ფოტო: AP
დღეს და ხვალ შვეიცარიაში, ქალაქ ჟენევაში რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლები სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდის ფარგლებში ერთმანეთს ხვდებიან. მხარეებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები აშშ-ის მედიაციით მიმდინარეობს და, გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკების მთავარი საკითხი ტერიტორიები იქნება.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტს ომის მალე დასრულება სურს, რის გამოც მოსკოვსა და კიევზე პოლიტიკურ წნეხს ახორციელებს. რამდენიმე დღის წინ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები დათმობებისაკენ უკრაინას უფრო აქტიურად მოუწოდებს, ვიდრე რუსეთს.
კითხვაზე, თუ რას მოელოდა მოლაპარაკებებისგან, ტრამპმა მინიშნება უკრაინაზე გააკეთა. „ჩვენ დიდი მოლაპარაკება გვაქვს. ყველაფერი ძალიან მარტივად იქნება. სჯობს, უკრაინა დროულად დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან. მხოლოდ ამას გეტყვით“, – განაცხადა მან.
მოგეხსენებათ, რუსეთის მთავარი მოთხოვნა უკრაინისაგან აღმოსავლეთ რეგიონის, დონეცკის დარჩენილი 20%-ის დათმობაა, რისი დაკავებაც რუსეთმა ამ დრომდე ვერ შეძლო. აღნიშნულ მოთხოვნაზე კიევი კატეგორიულ უარს აცხადებს.
აშშ-ის მედიაციით აქამდე მხარეებს შორის ორი შეხვედრა აბუ-დაბიში გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ ორივე მხარე მოლაპარაკებებს კონსტრუქციულად აფასებდა, რეალური შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა. ჟენევის მოლაპარაკებები კი ომის დაწყების 4 წლისთავამდე რამდენიმე დღით ადრე მიმდინარეობს.
კრემლის მხრიდან რუსეთის დელეგაციას ვლადიმირ პუტინის თანაშემწე, ვლადიმირ მედინსკი გაუძღვება. თუმცა დელეგაციაში მის გარდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა, რუსეთის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი იგორ კოსტიუკოვი იქნება. კიევის მხრიდან კი მოლაპარაკებებში მონაწილეობას უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი და ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსი კირილ ბუდანოვი მიიღებენ.

















