რეგიონული გაფართოება, ახალი ბრენდები და დიგიტალიზებული პროცესები - თეგეტას 2025

რეგიონული გაფართოება, ახალი ბრენდები და დიგიტალიზებული პროცესები - თეგეტას 2025

2025 წელი „თეგეტა ჰოლდინგისთვის“ ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული წელი აღმოჩნდა. კომპანიამ რეგიონულ ბაზრებზე პოზიციები გააძლიერა, ახალი ბიზნესმოდელები განავითარა, კაპიტალის ბაზარზე კიდევ უფრო გააქტიურდა და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები წამოიწყო, რომლებიც ოპერაციული ეფექტიანობისა და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებას ემსახურება. Toyota Ichiban-ი, Kaizen Global Award-ი, THE BIZZ Awards-ი, Customer Centricity World Series Awards-ი – გასული წელი დატვირთული იყო ჯილდოების მხრივაც. „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარმა აღმასრულებელმა ოფიცერმა, ეკა ქავთარაძემ, Forbes Georgia-სთან 2025 წელი შეაჯამა და ისაუბრა იმ სტრატეგიულ პრიორიტეტებზე, რომლებიც კომპანიის დღის წესრიგში 2026 წლისთვის დგას.

 

ავტორი: იზა გვარამაძე

 

თუ 2025 წლის ერთი წინადადებით დახასიათებას გთხოვდით, როგორ შეაფასებდით მას „თეგეტა ჰოლდინგისთვის“?

„თეგეტა ჰოლდინგისთვის“ 2025 წელი იყო ახალი დასაწყისი – 30-წლიანი ისტორიის განმავლობაში დაგროვებული ცოდნის, გამოცდილებისა და წარმატებული პარტნიორობების საფუძველზე საერთაშორისო ასპარეზზე გასვლის წელი.

რომელი გადაწყვეტილება ან პროექტი იყო თქვენთვის სტრატეგიულად ყველაზე გამორჩეული გასული წლის განმავლობაში?

„თეგეტასთვის“ გასული წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან შარშან კომპანიამ 30 წლის იუბილე იზეიმა. ეს პერიოდი თვითრეფლექსიისთვის გამოვიყენეთ – იმის გააზრებისთვის, თუ რა იყო ის ფუნდამენტი, რომელმაც პატარა მაღაზიით დაწყებული ბიზნესი დღევანდელ მასშტაბამდე მოიყვანა. ამ პროცესმა შესაძლებლობა მოგვცა, უკეთ შეგვეფასებინა ჩვენი ძლიერი მხარეები, მადლობა გვეთქვა „თეგეტელებისთვის“ კომპანიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და კიდევ უფრო მეტი ენერგია მოგვეკრიბა, რათა „თეგეტასთვის“ მომდევნო 30 წელიც არანაკლებ საამაყო და წარმატებული იყოს.

სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვნად მივიჩნევ გადაწყვეტილებას, რომ ჩვენი ძალისხმევა არა მხოლოდ მოცულობების ზრდისკენ მიგვემართა, არამედ ბიზნესის ისეთი სტრუქტურული მოდელის შექმნისთვის დაგვეთმო, რომელიც დიდ მასშტაბებზე გასვლის შესაძლებლობას მოგვცემდა. ეს გვეხმარება, ჩვენი საერთაშორისო ამბიციები უფრო ხელშესახები გავხადოთ.

2025 წელი „თეგეტასთვის“ მასშტაბური გეოგრაფიული გაფართოების წელი იყო. რა არის ჰოლდინგის მთავარი ამბიცია: ხართ ქართული კომპანია, რომელიც მეზობელ ბაზრებზე ოპერირებს, თუ უკვე ყალიბდებით მულტინაციონალურ კორპორაციად, რომლის ცენტრიც საქართველოა?

ჩვენთვის მთავარია ბალანსის შენარჩუნება: ერთი მხრივ, „თეგეტას“ ზრდა და საერთაშორისო გაფართოება, მეორე მხრივ კი, ჩვენი იდენტობისა და ღირებულებების შენარჩუნება, რომლებზეც კომპანია დგას. შესაბამისად, „თეგეტა“ თითოეულ ქვეყანაში შედის საკუთარი ხელწერით, იმავე ღირებულებებითა და პროცესებით, რომლებმაც თავის დროზე საქართველოში ავტოინდუსტრიის მომხმარებლებისთვის გამოცდილება შეცვალა და დღემდე ცვლის. იმავე მიდგომით, ყველა ახალ ბაზარზე, ადგილობრივ მომხმარებელს ავტოინდუსტრიის ახალ გამოცდილებას ვთავაზობთ.

საერთაშორისო გაფართოების პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ახალი სტრატეგიული ბრენდების დამატება და მათთან თანამშრომლობის გაღრმავებაა, იმ პარტნიორების ჩათვლით, რომლებიც „თეგეტას“ მისი 30-წლიანი ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე შემოუერთდნენ.

მეორე მიმართულება კი ახალი ბაზრების ათვისებაა. ამ კონტექსტში განსაკუთრებით აღსანიშნავია უზბეკეთის ბაზარზე, ამერიკულ ბრენდ Mobil-თან პარტნიორობით, ჩვენი პირველი ფილიალის გახსნა. ამ ბაზარზე კიდევ უფრო მასშტაბური გეგმები გვაქვს, რომელთა შესახებ დეტალებიც მომხმარებლებისთვის 2026 წლის განმავლობაში ეტაპობრივად გახდება ცნობილი.

აღნიშნული კუთხით გასულ წელს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო „თეგეტასა“ და Bridgestone-ს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება, რომლის ფარგლებშიც, პრემიუმ-ბრენდის პროდუქციის მიწოდება სომხეთისა და აზერბაიჯანის ბაზრისთვისაც დავიწყეთ. გასულ წელს განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტია აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში Volvo-ს პირველი VRE-კონცეფციის შოურუმის გახსნაც.

მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელეთ ქვეყნის შიგნითაც. Lamborghini და Bentley – „თეგეტას“ პორტფელი ამ ორი ლეგენდარული ბრენდით არის გამდიდრებული. რას ნიშნავს მათი ოფიციალური წარმომადგენლობა ქვეყნის იმიჯისთვის და როგორ ცვლის ეს ჰოლდინგის რეპუტაციას საერთაშორისო პარტნიორების თვალში?

როდესაც „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა ქარსი“ საქართველოში ავტოინდუსტრიის ლეგენდარული ბრიტანული ბრენდის, Bentley-ს ოფიციალური წარმომადგენელი გახდა, ეს არა მხოლოდ კომპანიისთვის, არამედ ქვეყანაში ძვირადღირებული ავტომობილების სეგმენტის განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი ეტაპი იყო. მალევე ამას მოჰყვა იტალიური სუპერქარის, Lamborghini-ს შოურუმის გახსნაც.

მსგავსი ბრენდების წარმომადგენლობა საერთაშორისო პარტნიორებისთვის ძლიერი სიგნალია. ერთი მხრივ, ეს იყო ნდობის გამოხატვა საქართველოს მიმართ, მეორე მხრივ კი – არჩევანი, რომელიც ამ ბრენდებმა კონკრეტულად „თეგეტაზე“ შეაჩერეს.

მნიშვნელოვანი პროექტია ასევე Bandag-ის ქარხნის მშენებლობა Bridgestone-თან პარტნიორობით, რაც სცილდება უბრალო დისტრიბუციას. რატომ გადაწყვიტეთ ინვესტირება საბურავების აღდგენის ტექნოლოგიაში და რა ეკონომიკურ ეფექტს ელოდებით ამ პროექტისგან?

Bridgestone-თან Bandag-ის ფრენჩაიზთან დაკავშირებით ხელშეკრულების გაფორმება ჩვენთვის სტრატეგიულ ტრანსფორმაციას, დისტრიბუციული ბიზნესიდან ცირკულარული ეკონომიკის წარმოებით მოდელზე გადასვლას ნიშნავს. ეს ნაბიჯი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ავტოპარკის მქონე კომპანიებისთვის, რომლებიც ქართული ეკონომიკის შექმნაში აქტიურად მონაწილეობენ.

ყველა ქვეყანაში, სადაც Bridgestone-ი Bandag-ის სრულ ციკლს ნერგავს, საბურავის ერთ კილომეტრზე გათვლილი ღირებულება საგრძნობლად დაბალია, ვიდრე ნებისმიერი სხვა გლობალური მწარმოებლის შემთხვევაში. შედეგად, ავტოპარკის მფლობელ ბიზნესებს საკუთარი ძირითადი საქმიანობის განვითარებაში ინვესტირებისთვის მეტი რესურსი რჩებათ.

სრული დატვირთვით ამუშავდა გეზის ფილიალი – რა შედეგები მოიტანა ამ ინფრასტრუქტურის ამოქმედებამ ოპერაციული ეფექტიანობისა და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესების თვალსაზრისით?

შეიძლება ითქვას, რომ გეზის ფილიალის სრული დატვირთვით ამუშავება რეგიონული ჰაბის შექმნისკენ გადადგმული პირველი რეალური ნაბიჯია. ერთ სივრცეში კომპანია წარმოადგენს MAN-ის ოფიციალურ დილერს ქვეყანაში, ხოლო მეორე მხრივ, გეზის ეკოსისტემა აერთიანებს სხვადასხვა წამყვანი ბრენდის წარმომადგენლობებს, მათ შორისაა UD Trucks-ი, Thermo King-ი – სამაცივრე დანადგარების მიმართულებით. აქ ხელმისაწვდომია მსოფლიო დონის ისეთი მწარმოებლების პროდუქცია, როგორიცაა Michelin-ი, Bridgestone-ი, Continental-ი, Shell-ი, Mobil-ი. გეზის ფილიალში მომხმარებლებს ვთავაზობთ ფაქტობრივად ყველა საჭირო ნაწილსა თუ მომსახურებას, რაც ავტომობილის გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად არის აუცილებელი.

2025 წელს „თეგეტა ჰოლდინგმა“ კაპიტალის ბაზარზე საკმაოდ აქტიური ნაბიჯები გადადგა – როგორია ამ მიმართულებით მიღწეული შედეგების თქვენეული შეფასება?

2025 წელი „თეგეტა ჰოლდინგისთვის“ კაპიტალის ბაზარზე განსაკუთრებით აქტიური იყო, თუმცა მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს პროცესი რეალურად ჯერ კიდევ 2023 წელს დაიწყო. სწორედ მაშინ, კაპიტალის ბაზარს მკაფიო სიგნალი გავუგზავნეთ, რომ „თეგეტა ჰოლდინგი“ მზად არის სტაბილური, გამჭვირვალე და გრძელვადიანი პარტნიორობისთვის – არა როგორც ერთჯერადი მოთამაშე, არამედ როგორც სისტემური და სანდო ემიტენტი.

აღნიშნული კუთხით, გასულ წელს, „გალტ & თაგარტთან“ ექსკლუზიური პარტნიორობით 10 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციების წარმატებით განთავსება მნიშვნელოვანი ეტაპი იყო. ასევე, განსაკუთრებით მინდა გამოვყო 260 მილიონი ლარის მოცულობის მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების (SLB) ემისია, რაც რეგიონში პირველი პრეცედენტია. სტრატეგიული ინვესტორი აზიის განვითარების ბანკია (ADB).

გარდა ამისა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან (EBRD) მივიღეთ $25-მილიონიანი სესხი, რომელიც საავტომობილო სექტორის ტრანსფორმაციისკენ იქნება მიმართული.

ეს ყველაფერი ქმნის ისეთ ეკონომიკურ ღირებულებას, რომელიც არა მხოლოდ „თეგეტასთვის“, არამედ მთლიანად საქართველოს ეკონომიკისთვის მნიშვნელოვან და გრძელვადიან კონტრიბუციას წარმოადგენს.

თბილისის ავტოპარკის განახლების ფარგლებში დედაქალაქს 200 ერთეული MAN-ის ავტობუსი მიეწოდა – როგორ აფასებთ ამ პროექტს როგორც საჯარო-კერძო პარტნიორობის მაგალითს? რა გამოცდილება დააგროვა „თეგეტამ“ მისი განხორციელებით?

ვფიქრობ, ეს არის საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუში. ჩვენი გამოცდილებით, ეს პროექტი წარმოადგენს მაგალითს იმისა, თუ როგორ შეიძლება მუნიციპალური ტრანსპორტის დაკავშირებამ მსოფლიოს წამყვან ბრენდთან, MAN-თან, შექმნას როგორც სოციალური, ასევე ეკონომიკური სარგებელი.

ავტოპარკის MAN-ის ავტობუსებით განახლება სახელმწიფოსთვის ხარჯთეფექტიანი გადაწყვეტილება იყო. ამ ავტობუსების მთლიანი ფლობის ღირებულება გაცილებით კონკურენტულია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ისიც უნდა ითქვას, რომ ეფექტიანობა რამდენიმე კომპონენტზეა დამოკიდებული, მაგალითად, რამდენ კილომეტრს გადის ტრანსპორტი, როგორი ტიპის გზებზე მოძრაობს და სხვა ტექნიკურ დეტალებზე. თუმცა, ჩვენი შეფასებით, ხარჯთეფექტიანობა 20-30%-ის ფარგლებშია.

საქართველოს გარდა, „თეგეტა“ MAN-ის ავტობუსების მიმწოდებელია სომხეთის დედაქალაქისთვის, ერევნისთვის. ორივე ქვეყანაში ჩვენი გუნდი მუნიციპალური ტრანსპორტის შეუფერხებელ მუშაობას უზრუნველყოფს. ეს თანამშრომლობა არა მხოლოდ კომერციული, არამედ სოციალური პასუხისმგებლობის გამოვლინებაა, რომელიც პირდაპირ არის მიმართული მოსახლეობის კეთილდღეობისკენ.

ჰოლდინგის ახალი მიმართულებაა „თეგეტა ბიზნესი“ კორპორაციული კლიენტებისთვის. რამდენად არის ეს პასუხი ბაზარზე არსებულ დეფიციტზე ავტოპარკების ციფრული მართვის კუთხით? რა სერვისებს მოიცავს იგი?

„თეგეტა ბიზნესი“ ჰოლდინგის მთავარ მესიჯს ასახავს, რომ ჩვენ არა უბრალოდ იმპორტიორი ან დისტრიბუტორი კომპანია ვართ, არამედ გრძელვადიანი პარტნიორი ბიზნესისთვის. ეს ნიშნავს, რომ ვზრუნავთ მათი ავტოპარკის მართვის ისეთი მოდელის განვითარებაზე, რომელიც ბიზნესპარტნიორებს ხარჯებს უზოგავს და შემოსავალს სტაბილურად უზრდის. ამას კი ავტოპარკის მოცდენის პერიოდის შემცირებით ვაღწევთ.

ჩვენ მათ ვთავაზობთ პერსონალიზებულ მიდგომას, ექსკლუზიურ ფასებს, სრულ ტექნიკურ მომსახურებასა და ავტოპარკის მართვას ერთიანი სისტემის ფარგლებში. კონკრეტული პროდუქტის, მაგალითად, საბურავების შემთხვევაში, ფასს კილომეტრზე ვანგარიშობთ, რათა პარტნიორებმა თავად შეძლონ შედარება. შედეგად, პრემიუმ-კლასის საბურავი, რომელიც თავდაპირველად შეიძლება ძვირად მოგეჩვენოთ, ჩვენს შეთავაზებაში ყველაზე ეფექტიანი და კონკურენტუნარიანი ვარიანტია ავტოპარკის მფლობელებისთვის.

როგორია „თეგეტას“ ციფრული ტრანსფორმაციის პროგრესი დღეს? რომელი ციფრული ან AI-ზე დაფუძნებული პროექტები ქმნის უკვე გაზომვად ბიზნესეფექტს? როგორ ეხმარება დიგიტალიზაცია მომხმარებელზე ორიენტირებული კულტურის გაღრმავებას?

ჩვენთვის დიგიტალიზაცია თავისთავად მიზანი არ არის. ჩვენი მიზანია სტრატეგიული ამოცანების შესრულება, ხოლო ციფრული ინსტრუმენტები ამის მიღწევის საშუალებაა.

ამ მიმართულებით შევარჩიეთ ისეთი ციფრული გადაწყვეტილებები, რომლებიც მონაცემებზე დაფუძნებული მმართველობის ხარისხს მუდმივად აუმჯობესებს. დღეს „თეგეტას“ აქვს სრულად AI-ზე დაფუძნებული მონაცემთა საცავი და ანალიტიკის სისტემა, ხოლო თანამშრომლებს ჰყავთ პერსონალური AI-ანალიტიკოსები, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს რეპორტინგს და გადაწყვეტილებების მიღების სიზუსტეს აძლიერებს.

გარდა ამისა, 2008 წლიდან ვართ SAP-ის მომხმარებელი და 2026 წლისთვის სრულად გადავდივართ SAP S/4HANA-ზე. ეს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ციფრული ტრანსფორმაციაა ჰოლდინგის ისტორიაში, რომელიც პირდაპირ ემსახურება საოპერაციო ეფექტიანობის გაზრდას.

ამასთან, ჩვენს ფილიალებში ვნერგავთ მსოფლიოში აღიარებულ ციფრულ გადაწყვეტებს, რომლებიც საშუალებას გვაძლევს, მომხმარებელს უფრო სწრაფი, გამჭვირვალე და ინფორმაციულად მდიდარი სერვისი შევთავაზოთ.

2025 წლის ფინანსურ შედეგებზე ვისაუბროთ – როგორ შეიცვალა შემოსავლების, მოგებიანობისა და სხვა ძირითადი მაჩვენებლები? როგორია მოლოდინი 2026 წლისთვის?

„თეგეტასთვის“ ეს იყო წარმატებული წელი როგორც შემოსავლების, ასევე საოპერაციო ეფექტიანობის თვალსაზრისით. სწორედ ეს ამოცანა გვქონდა. საამაყოა ისიც, რომ საერთაშორისო ბაზრებზე ორნიშნა ზრდა განვაგრძეთ.

მიმდინარე წლისთვის 20-მდე დიდი სტრატეგიული პროექტი გვაქვს დაგეგმილი. მათ შორის არის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ჩვენი მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესების მიზნით განხორციელდება. ვგეგმავთ ექსპრეს-ფილიალების დამატებას, რომლებიც „თეგეტას“ სწრაფ სერვისებს მათთვის მეტად ხელმისაწვდომს გახდის. ასევე, ვაპირებთ რამდენიმე სადილეროს განახლებას და უზბეკეთის ბაზარზე გაფართოებას.

ამის მიღმა არის მსხვილი პროექტები დიგიტალიზაციის კუთხით, იგივე SAP S/4HANA-ზე გადასვლა. გეგმაში გვაქვს ვორკშოპების მთლიანად გაციფრულება. ამასთან, ვგეგმავთ ელ. კომერციის პლატფორმის სრულად განახლებას და, მომხმარებლების ინფორმირებულობის გაზრდით, მათთვის არჩევანის პროცესის გამარტივებას.

2026 წლისთვის მთავარი ფოკუსი კვლავ იქნება „თეგეტელებში“ უწყვეტი განათლებისა და განვითარების მხარდაჭერა. როდესაც ვამბობთ, რომ საერთაშორისო კომპანია გვინდა გავხდეთ, თითოეულმა „თეგეტელმა“ კარგად უნდა დაინახოს საკუთარი კარიერული გზის მომავალი. გვინდა ისინი დავარწმუნოთ, რომ მხოლოდ ცა არის ლიმიტი შესაძლებლობებისა, რომლებსაც „თეგეტა“ მათ სთავაზობს.