავეს.
Forbes Georgia Under 30-ის პლატფორმას ახალგაზრდა ლიდერების წარმატების გასაზიარებლად უკვე წლებია, იყენებს და მათ აძლევს სტიმულს, გამოწვევებით სავსე გარემოში განვითარება კიდევ უფრო გაბედულად განაგრძონ. წლევანდელი ღონისძიების თემა – Be Bold – სწორედ ამ სულისკვეთებას იზიარებდა და მომავლის ფორმირებაში გამბედაობის, ინოვაციურობისა და ლიდერობის უნარების როლს უსვამდა ხაზს
ნომერში ასევე წაიკითხავთ:
რეიტინგი
◾ ყველაზე მოგებიანი სუპერმარკეტები
საქართველოს ეკონომიკის 13.2% ვაჭრობის წილია, რაც ამ სექტორის განსაკუთრებულ როლზე მიუთითებს. ვაჭრობის მნიშვნელოვანი კომპონენტი სასურსათო საქონელია, რომლის გაცვლის ადგილი უფრო და უფრო მეტად სუპერმარკეტებია. ბოლო წლებში უფრო მეტი სასურსათო მაღაზიაა, რომლებიც რამდენიმე ქსელში ერთიანდება.
◾ ყველაზე მოგებიანი ღვინის მწარმოებლები
ყურძნის ნატურალური ღვინოები საქართველოს უმსხვილესი ადგილობრივი საექსპორტო საქონელია. მაგალითად, 2023 წელს 276 მლნ ლარის ღირებულების, 94.7 მლნ ლიტრი ღვინის ექსპორტი განხორციელდა. ეს კი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 9.2%-ია. ამასთან, მეღვინეობა-მევენახეობა ეკონომიკის ის დარგია, რომელიც ფართო სამთავრობო სუბსიდიებით სარგებლობს.
◾ საქართველო 2025 წლის რეიტინგებში
Forbes Georgia ტრადიციულად წარმოგიდგენთ, თუ როგორ შეიცვალა ბოლო ერთ წელიწადში საქართველოს პოზიცია 10 საერთაშორისო რეიტინგში. ესენია როგორც პირდაპირ ეკონომიკური შინაარსის მქონე რეიტინგები, ასევე კორუფციის, დემოკრატიისა და მედიის თავისუფლების დონის მაჩვენებელი რეიტინგები. დემოკრატიისა და მედიის თავისუფლების მაღალი დონე ქვეყნის სტაბილური და გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
◾ პირველი ოჯახის ავლადიდება
დონალდ ტრამპს ცხოვრების ყველაზე მოგებიანი წელი ჰქონდა, თუმცა პროცენტული თვალსაზრისით, მისი ოჯახის წევრებს საქმე კიდევ უფრო უკეთ აქვთ.
◾ ამერიკის უმდიდრესი ადამიანები – ტოპ-20
აშშ-ში 400 უმდიდრესი ადამიანის ქონება რეკორდულ $6.6 ტრილიონს შეადგენს, მას შემდეგ, რაც $1.2 ტრილიონით მოიმატა ბოლო ერთი წლის განმავლობაში საფონდო ბირჟების ზრდისა და ხელოვნური ინტელექტის მანიის ფონზე. ათი წლის წინ, როდესაც Forbes 400-ში მოხვედრას $1.7 მილიარდი სჭირდებოდა, $3.8 მილიარდის წმინდა ქონება რეიტინგის ზედა ნახევარში უპრობლემოდ მოხვდებოდა; დღეს ეს თანხა მინიმალური მოთხოვნაა.
ტექნოლოგიები
◾ ნდობის ტექნოლოგია | ავტორი: ანინა ტეფნაძე
ონლაინ იდენტიფიკაციის პლატფორმა იდენტომატი, რომელიც ზურაბ კოტარიამ, რევაზ იმნაძემ და დავით ლომიაშვილმა 2020 წელს დააარსეს, დღეს 20 ქვეყანაში 150 კლიენტს ემსახურება და თვეში 3 მილიონამდე ვერიფიკაციას ამუშავებს.
მოსაზრება
◾ ანტიკორუფციული კამპანია თუ კოსმეტიკური გადახალისების მორიგი მცდელობა? | ავტორი: გიორგი ცხადაია
ირაკლი კობახიძის მთავრობა ბოლო თვეების განმავლობაში უპრეცედენტო ანტიკორუფციულ კამპანიას აწარმოებს. დასაწყისშივე უნდა აღინიშნოს, რომ ეს კამპანია უფრო სელექციურ და კოსმეტიკურ ხასიათს ატარებს, ვიდრე სისტემურს. მაგალითად, კორუფციაში ოფიციალურად ეჭვმიტანილი მმართველი პარტიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი – ყოფილი ორგზის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გირაოთი გაათავისუფლეს და რთული სათქმელია, „ქართული ოცნების“ მიერ კონტროლირებული სასამართლო გამოიტანს თუ არა მის წინააღმდეგ გამამტყუნებელ განაჩენს.
◾ უკრაინის ხაფანგი | ავტორი: აკა ზარქუა
უკრაინა სრულმასშტაბიანი შეჭრის 4 წლის განმავლობაში თავის ყველაზე რთულ ზამთარს უახლოვდება მძიმე პრობლემებით ფრონტზე და კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში მყოფი ენერგეტიკული სექტორით და თითქოს ეს არ იქნებოდა საკმარისი, ყველაფერი ქვეყნის ისტორიაში უმსხვილესი კორუფციული სკანდალის ფონზე მიმდინარეობს.
◾ გასული წელი და 2026 წლის გამოწვევები | ავტორი: ბესო ნამჩავაძე
2025 წელი ეკონომიკაში მნიშვნელოვნად გაუარესებული მოლოდინით დაიწყო, მაგრამ საპროტესტო მუხტის კლებისა და დასავლეთისგან მკაცრი სანქციების არდაწესების გამო, ბიზნესის მოლოდინი თანდათან პოზიტიურისკენ შეიცვალა.
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 7.7%-ით გაიზარდა. წლიური ზრდის მაჩვენებელი ჯერ ცნობილი არ არის, მაგრამ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის პროგნოზით, 7-7.5%-ს შორის იქნება. 2025 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკა 9.8%-ით გაიზარდა, მაგრამ მომდევნო თვეებში ზრდის ტემპი შემცირდა, მე-3 კვარტალში ზრდა 6.5% იყო.
Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

















