ცოტა ხნის წინ ოქროს ფასმა ახალ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და ერთ უნციაზე $5,100-ს გადააჭარბა. ძვირფასი მეტალის ღირებულება რეკორდულ ნიშნულზე გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე გაიზარდა, რადგან ინვესტორები უსაფრთხო თავშესაფრად ტრადიციულ აქტივებს მოიაზრებენ.
2025 წელს ოქროს ფასი 64%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ 1979 წლის შემდეგ ეს ყველაზე მაღალი წლიური ზრდაა. მიმდინარე წელს კი ოქრომ უკვე 18%-იანი მატება დააფიქსირა. ფასების ზრდას ხელს უწყობს უსაფრთხო აქტივებზე მოთხოვნა, აშშ-ის მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებული მოლოდინები, ცენტრალური ბანკების აქტიური შესყიდვები, დედოლარიზაციის ტენდენცია და ოქროს გაცვლით სავაჭრო ფონდებში (ETF) კაპიტალის ძლიერი შემოდინება.
მედიასააგენტო Reuters-მა ოქროში ინვესტირების გზებსა და ბაზარზე მოქმედი ფაქტორების შესახებ მიმოხილვა შემოგვთავაზა.
როგორ შეუძლიათ ინვესტორებს ოქროში ინვესტირება?
ოქროში ინვესტირების რამდენიმე ძირითადი გზა არსებობს:
სპოტ-ბაზარი
სპოტ-ბაზარზე ოქროს უმეტესად მსხვილი მყიდველები და ინსტიტუციური ინვესტორები ყიდულობენ, ძირითადად დიდი ბანკების მეშვეობით. ფასები რეალურ დროში მიწოდებისა და მოთხოვნის ბალანსით განისაზღვრება.
სპოტ-ბაზრის ყველაზე გავლენიანი ცენტრი ლონდონია, სადაც London Bullion Market Association (LBMA) ოქროთი ვაჭრობის სტანდარტებს ადგენს და ბანკებსა და დილერებს შორის გარიგებებს უწყობს ხელს. ოქროს ვაჭრობის სხვა მნიშვნელოვანი ჰაბებია ჩინეთი, ინდოეთი, ახლო აღმოსავლეთი და აშშ.
ფიუჩერსების ბაზარი
ინვესტორებს ოქროზე წვდომა ფიუჩერსების ბაზარზეც შეუძლიათ. ეს ნიშნავს კონტრაქტის ყიდვა-გაყიდვას ფიქსირებულ ფასად მომავალი თარიღისთვის.
მსოფლიოში ყველაზე დიდი ოქროს ფიუჩერსების ბაზარი COMEX-ია, რომელიც ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟის ნაწილია. აზიაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს შანხაის ფიუჩერსების ბირჟა, ხოლო იაპონიაში – Tokyo Commodity Exchange (TOCOM).
გაცვლითი სავაჭრო ფონდები (ETF)
ოქროს ETF-ები ინვესტორებს საშუალებას აძლევს, მიიღონ ოქროს ფასზე წვდომა ფიზიკური მეტალის მიღების გარეშე. ეს ფასიანი ქაღალდები ფიზიკური ოქროთია უზრუნველყოფილი.
World Gold Council-ის მონაცემებით, 2025 წელს ოქროს ETF-ებში კაპიტალის შემოდინებამ რეკორდულ დონეს მიაღწია და $89 მილიარდს გადააჭარბა. ზრდას ძირითადად ჩრდილოამერიკული ფონდები განაპირობებდნენ.
ოქროს ზოდები და მონეტები
რიტეილ-ინვესტორებს ოქროს შეძენა ზოდებისა და მონეტების სახით შეუძლიათ როგორც ფიზიკურ მაღაზიებში, ისე ონლაინ. ეს ინვესტირების ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული ფორმაა.
ჩინეთსა და ინდოეთში, რომლებიც ოქროს უმსხვილესი მომხმარებლები არიან, ინვესტორები ბოლო პერიოდში უფრო მეტად ზოდებისა და მონეტების ყიდვას ანიჭებენ უპირატესობას, ვიდრე სამკაულებს, რაც მაღალი ფასებით არის განპირობებული.
რა ამოძრავებს ოქროს ბაზარს?
ინვესტორთა ინტერესი და საბაზრო განწყობები
ბოლო წლებში საინვესტიციო ფონდების მზარდმა ინტერესმა ოქროს ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. ბაზრის განწყობები, გლობალური მოვლენები და სიახლეები ხშირად სპეკულაციურ ყიდვა-გაყიდვას აძლიერებს.
სავალუტო კურსები
ოქრო ტრადიციულად სავალუტო რყევების წინააღმდეგ ჰეჯად მიიჩნევენ. როგორც წესი, მისი ფასი აშშ დოლარის საპირისპიროდ მოძრაობს. დოლარის შესუსტებისას ოქრო სხვა ვალუტის მფლობელებისთვის იაფდება და მასზე მოთხოვნაც იზრდება.
მონეტარული პოლიტიკა და პოლიტიკური დაძაბულობა
ეკონომიკური და პოლიტიკური გაურკვევლობის დროს ოქრო ფართოდ აღიქმება უსაფრთხო აქტივად. ცენტრალური ბანკების პოლიტიკა, საპროცენტო განაკვეთების ცვლილების მოლოდინი და გეოპოლიტიკური კონფლიქტები ინვესტორებს უფრო ხშირად უბიძგებს, რომ ინვესტიცია სწორედ ოქროში ჩადონ.











