ჩრდ. კორეის მმართველმა პარტიამ კიმ ჩენ ინი გენერალურ მდივნად კიდევ ერთხელ აირჩია

ჩრდ. კორეის მმართველმა პარტიამ კიმ ჩენ ინი გენერალურ მდივნად კიდევ ერთხელ აირჩია

ფოტო: AFP

 

ჩრდილოეთ კორეის მმართველმა მუშათა პარტიამ, კვირას გამართულ პარტიულ კონგრესზე, კიმ ჩენ ინი გენერალურ მდივნად კიდევ ერთხელ აირჩია. ამის შესახებ ინფორმაციას ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედია ავრცელებს. KCNA-ს ცნობით, კიმ ჩენ ინმა ქვეყნის პრესტიჟი აამაღლა, გლობალური მასშტაბით გააძლიერა და ჯარი ელიტურ და ძლიერ არმიად აქცია.

„მისი ლიდერობის პირობებში, ქვეყნის ბირთვული ძალების დამსახურებით, შეკავების სტრატეგია რადიკალურად გაუმჯობესდა“, – ნათქვამია ჩრდილოკორეული სახელმწიფო მედიასააგენტო KCNA-ს მიერ გამოქვეყნებულ მასალაში.

რეგიონის მკვლევრების მოსაზრებით, მისი ძალაუფლების რეაფირმაცია იმაზე მიანიშნებს, რომ კიმ ჩენ ინმა შეძლო რეჟიმის კრიზისული მდგომარეობიდან გამოყვანა და ქვეყანა სტაბილური, გრძელვადიანი მმართველობის ფაზაში შევიდა.

სახელმწიფო მედიის ცნობით, პარტიულ კონგრესზე დელეგატებმა პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრებიც აირჩიეს და წესდებაში გარკვეული ცვლილებებიც შეიტანეს. მიუხედავად იმისა, რომ მედია კონკრეტული ცვლილებების შესახებ დეტალურ ინფორმაციას არ ავრცელებს, სხვადასხვა წყაროს ცნობით, კომიტეტის რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირი გადააყენეს.

ანალიტიკოსების ინფორმაციით, ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ჩამოაშორეს „ძველი გვარდიის“ წევრები, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი რი სუ იონგი, უზენაესი სახალხო კრების მუდმივი კომიტეტის თავმჯდომარე ჩო რიონგ ჰაი და პარტიის მაღალი რანგის სამხედრო თანამდებობის პირი რი პიონგ ჩოლი.

საინტერესოა, რომ საზოგადოებაში კიმ ჩენ ინის მთავარ მემკვიდრედ მიჩნეული მისი ქალიშვილი, ჯუ აი კონფერენციას, სავარაუდოდ, არ დასწრებია. მუშათა პარტიის კონგრესი, პარტიის რიგით მეცხრე ყრილობა იყო და ის ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ ტარდება. ყრილობა 5,000-მა დელეგატმა გახსნა.

აღნიშნულ ღონისძიებას დიდი ყურადღებით აკვირდება სამხრეთი კორეა მისი მეზობლის ახალი საშინაო და საგარეო პრიორიტეტების გამოვლენის მიზნით. თუმცა, როგორც ჩანს, ყრილობაზე რაიმე განსაკუთრებული ცვლილების შესახებ არ უმსჯელიათ.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.