Honda-ს კვარტალური მოგება 60%-ზე მეტით შემცირდა – მიზეზები

Honda-ს კვარტალური მოგება 60%-ზე მეტით შემცირდა – მიზეზები

იაპონურმა ავტომწარმოებელმა, Honda Motor-მა, 2025 წლის მესამე კვარტალში საოპერაციო მოგების კუთხით 61%-იანი კლება დააფიქსირა. კომპანიის შედეგებზე გავლენა აშშ-ის ტარიფებმა და ელექტრომობილების (EV) ბიზნესთან დაკავშირებულმა რესტრუქტურიზაციის ხარჯებმა მოახდინა. Reuters-ის დაკვირვებით, ამას თან დაერთო ისიც, რომ გლობალურად ელექტრომობილებზე მოთხოვნა ნელდება, რის გამოც ავტომწარმოებლები ზარალს აფიქსირებენ.

გასული წლის ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდში Honda-ს საოპერაციო მოგებამ 153.4 მილიარდი იენი (დაახლოებით 987 მილიონი დოლარი) შეადგინა, რაც წლიურად 61.4%-ით შემცირებული მაჩვენებელია. ეს ანალიტიკოსების საშუალო პროგნოზს, 174.5 მილიარდ იენს, მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება.

კომპანიის განცხადებით, ჩრდილოეთ ამერიკაში ელექტრომობილების ბაზარი მკვეთრად გაუარესდა, რაც სახელმწიფო სტიმულების შემცირებისა და მოთხოვნის შენელების ფონზე ხდება. შედეგად, მხოლოდ ცხრა თვის განმავლობაში EV-სეგმენტმა ოპერაციული მოგება თითქმის 270 მილიარდი იენით შეამცირა. დამატებით, აშშ-ის ტარიფებმა იმავე პერიოდში მაჩვენებლები კიდევ 280 მილიარდი იენით დააზარალა. აღსანიშნავია, რომ აშშ Honda-ს უმსხვილესი ბაზარია და გლობალური გაყიდვების ორ მეხუთედზე მეტს შეადგენს.

Honda-ს შედეგები გლობალურ ტენდენციას ეხმიანება. მაგალითად, Stellantis-მა გასულ კვირას განაცხადა, რომ EV-სტრატეგიის გადახედვის ფარგლებში 22.2 მილიარდი ევროს (დაახლოებით 26.5 მილიარდი დოლარი) ოდენობის ხარჯებს გააიღებს. მსგავს ნაბიჯებს დგამს Ford-ი და General Motors-ი.

Reuters-ის დაკვირვებით, მოთხოვნის შენელების ფონზე, აშშ-ში, Honda-ს უმსხვილეს ბაზარზე, მომხმარებლები არჩევანს შედარებით იაფ ავტომობილებსა და ჰიბრიდულ მოდელებზე აკეთებენ. ამ სეგმენტში კი ისტორიულად კიდევ ერთი იაპონური ავტომწარმოებელი, Toyota, დომინირებს.