საქსტატი: იანვარ-ნოემბერში ადგილობრივი ექსპორტი 8.7%-ით გაიზარდა

საქსტატი: იანვარ-ნოემბერში ადგილობრივი ექსპორტი 8.7%-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-ნოემბერში, საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ, არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე, 6.61 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ეს მაჩვენებელი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.1 პროცენტით არის გაზრდილი.

აღსანიშნავია, რომ მთლიანი ექსპორტის 45.3 პროცენტს ადგილობრივი ექსპორტი, ანუ ექსპორტი რეექსპორტის გარეშე შეადგენს. ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 8.7 პროცენტით გაიზარდა და თითქმის 3 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდა.

საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა 69.5 პროცენტი შეადგინა. საექსპორტო პარტნიორებს შორის პირველ ადგილზეა რუსეთი 629.3 მილიონი აშშ დოლარით, მეორე ადგილს იკავებს თურქეთი 274.5 მილიონი აშშ დოლარით, ხოლო მესამე პოზიციაზე ჩინეთია, სადაც 252.4 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია გაიგზავნა.

ადგილობრივი ექსპორტის სასაქონლო ჯგუფებში ლიდერობს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები 339.6 მილიონი აშშ დოლარით, რაც მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 11.3 პროცენტია. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 243.7 მილიონი აშშ დოლარით, რაც საერთო მაჩვენებლის 8.1 პროცენტს შეადგენს, ხოლო მესამე ადგილს 215.3 მილიონი აშშ დოლარით სპირტიანი სასმელები იკავებს, რაც ადგილობრივი ექსპორტის 7.2 პროცენტია.