ინდური Adani Group-ის კომპანიებმა დღეს, 23 იანვარს, ჯამურად დაახლოებით $12.5 მილიარდი დოლარის საბაზრო ღირებულება დაკარგეს. ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ (SEC) სასამართლოს სთხოვა ნებართვა, ჯგუფის დამფუძნებელ გაუტამ ადანისა და აღმასრულებელ დირექტორ საგარ ადანისთვის სავარაუდო თაღლითობისა და 265 მილიონი დოლარის ოდენობის ქრთამის სქემასთან დაკავშირებით უწყება, ელექტრონული ფოსტით, პირადად გაეგზავნათ.
პარასკევს Adani Group-ის მთავარი კომპანიის, Adani Enterprises-ის ღირებულება 10.65%-ით დაეცა, მაშინ როცა ინდურმა საფონდო ინდექსმა,Nifty 50-მა, დღის ბოლოს მხოლოდ 0.95%-იანი კლება აჩვენა. ჯგუფის სხვა კომპანიების აქციები დაახლოებით 3.4%-დან 14.54%-მდე შემცირდა.
აშშ-ის საბრალდებო დასკვნა, რომელიც 2024 წლის ნოემბერში გასაჯაროვდა, Adani Group-ის ხელმძღვანელებს ქრთამის $265-მილიონიან სქემაში მონაწილეობას ედავება. ბრალდების თანახმად, ქრთამები ინდოელ ოფიციალურ პირებს გადაუხადეს, რათა მათ ელექტროენერგია Adani Green Energy-ისგან შეეძინათ.
აშშ-ის კანონმდებლობა უცხოურ კომპანიებს, რომლებიც ამერიკელი ინვესტორებისგან ფინანსდებიან, საზღვარგარეთ ქრთამის სანაცვლოდ ბიზნესსაქმიანობას კრძალავს, ასევე ინვესტიციების მოზიდვას ცრუ ან შეცდომაში შემყვანი განცხადებების საფუძველზე.
SEC-ის დოკუმენტების მიხედვით, ინდოეთმა უკვე ორჯერ თქვა უარი სარჩელის გადაცემაზე, რის გამოც მარეგულირებელი სასამართლოსგან სპეციალურ ნებართვას ითხოვს.
Adani Group-მა ბრალდებები „უსაფუძვლოდ“ შეაფასა და განაცხადა, რომ თავის დაცვისთვის ყველა შესაძლო სამართლებრივ გზას გამოიყენებს.
ანალიტიკოსების თქმით, ინვესტორების ნაწილს მიაჩნდა, რომ საკითხი უკვე დახურული იყო, რის გამოც SEC-ის განაცხადი ბაზრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. მისი შეფასებით, გაურკვეველი ვადების ფონზე, საკითხი შესაძლოა კიდევ რამდენიმე კვირა გაგრძელდეს, რაც ინვესტორების გაწყობაზეც აისახება.











