ლიბერალური მსოფლიო წესრიგის დასასრული და საქართველო

ლიბერალური მსოფლიო წესრიგის დასასრული და საქართველო

Foreign Affairs-ის 1990 წლის იანვრის ნომერში გამოქვეყნდა იმ დროის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური კომენტატორის, ჩარლზ კრაუტჰამერის ესე სახელწოდებით „ერთპოლუსიანი მომენტი” (Unipolar Moment). 

ესე ცივი ომის დასრულებისას გამოქვეყნდა, როდესაც ჯერ ცოტა თუ ივარაუდებდა საბჭოთა კავშირის დაშლას, მაგრამ თითქმის ყველასთვის ნათელი იყო, რომ ცივ ომში ამერიკამ, ჯამურად დასავლეთმა, გაიმარჯვა. ამ პერიოდში მიმდინარეობდა მსჯელობები, თუ როგორ გარდაიქმნებოდა მსოფლიო და დღევანდელის მსგავსად დომინანტური იყო აზრი, რომ მსოფლიო მრავალპოლუსიანობისკენ გადაიხრებოდა. 

როგორც კრაუტჰამერის ესეს სათაურიდან შეგვიძლია ვივარაუდოთ, ავტორი არ ეთანხმებოდა ამ მოსაზრებას და როგორც გასულმა ათწლეულებმა დაგვანახა, კრაუტჰამერი მართალიც იყო – გასული სამი ათწლეულის განმავლობაში შეერთებული შტატები დიდი სხვაობით მსოფლიოს უძლიერეს ეკონომიკურ და პოლიტიკურ ძალად, ძალის ერთადერთ პოლუსად მოგვევლინა.

იმავე ესეში კრაუტჰამერი სვამდა კითხვას – შეძლებდა თუ არა ამერიკა ერთპოლუსიანი სტატუსის შენარჩუნებას – ავტორი მთავარ საფრთხეს ხედავდა არა რესურსების უკმარისობაში, არამედ ამერიკელების განწყობის არასტაბილურობაში და 1930-იანი წლების მსგავსი იზოლაციონიზმის პოტენციურ აღზევებაზე მიანიშნებდა.

კრაუტჰამერის ესედან ზუსტად 35 წლის შემდეგ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია ბევრმა მთელ მსოფლიოში სწორედ ამ ახალი ამერიკული იზოლაციონიზმის გამოცხადებად წაიკითხა. 

და მართლაც, დოკუმენტის ტექსტი და ენა ამგვარი ინტერპრეტაციის ნოყიერ ნიადაგს იძლევა, განსაკუთრებით იმ ნაწილში, სადაც საუბარია დასავლეთ ნახევარსფეროზე, როგორც აშშ-ის დომინაციის უპირობო სივრცეზე. ჩვენთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის, უფრო საყურადღებოა ტექსტის ის ნაწილი, სადაც საუბარია რუსეთთან „ახალი სტრატეგიული ბალანსის აუცილებლობაზე”. რუსეთისგან წამოსული საფრთხის შესახებ პრაქტიკულად ნულოვანი აქცენტისა და ევროპელი პარტნიორების მიმართ გამოყენებული უკიდურესად ხისტი ლექსიკის (რედ. ცივილიზაციური ეროზია) ფონზე, შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ მოქმედი ადმინისტრაცია ესწრაფვის მსოფლიოს გავლენის სფეროებად დაყოფას.

ეს შიშები კიდევ უფრო გამძაფრდა 3 იანვარს, მას შემდეგ, რაც საერთაშორისო სამართლის დარღვევით ამერიკელმა სამხედროებმა კარაკასში ვენესუელის დიქტატორი, ნიკოლას მადურო დააპატიმრეს. ამ ყველაფრის ფონზე მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც სულ უფრო მეტად ვრცელდება განცდა, რომ გადავდივართ რეალობაში, რომელშიც „ძლიერი აკეთებს იმას, რაც შეუძლია, ხოლო სუსტი იტანჯება თავისი ხვედრით”. 

მაგრამ, ჩემი აზრით, რეალობა შესაძლო უფრო რთული და არაერთგვაროვანი იყოს და შევეცდები ავხსნა, რას ვგულისმობ. დავიწყოთ რუსეთისთვის სასარგებლო პრეცედენტის შექმნაზე შიშით – ეს არგუმენტი არ არის საფუძველს მოკლებული, თუმცა საქართველოს მოქალაქეებს უნდა ახსოვდეთ, რომ ამგვარი პრეცედენტი დიდი ხნის წინ შეიქმნა და საქართველო მისი პრაქტიკულად პირველი მსხვერპლი იყო. საუბარია აშშ-ის მიერ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებაზე, რომელიც რუსეთმა ღიად და დაუფარავად გამოიყენა არგუმენტად ჯერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტის ცნობისას და მოგვიანებით ყირიმის ანექსიის დროს. 

წესებზე დაფუძნებული თუ ლიბერალური საერთაშორისო წესრიგის რღვევა გაცილებით უფრო ადრე დაიწყო, როდესაც საქართველოში შემოჭრიდან რამდენიმე თვეში ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკა გამოაცხადა. კიდევ ერთი და შესაძლოა უფრო სერიოზული დარტყმა ამ წესრიგმა მაშინ მიიღო, როდესაც ამერიკა პრაქტიკულად უმოქმედოდ შეხვდა ყირიმის ანექსიას, ხოლო ევროპის უმსხვილესი ქვეყნის ლიდერი რუსეთიდან ახალი სტრატეგიული გაზსადენების მშენებლობას გამალებით იცავდა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტრამპის მეორე საპრეზიდენტო ვადაში ამ წესრიგის რღვევა დაჩქარდა, მაგრამ ნამდვილად არ დაწყებულა. 

არსებობს სხვა ფაქტორებიც, რამაც შესაძლოა ხელი შეუშალოს ტრამპსა და პუტინს შორის იალტის მსგავს ხელშეკრულებას – დავაკვირდეთ რუსეთის რეაქციას მადუროს დაპატიმრებაზე: კრემლი მომხდარზე ჯერჯერობით თავშეკავებული კრიტიკით შემოიფარგლა, პირადად პუტინი ამ დრომდე დუმილს ინარჩუნებს.

ვლადიმირ პუტინმა კარიერა ამერიკის მიერ ორკესტრირებული რეჟიმის ცვლილებების ოპერაციების კრიტიკით აიწყო, იქნებოდა ეს ნატოს ჩარევა იუგოსლავიაში, ამერიკის ინტერვენცია ერაყში თუ სხვაგან. მისი ვერსიით, სწორედ ეს არის დასავლეთთან ურთიერთობების კოლაფსის მიზეზი, მათ შორის მთავარი „რეჟიმ ჩეინჯი”, მისი აზრით, 2014 წელს კიევში მოხდა.

შეიძლება მკითხველს ახსოვდეს მუამარ კადაფის ამბები, რომელიც რუსეთში როქირების წლებს და მედვედევის პრეზიდენტობას დაემთხვა, რომლის მოწოდებითაც რუსეთმა გაეროში მხარი დაუჭირა ლიბიის სამოქალაქო კონფლიქტში ინტერვენციას. ამას მოჰყვა პუტინის მწვავე ბრაზი და კრიტიკა მედვედევის მიმართ. მიხაილ ზიგარის წიგნს (All the Kremlin’s Man) თუ დავუჯერებთ, სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა პუტინმა საბოლოდ, რომ მედვედევი მეორე ვადით არ გაეშვა.

კადაფის ამბის შემდეგ კრემლში დაბრუნებულმა პუტინმა აშკარად უფრო აგრესიულ საგარეო პოლიტიკას მიჰყო ხელი – შესაძლოა მადუროს ამბავზეც იგივე რეაქცია ჰქონდეს, ამან შესაძლოა კიდევ უფრო გაამყაროს პუტინი თავის სკეპტიციზმში, რომ ამერიკელების ნდობა არ შეიძლება და დასახულ მიზნებს ბრძოლის ველზე უნდა მიაღწიოს.

შეუძლებელია იმის უარყოფა, რომ ამჟამინდელი ამერიკული ადმინისტრაციის რიტორიკა უკანა ეზოზე თუ გავლენის სფეროებზე ჰგავს იმას, რასაც პუტინისგან წლების განმავლობაში ვისმენთ, მაგრამ აქაც ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსია.

იმავე კვირის მიწურულს, როდესაც ამერიკელებმა ელვისებური რეიდით დააპატიმრეს ნიკოლას მადურო, რუსეთის „სპეციალური სამხედრო ოპერაციის” მიმდინარეობამ გადააჭარბა „მეორე სამამულო ომის” ხანგრძლივობას. შტატების მიერ ჩატარებული ოპერაციის სირთულე, სისწრაფე და ეფექტიანობა მოსკოვს არაკომფორტულ, ვიტყოდი, ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აგდებს. ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაცია რუსებმა ხომ სწორედ მსგავსი მიზნებით წამოიწყეს. 

ობიექტურადაც ვენესუელა რუსეთისთვის ლათინურ ამერიკაში საკვანძო პარტნიორი იყო, ერთ-ერთი უიშვიათესი, რომელმაც აღიარა ყირიმის ანექსია, ისე აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. 

რუსეთთან ალიანსის ღირებულება ეჭვქვეშ დგება იმის გათვალისწინებით, რომ ვენესუელა არ არის იზოლირებული შემთხვევა. გავიხსენოთ სირია, სადაც ერთადერთი, რაც მოსკოვმა ასადს შესთავაზა, ქვეყნიდან გასაქცევი ბილეთი იყო. ასევე, ისრაელ-ამერიკის დარტყმები ირანის წინააღმდეგ, სადაც მათი რეაქცია ასევე თავშეკავებული დაგმობით შემოიფარგლა. კიდევ უფრო მოკრძალებული იყო კრემლის რეაქცია თეთრ სახლში ტრამპის მედიაციით გაფორმებულ სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმებაზე, რომელიც ტრანზაქციული ლოგიკით რუსეთის უპირობო გავლენის სფეროდ მიიჩნევა. 

ბოლოს, კრაუტჰამერი იმავე ტექსტში იძლევა ძალის პოლუსის, სუპერსახელმწიფოს განმარტებას – ეს არის ქვეყანა, რომელსაც აქვს სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური და დიპლომატიური შესაძლებლობები და უნარები, იყოს გადაწყვეტი მოთამაშე მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მიმდინარე თუ კონფლიქტში, თუ კი ის ამ კონფლიქტში ჩართვას გადაწყვეტს. 

ზედაპირზე ჩანს, რომ რუსეთი ამ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მას დიდი პრობლემების შექმნა არ შეუძლია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მსოფლიოს გავლენის სფეროებად გადანაწილებას და ამ სისტემის გამყარებას რამდენიმე ძალის ცენტრი სჭირდება, რომელიც შეძლებს ასეთი ტვირთის აწევას და არ ვარ დარწმუნებული, რომ დღეს მსოფლიოში რამდენიმე ასეთი ცენტრი არსებობს, შეიძლება ორი იყოს, მაგრამ არა მეტი. იმ ყველაფრის ყველაზე ზუსტი სახელი, რაც მსოფლიოში ამ ახალი წესრიგის გამყარებამდე მოხდება „ახალი მსოფლიო უწესრიგობაა”.

საქართველოს მოქალაქეების ნაწილის წუხილი, რომ ე.წ. ლიბერალური მსოფლიო წესრიგი არსებობას წყვეტს, სრულიად ლოგიკური და გასაგებია, მით უფრო, რომ ეს, ერთპოლუსიანი წესრიგი ჩვენნაირი ე.წ. პატარა ერებისთვის ყველაზე უსაფრთხო და ხელსაყრელი ეპოქა იყო, თუმცა ჩვენი მთავარი პრობლემა სხვაგან უნდა ვეძებოთ. იმ პირობებში, როდესაც ქვეყანა მოქმედი ხელისუფლების მეცადინეობით პრაქტიკულად ამოვარდნილია საერთაშორისო პოლიტიკიდან და მოკავშირეების გარეშეა დარჩენილი, ლიბერალური თუ ანტილიბერალური საერთაშორისო წესრიგის პირობებში ქვეყანა ერთი მიმართულებით მიდის. ჩრდილოეთით.

რეალპოლიტიკას აღმასრულებელი რედაქტორი.