ევროკომისიამ SAFE-ის ფარგლებში დამატებით რვა ქვეყნისთვის €74 მილიარდის საინვესტიციო გეგმები დაამტკიცა

ევროკომისიამ SAFE-ის ფარგლებში დამატებით რვა ქვეყნისთვის €74 მილიარდის საინვესტიციო გეგმები დაამტკიცა

ფოტო: Thierry Monasse/Getty Images

 

ევროკავშირის ახალი, თავდაცვისთვის განკუთვნილი 150 მილიარდი ევროს სასესხო პროგრამის ფარგლებში, ევროკომისიამ ბლოკის წევრი რვა ქვეყნისთვის თავდაცვის საინვესტიციო გეგმები დაამტკიცა. მათ შორის არიან: ესტონეთი, საბერძნეთი, იტალია, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი, სლოვაკეთი და ფინეთი.

EU-ს რვა სახელმწიფომ სულ მცირე €74 მილიარდის მოცულობის დაფინანსება მოითხოვა, რაც დაახლოებით ნახევარია იმ თანხის, რომლის მოზიდვასაც კომისია თავისი პროგრამის, „უსაფრთხოების მოქმედება ევროპისთვის“ (SAFE) დასაფინანსებლად გეგმავს. ცნობისთვის, დამტკიცებული თანხიდან €43.7 მილიარდი უშუალოდ პოლონეთისთვისაა გათვალისწინებული. ევროკავშირის მინისტრებს ახლა ოთხი კვირა აქვთ გეგმების საბოლოოდ დასამტკიცებლად, პირველი ტრანში კი 2026 წლის მარტისთვისაა მოსალოდნელი.

ამ დრომდე ევროკომისიამ თავდაცვის საინვესტიციო გეგმები კიდევ რვა ქვეყანას დაუმტკიცა. კომისიის მიერ 15 იანვარს მიღებული გადაწყვეტილებით, €38 მილიარდის ღირებულების თავდაცვის საინვესტიციო გეგმები დამტკიცებულია ბელგიისთვის, ბულგარეთისთვის, დანიისთვის, ესპანეთისთვის, ხორვატიისთვის, კვიპროსისთვის, პორტუგალიისა და რუმინეთისთვის.

თავდაცვის საკითხებში ევროკომისარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებით, საინვესტიციო გეგმების დამტკიცების მეორე ეტაპი მკაფიო სიგნალია როგორც ევროპული ინდუსტრიისთვის, ისე EU-ს მოწინააღმდეგეებისთვის, რომ ევროპა საკუთარ ძალაუფლებასა და სუვერენიტეტს სერიოზულად უდგება.

SAFE-ის პროგრამა ევროკავშირის „მზადყოფნა 2030“ პაკეტის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილია. ამ ინიციატივის ფარგლებში ევროკომისია ათწლეულის ბოლომდე თავდაცვისთვის 800 მილიარდ ევრომდე გამოყოფას გეგმავს, რაც უშუალოდ შესყიდვებს მოხმარდება.

შესყიდვები მოიცავს საბრძოლო მასალასა და რაკეტებს, საარტილერიო სისტემებს, დრონებსა და ანტიდრონების სისტემებს, ასევე საჰაერო და სარაკეტო თავდაცვას, კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვას, კიბერუსაფრთხოებას, ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებსა და ა.შ. სქემის მნიშვნელოვანი კრიტერიუმია, რომ შეძენილი აღჭურვილობა ევროპული წარმოების უნდა იყოს.