აშშ-საქართველოს სავაჭრო ურთიერთობა - რას გავყიდეთ და ვიყიდეთ 2025 წელს?

აშშ-საქართველოს სავაჭრო ურთიერთობა - რას გავყიდეთ და ვიყიდეთ 2025 წელს?

ფოტო: Allen J. Schaben / Getty

 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ, არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე, 25.82 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ეს წინა წელთან შედარებით 10.1%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

საქსტატის მონაცემებით, საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტი 7.29 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს, ხოლო იმპორტი თითქმის 18.53 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდება. პირველ შემთხვევაში ზრდამ 11.2% შეადგინა, მეორე შემთხვევაში კი 9.7%-იანი მატება აღინიშნა. 2025 წელს საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 11.23 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.5%-ია.

აღსანიშნავია, რომ 2025 წელს ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 67.8% შეადგინა. ექსპორტისა და იმპორტის დაჯამების შემდეგ, უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: პირველ ადგილზეა თურქეთი 3.10 მილიარდ აშშ დოლაზე მეტით, მეორე ადგილს იკავებს ამერიკის შეერთებული შტატები 2.84 მილიარდ აშშ დოლარზე მეტით და მესამე პოზიციაზეა რუსეთი თითქმის 2.69 მილიარდი აშშ დოლარით.

საქართველოს იმპორტში აშშ მეორე პოზიციაზეა 2.49 მილიონი აშშ დოლარით, თუმცა ექსპორტში ათეულს მიღმაა. საანგარიშო პერიოდში საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებული საქონლის ღირებულება სულ 120.14 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. საქსტატის ცნობით, იმპორტი 32.9%-ით არის გაზრდილი.

საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფებიდან ფეროშენადნობები ლიდერობს 36.87 მილიონი აშშ დოლარით, მეორე ადგილზე, 19.08 მილიონით აშშ დოლარით, ნახევარგამტარი ხელსაწყოებია, მესამეზე კი – შავი ლითონების უნაკერო მილები, მილაკები და ღრუ პროფილებია, რომელთა ექსპორტის ღირებულებამ 14.41 მილიონი შეადგინა. ხუთეულს ასრულებს სასაქონლო ჯგუფები: საფრენი აპარატების ნაწილები და ფანერა დაწებებული, პანელები ხის დაფანერებული, შესაბამისად, 11.53 მილიონი აშშ დოლარითა და 6.71 მილიონი აშშ დოლარით.

რაც შეეხება იმპორტს, აქ მსუბუქი ავტომობილები (ცალი) ლიდერობს, რომელთა იმპორტის ღირებულებამ 2.28 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. მეორე ადგილზე სურათები, ნახატები და პასტელებია (ხელით შესრულებული) 167.64 მილიონი აშშ დოლარით, მესამე პოზიციას კი ჯგუფი – ძრავები ტურბორეაქტიული და ტურბოხრახნიანი, ტურბინები აირის – 30.77 მილიონი აშშ დოლარით. ხუთეულს ასრულებს ქანდაკებების და სტატუეტების დედნები ნებისმიერი მასალისაგან და თხილი და სხვა კაკალი, შესაბამისად, 30.56 მილიონი და 30.48 მილიონი აშშ დოლარით.