Forbes: ქვეყნები, სადაც ყველაზე მეტი მილიარდერია

Forbes: ქვეყნები, სადაც ყველაზე მეტი მილიარდერია

ფოტო: Art Wager/Getty Images

 

ამერიკულმა Forbes-მა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების 2026 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა. გამოცემის რიგით მე-40 ყოველწლიურ სიაში რეკორდული რაოდენობის მილიარდერები მოხვდნენ, რომელთა კოლექტიური სიმდიდრე ასევე ყველა დროის მაქსიმუმამდე – $20.1 ტრილიონამდეა გაზრდილი. Forbes-ის განახლებული რეიტინგით, რომელიც 2026 წლის პირველი მარტის ჩათვლით მიღებულ მონაცემებს ეყრდნობა, მილიარდერთა საშუალო სიმდიდრე ამჟამად $5.8 მილიარდს აღწევს. საერთო ჯამში, სიაში შემავალ მილიარდერთა 80% იმაზე მდიდარია, ვიდრე გასულ წელს იყო.

გამოცემის წლევანდელ რეიტინგში 3,428 მილიარდერია – 400-ით მეტი გასულ წელს დაფიქსირებულ მაქსიმუმთან შედარებით. ამავდროულად, სიის წევრები ახლა უფრო მდიდრებიც არიან, ვიდრე ოდესმე. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების კოლექტიური ქონება გასულ წელთან შედარებით თითქმის $4 ტრილიონითაა გაზრდილი და, როგორც აღვნიშნეთ, $20.1 ტრილიონს აღწევს.

აღსანიშნავია, რომ Forbes-ის 2026 წლის რეიტინგის მიხედვით, მილიარდერების ნახევარზე მეტი – 51% – მხოლოდ სამ ქვეყანაშია კონცენტრირებული. ყველაზე მეტი მილიარდერი ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰყავს. ის წლევანდელ სიაში რეკორდული, 989 მილიარდერით არის წარმოდგენილი, რომელთა ქონებაც ჯამში $8.4 ტრილიონს უტოლდება. ეს მოიცავს მსოფლიოს 20 უმდიდრესი ადამიანიდან 15-ს, მათ შორის ყველაზე მდიდარ ადამიანს, ილონ მასკს, რომელიც სამ ათწლეულზე მეტი ხნის წინ სამხრეთ აფრიკიდან (კანადის გავლით) აშშ-ში ემიგრაციაში წავიდა.

აშშ, რომელსაც გასულ წელსაც ყველაზე მეტი მილიარდერი ჰყავდა, წელს ლიდერობას 106 ახალი წევრით ინარჩუნებს. მათ შორის არიან ცნობილი სახეები: Dr. Dre, ბიონსე და ტეილორ სვიფტი.

შეერთებულ შტატებს 539 მილიარდერით ჩინეთი მოჰყვება, რომელთა ქონებაც ჯამში $2.2 ტრილიონს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ წელს Forbes-ის რეიტინგში ჩინეთიდან რეკორდული რაოდენობის მილიარდერები მოხვდნენ. ეს რიცხვი 2024 წლის რეკორდულ მაჩვენებელს, 495-ს, მნიშვნელოვნად აჭარბებს. ამის მიზეზად გამოცემა ხელოვნური ინტელექტისა და სამომხმარებლო საქონლის სექტორის ბუმისგან სარგებლობას ასახელებს. ჯგუფურად, ჩინელი მილიარდერები 500 მილიარდი დოლარით უფრო მდიდრები არიან, ვიდრე ერთი წლის წინ იყვნენ.

ჩინეთში ყველაზე მდიდარი ადამიანი ჭან იმინია, TikTok-ის მშობელი კომპანიის, ByteDance-ის თანადამფუძნებელი. ამ უკანასკნელმა იანვარში ინვესტორებთან შეთანხმებას მიაღწია, რათა პოპულარული ვიდეოაპლიკაციის მუშაობა აშშ-ში გაგრძელებულიყო იმ კანონის შესაბამისად, რომელმაც თავდაპირველად პლატფორმის აკრძალვა გამოიწვია.

პლანეტის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყანა, ინდოეთი, მილიარდერების რაოდენობით კვლავ მესამე ადგილზეა. წელს სიაში 229 ინდოელი მოხვდა, რომელთა ქონებაც ჯამში $1 ტრილიონს შეადგენს. ცნობისთვის, 2025 წელს ეს მაჩვენებელი 941 მილიარდ დოლარს აღწევდა. Forbes-ის დაკვირვებით, ინდოელი მილიარდერების გამდიდრება საფონდო ბირჟისთვის წარმატებული წლის დამსახურებაა.

ხუთეულს გერმანია და რუსეთი ავსებენ, შესაბამისად, 212 მილიარდერითა და 147 მილიარდერით.

ქვეყნები, სადაც ყველაზე მეტი მილიარდერია:
#10. ტაივანი

მილიარდერების საერთო რაოდენობა: 66 (გასულ წელს: 54)
ჯამური ქონება: $245 მილიარდი (გასულ წელს: $105 მილიარდი)
ყველაზე მდიდარი ადამიანი: ტერი გოუ, $15.3 მილიარდი

#9. ბრაზილია

მილიარდერების საერთო რაოდენობა: 70 (გასულ წელს: 56)
ჯამური ქონება: $265 მილიარდი (გასულ წელს: $212 მილიარდი)
ყველაზე მდიდარი ადამიანი: ედუარდო სავერინი, $35.9 მილიარდი

#8. ჰონგ-კონგი

მილიარდერების საერთო რაოდენობა: 71 (გასულ წელს: 66)
ჯამური ქონება: $420 მილიარდი (გასულ წელს: $335 მილიარდი)
ყველაზე მდიდარი ადამიანი: რობინ ცენ, $53.2 მილიარდი

#7. კანადა

მილიარდერების საერთო რაოდენობა: 82 (გასულ წელს: 76)
ჯამური ქონება: $457 მილიარდი (გასულ წელს: $349 მილიარდი)
ყველაზე მდიდარი ადამიანი: ჩანპენ ჭაო, $110 მილიარდი

#6. იტალია

მილიარდერების საერთო რაოდენობა: 89 (გასულ წელს: 74)
ჯამური ქონება: $483 მილიარდი (გასულ წელს: $339 მილიარდი)
ყველაზე მდიდარი ადამიანი: ჯანკარლო დევასინი, $89.3 მილიარდი

#5. რუსეთი

მილიარდერების საერთო რაოდენობა: 147 (გასულ წელს: 140)
ჯამური ქონება: $649 მილიარდი (გასულ წელს: $580 მილიარდი)
ყველაზე მდიდარი ადამიანი: ალექსეი მორდაშოვი და ოჯახი, $37 მილიარდი

#4. გერმანია

მილიარდერების საერთო რაოდენობა: 212 (გასულ წელს: 171)
ჯამური ქონება: $1 ტრილიონი (გასულ წელს: $793 მილიარდი)
ყველაზე მდიდარი ადამიანი: დიტერ შვარცი, $67.2 მილიარდი

#3. ინდოეთი

მილიარდერების საერთო რაოდენობა: 229 (გასულ წელს: 205)
ჯამური ქონება: $1 ტრილიონი (გასულ წელს: $941 მილიარდი)
ყველაზე მდიდარი ადამიანი: მუკეშ ამბანი, $99.7 მილიარდი

#2. ჩინეთი

მილიარდერების საერთო რაოდენობა: 539 (გასულ წელს: 450)
ჯამური ქონება: $2.2 ტრილიონი (გასულ წელს: $1.7 ტრილიონი)
ყველაზე მდიდარი ადამიანი: ჭან იმინი, $69.3 მილიარდი

#1. ამერიკის შეერთებული შტატები

მილიარდერების საერთო რაოდენობა: 989 (გასულ წელს: 902)
ჯამური ქონება: $8.4 ტრილიონი (გასულ წელს: $6.8 ტრილიონი)
ყველაზე მდიდარი ადამიანი: ილონ მასკი, $839 მილიარდი