საქართველო ინფლაციის დონით მსოფლიოში 39-ე ადგილზეა

2 (67)

Trading Economics-ის მონაცემებით, ინფლაციის დონით საქართველო მსოფლიოში 39-ე ადგილზეა.

მეთოდოლოგია

ინფლაცია სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების გაძვირებას ნიშნავს. მსოფლიოს ყველა ქვეყანა ინფლაციის დონეს ერთი და იმავე მეთოდოლოგიით ითვლის – სამომხმარებლო ფასების ინდექსის (სფი) გამოყენებით. სამომხმარებლო ფასების ინდექსი სამომხმარებლო კალათას ეყრდნობა, რომელიც 300-მდე დასახელების საქონელსა და მომსახურებას მოიცავს. სამომხმარებლო კალათაში შედის ის საქონელი და მომსახურება, რაზეც მოსახლეობა ძირითადად ხარჯავს ფულს. ღარიბი ქვეყნების სამომხმარებლო კალათაში უფრო დიდი წილი უჭირავს სურსათსა და სხვა აუცილებელი მოხმარების პროდუქტებს, მდიდარ ქვეყანაში კი სურსათის წილი შედარებით დაბალია და იზრდება ჯანდაცვის, განათლებისა და დასვენება-გართობის წილი.

სფი-ში პროდუქტებს ერთმანეთისგან განსხვავებული წონა აქვთ. რაზეც მეტი თანხა იხარჯება, მას მეტი წონა აქვს და, შესაბამისად, მისი გაძვირება უფრო მეტად აისახება ინფლაციის საბოლოო, საშუალო მაჩვენებელზე, რასაც წლიური ინფლაციის დონედ მოვიხსენიებთ. მაგალითად, საქართველოში პურის გაძვირება უფრო ზრდის ინფლაციის დონეს, ვიდრე ბადრიჯნის გაძვირება.

ქვეყნების მიხედვით ინფლაციის მაჩვენებელს სხვადასხვა ორგანიზაცია აქვეყნებს, მაგრამ ოპერატიულ, ყოველთვიურად განახლებად ინფორმაციას პორტალი Trading Economics-ი აქვეყნებს, რომლის მონაცემებსაც ვეყრდნობით მსოფლიო რეიტინგში საქართველოს ადგილის განსასაზღვრად.

საქართველო ინფლაციის რეიტინგში

Trading Economics-ის 2026 წლის იანვრის მონაცემებით, ბოლო ერთ წელიწადში საქართველოში ინფლაციის დონემ 4.8% შეადგინა. ეს რიცხვი ემთხვევა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ მაჩვენებელს. 4.8%-იანი წლიური (12 თვის) ინფლაციის დონით საქართველო მსოფლიოში 39-ე ადგილზეა 177 ქვეყანას შორის, ანუ უფრო მაღალი ინფლაცია 38 ქვეყანაშია, ხოლო 138 ქვეყანაში უფრო დაბალი ინფლაციაა.

საქართველოში ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად – 10.6%-ით სურსათი და უალკოჰოლო სასმელები გაძვირდა. შემდეგ მოდის ჯანმრთელობის დაცვა (წამლები და ექიმის მომსახურება), რომელიც 8.3%-ით გაძვირდა. სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების მომსახურება 8.1%-ით გაძვირდა, ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო 3.5%-ით. თუ ცალკე აღებულ პროდუქციას ვნახავთ, ყველაზე მეტად, 98%-ით, ქლიავი გაძვირდა. შემდეგ მოდის მსხალი, რომელიც 52%-ით გაძვირდა. ქორწინების ოქროს ბეჭედი 49%-ით გაძვირდა, კარტოფილი 29%-ით გაძვირდა, თევზი 24%-ით, პური 23%-ით, შოკოლადი 19%-ით. 25%-ით გაძვირდა საავადმყოფოს მომსახურება.

საქსტატის ინფორმაციით, ბოლო ერთ წელიწადში საქართველოში ყველაზე მეტად – 4.6%-ით კავშირგაბმულობის მომსახურება გაიაფდა. თუ ცალკე აღებულ პროდუქციას ვნახავთ, ყველაზე მეტად, 38%-ით მწვანილი გაიაფდა. ბადრიჯანი 27%-ით გაიაფდა, კომბოსტო 22%-ით, ნიორი 18%-ით. 13%-ით შემცირდა ინტერნეტის გადასახდელი.

გრაფიკი: წლიური ინფლაცია საქართველოში, პერიოდის ბოლოს

წყარო: საქსტატი
ქვეყნები, სადაც ინფლაციის დონე ყველაზე მაღალია

ბოლო ერთ წელიწადში ფასები ყველაზე მეტად ვენესუელაში გაიზარდა – 136%-ით. ვენესუელას ბოლო წლებში ზოგადად მაღალი ინფლაცია ახასიათებს. წინა წლებშიც ანალოგიური პრობლემები ჰქონდა. ინფლაციის დონით მე-2 ადგილზე ირანია, სადაც ფასები ბოლო წელს 49%-ით გაიზარდა. მაღალი ინფლაციით ძირითადად ღარიბი ქვეყნები გამოირჩევიან. ტოპ-10-ში შემავალი არგენტინა და თურქეთი ამ მხრივ გამონაკლისია.

საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან ყველაზე მაღალი ინფლაცია თურქეთშია – 31%. რუსეთში ინფლაცია 6%-ია, აზერბაიჯანში 5.2%, ხოლო სომხეთში 3.8%.

ყველაზე მაღალი ინფლაციის დონის მქონე 10 ქვეყანა

 ქვეყანაინფლაციის დონე, %
1ვენესუელა136
2ირანი49
3არგენტინა32
4თურქეთი31
5მალავი25
6ჰაიტი25
7ბოლივია20
8ბურუნდი15.2
9ნიგერია15.2
10ანგოლა14.6

წყარო: tradingeconomics.com

ბოლო ერთ წელიწადში დეფლაცია დაფიქსირდა, ანუ ფასები შემცირდა 12 ქვეყანაში. მათ შორის, ყველაზე მეტად ნიგერში (-9.4%) და ჩადში (-4.3%) შემცირდა.

ქვეყნები, სადაც ფასები ყველაზე მეტად შემცირდა

 ქვეყანაინფლაციის დონე, %
1ნიგერი-9.4
2ჩადი-4.3
3გვინეა-ბისაუ-2.8
4კოსტა-რიკა-2.5
5ფიჯი-2.5
6ბურკინა-ფასო-2,2
7კონგოს რესპ.-0.9
8ბრუნეი-0.7
9ტაილანდი-0.7
10ერაყი-0.5

წყარო: tradingeconomics.com

"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა