ყველაზე მოგებიანი სადაზღვევო კომპანიები

ყველაზე მოგებიანი სადაზღვევო კომპანიები

სადაზღვევო საქმიანობა საფინანსო სექტორის ნაწილია, რომლის წილი დარგში მოკრძალებულია. საქართველოში 2024 წლის მდგომარეობით 19 სადაზღვევო კომპანია იყო. ამ პერიოდში მათ მიერ მოზიდულმა პრემიამ 1,226.9 მლნ ლარი შეადგინა, რომლის 10.4%, 127.4 მლნ ლარი სექტორის წმინდა მოგება აღმოჩნდა. 

2024 წლის მდგომარეობით ბაზარზე არსებული სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა  1,446.2 მლნ ლარი იყო, ხოლო კაპიტალის – 459.5 მლნ ლარი.  სექტორის მოგებიანობა, გაზომილი კაპიტალზე უკუგებით, 27.8%-ს შეადგენდა.  თუმცა მოგებიანობის დონე კომპანიებს შორის არაერგვაროვანია. 

იხილეთ ასევე: ყველაზე მოგებიანი სადაზღვევო კომპანიები 2023 წლის მონაცემებით

წარმოგიდგენთ 2024 წლის მიხედვით ყველაზე მოგებიანი სადაზღვევო კომპანიების ათეულს:   

სადაზღვევო კომპანია „ალფა“,რომელიც „ავერსი-ფარმას“ შვილობილი კომპანიაა,  ბაზარზე 2009 წლიდან ოპერირებს. 2024 წელი „ალფასთვის“ წარმატებული აღმოჩნდა, რადგან მიღებული პრემია და მოგება მკვეთრად გაიზარდა. ამ პერიოდში „ალფას“ მოგება 15-ჯერ გაიზარდა, ხოლო პრემია – 24.4%-ით. 

იხილეთ ასევე: მზარდი სექტორის მზარდი ალფა

„თიბისი ბანკის“ ჯგუფში შემავალი სადაზღვევო კომპანია ბაზრის ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშეა, რომელიც 2014 წლიდან რისკებს აზღვევს.  2024 წელს „თიბისი დაზღვევამ“ ბაზარზე პოზიციები კიდევ უფრო მეტად გაიმყარა. ამ პერიოდში კომპანიის მოგება 7.5%-ით გაიზარდა.     

„ალდაგი“,რომლის ისტორია 1990 წლიდან იწყება, ქართული სადაზღვევო ბაზრის ყველაზე მსხვილი მოთამაშეა. . კომპანიას „საქართველოს კაპიტალი“ ფლობს, რომელიც ერთ-ერთი უმსხვილესი ქართული ჰოლდინგია. 2024 წელს „ალდაგის“ მოზიდული პრემია 25.2%-ით გაიზარდა, ხოლო მოგება – 18.2%-ით.    

„იმედი ელი“, რომლის მესაკუთრეც „საქართველოს კაპიტალია“, უმთავრესად ჯანმრთელობისა და მასთან დაკავშირებული რისკების დაზღვევაზეა ორიენტირებული.  2024 წელს „იმედი ელ-ის“ მიერ მოზიდული პრემია 17.7%-ით გაიზარდა, მაგრამ ამ პერიოდის მოგება 2.3%-ით შემცირდა.   

იხილეთ ასევე: ახალი იმედი L

„ბბ დაზღვევა“ „ბაზისბანკის“ შვილობილი კომპანია და საქართველოში უმსხვილესი ჩინური ინვესტორის, „ჰუალინგ ჯგუფის“ წევრია. „ბბ დაზღვევისთვის“, რომელიც ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს, 2024 წელი წარმატებული გამოდგა, რადგან პრემიისა და მოგების 36.5% და 12.0%-იანი ზრდა იყო.   

„ირაო“ ვენის სადაზღვევო ჯგუფის წევრია, რომელიც ქართულ ბაზარზე ორი ათწეულია, ოპერირებს.  2024 წელი „ირაოსთვის“ ბაზარზე გაფართოების წელი იყო. ამ პერიოდში კომპანიის მიერ მოზიდული პრემია 17.1%-ით გაიზარდა, მიღებული მოგება კი –  45.7%-ით.  

ქართულ ბაზარზე „გრინი“ სახმელეთო ავტოტრანსპორტის, ქონების, პასუხისმგებლობისა და სხვა რისკებს 2013 წლიდან აზღვევს. მართალია, 2024 წელს „გრინ დაზღვევის“ მიერ მოზიდული პრემია 10.8%-ით შემცირდა, მაგრამ ამ პერიოდში კომპანიის მოგება 55.1%-ით გაიზარდა.           

სადაზღვევო კომპანია „ტაო“, რომელიც მომხმარებელს ავტომობილისა და ქონების დაზღვევას სთავაზობს, 2007 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. „ტაოს“ მფლობელი კი „საქართველოს კაპიტალია“. 2024 წელი „ტაოსთვის“ არასახარბიელო გამოდგა, რადგან მოზიდული პრემია და მოგება შემცირდა.    

„ჯიპიაი ჰოლდინგი“, რომელსაც ვენის სადაზღვევო ჯგუფი ფლობს, ბაზარზე 2001 წლიდან არის წარმოდგენილი,. გარდა სადაზღვევო საქმიანობისა, ჰოლდინგი კერძო საპენსიო ფონდსაც მართავს. 2024 წელს „ჯიპიაის“ მოზიდული პრემია 17.7%-ით გაიზარდა, მაგრამ მოგება 2.3%-ით შემცირდა.   

იხილეთ ასევე: დაზღვევა – ბიზნესების ფინანსური სტაბილურობის მცველი

„ნიუ ვიჟენ დაზღვევა“ ბაზარზე ახალია, ის 2020 წლიდან ახორციელებს რისკების დაზღვევას. კომპანიის უმაღლეს მაკონტროლებელ მხარეს წარმოადგენს დავით კერესელიძე. 2024 წელს „ნიუ ვიჟენის“ მიერ მოზიდული პრემიის მცირედი კლება იყო, მაგრამ ამ პერიოდში კომპანიის მოგება 9.2%-ით გაიზარდა.   

იხილეთ ასევე: სადაზღვევო კომპანიების მოგებიანობის რეიტინგი 2017-2021 წლებში

Forbes Georgia

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი