მაიამიში უკრაინაში ომის დასრულების მიზნით დაწყებული დისკუსიები მეორე დღეა, გრძელდება. შეერთებული შტატებისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრას, შესაძლოა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიოც შეუერთდეს.
ეს შეხვედრები პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ძალისხმევის ნაწილია, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას მიაღწიოს. რუსეთის წარმომადგენელმა, კირილ დმიტრიევმა, პროცესს „კონსტრუქციული“ უწოდა და აღნიშნა, რომ აშშ-ის მიერ შეთავაზებული მშვიდობის 20-პუნქტიანი გეგმა განიხილება. რუსული სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, დმიტრიევი აშშ-ის საგანგებო წარმომადგენელ სტივ ვიტკოფსა და ტრამპის სიძეს, ჯარედ კუშნერს შეხვდა.
იხილეთ ასევე: აშშ-ის 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა მოლაპარაკებების შემდეგ შემცირდა
მიუხედავად ოპტიმიზმისა, ვლადიმირ პუტინის თანაშემწე იური უშაკოვი აცხადებს, რომ უკრაინისა და ევროპული მხარის მიერ სამშვიდობო გეგმაში შეტანილი ცვლილებები შეთანხმების მიღწევას აფერხებს. მისი მტკიცებით, ეს ცვლილებები დოკუმენტს არ აუმჯობესებს და გრძელვადიან მშვიდობას ვერ უზრუნველყოფს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ ვაშინგტონმა მხარეებს ბოლო ექვსი თვის განმავლობაში პირველი პირისპირ შეხვედრის გამართვა შესთავაზა. მიუხედავად იმისა, რომ მან მოლაპარაკებებს მნიშვნელოვანი უწოდა, პრეზიდენტმა სკეპტიციზმიც გამოხატა.
„ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, იგრძნობს თუ არა რუსეთი ომის რეალურად დასრულების აუცილებლობას – ეს არ უნდა იყოს რუსეთის მხრიდან რიტორიკული ან პოლიტიკური თამაში“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ რუსეთისგან ჯერჯერობით ნეგატიური სიგნალები მოდის, რაც ფრონტის ხაზზე იერიშებითა და უკრაინის ინფრასტრუქტურაზე დარტყმებით გამოიხატება. უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ შეთანხმება მხოლოდ აშშ-ის მხრიდან რუსეთზე მაქსიმალური ზეწოლის შემთხვევაშია შესაძლებელი.
პარალელურად, პარასკევს უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა რუსტემ უმეროვმა შეხვედრები გამართა ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან, სადაც მხარეები მუშაობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
თუმცა ვითარება კვლავ რთულია. ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ დარწმუნებულია რუსეთის მიზნების ძალისმიერი გზით მიღწევაში, თუ კიევი მოსკოვის პირობებს არ დათანხმდება. რუსული მხარე კვლავ რჩება თავისი მაქსიმალისტური მოთხოვნების ერთგული, მიუხედავად ფრონტზე მცირე პროგრესისა და მძიმე დანაკარგებისა.









