Forbes: ჩინეთის 10 უმდიდრესი ადამიანი

Forbes: ჩინეთის 10 უმდიდრესი ადამიანი

ჩინეთის საფონდო ბირჟები ბოლო პერიოდში აღმავლობის გზაზეა. ქვეყნის მიერ ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მიღწეულმა პროგრესმა ინვესტორების ოპტიმიზმი მნიშვნელოვნად გაზარდა. Hang Seng Index-ი Forbes-ის მიერ გასული წლის მილიარდერების სიის გამოქვეყნების პერიოდთან შედარებით 10%-ით გაიზარდა, ხოლო CSI 300 Index-ი, რომელიც შანხაისა და შენჭენის ბირჟებზე წარმოდგენილ 300 კომპანიას აერთიანებს, თითქმის 20%-ით გამყარდა.

მიუხედავად ირანთან დაკავშირებული კონფლიქტით გამოწვეული არასტაბილურობისა, UBS Securities-ის შეფასებით, ადგილობრივ ბაზარზე აქციების ზრდა შესაძლოა მაინც გაგრძელდეს. ამას ხელს უწყობს მოგების მაჩვენებლების გაუმჯობესება და პეკინის მცდელობა, შეზღუდოს გადაჭარბებული კონკურენცია და ე.წ. ფასების ომი ისეთ სექტორებში, როგორიცაა ელექტრომობილები და საკვების მიტანის სერვისები.

ამ ოპტიმისტური ფონის პირობებში, Forbes-ის 2026 წლის რეიტინგში ჩინელი მილიარდერების ჯამურმა ქონებამ თითქმის $2.2 ტრილიონს მიაღწია, რაც 2021 წლის რეკორდულ $2.5 ტრილიონთან ახლოსაა. მიმდინარე მაჩვენებელი 31%-ით მეტია 2025 წლის $1.68 ტრილიონთან შედარებით და მნიშვნელოვნად აღემატება ორი წლის წინ არსებულ $1.33 ტრილიონს.

2026 წლის რეიტინგში ჩინეთიდან მილიარდერთა რაოდენობამ 539-ს მიაღწია, რაც გასული წლის 450-ზე და 2024 წლის 406-ზე მეტია. AI-სექტორმა სიაში ახალი სახეების გამოჩენას შეუწყო ხელი, მათ შორისაა ლიუ დებინი, რომელიც $9.1-მილიარდიანი ქონებით რეიტინგში ქვეყნის ყველაზე მდიდარი ახალწვეულია. მისი კომპანია, Knowledge Atlas Technology (ცნობილი როგორც Zhipu), AI-მოდელების განვითარებაზე მუშაობს.

ჩინეთი მილიარდერთა რაოდენობით მსოფლიოში მეორე ადგილზეა აშშ-ის შემდეგ, სადაც 989 მილიარდერია. აღსანიშნავია, რომ ჩინეთის მონაცემში არ შედიან ჰონგ-კონგის პასპორტის მფლობელები, რომლებიც Forbes-ის სიაში ცალკე ფიგურირებენ.

მიუხედავად იმისა, რომ სიიდან 23 ჩინელი მილიარდერი გავიდა, მათ შორის ხუთი გარდაცვალების გამო, წელს 52 ახალი წევრი და 60 დაბრუნებული ფიგურაა.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთის 10 ყველაზე მდიდარი მოქალაქის ჯამური ქონება $414.5 მილიარდს აღწევს, რაც გასული წლის $400.5 მილიარდზე მეტია და 2024 წლის $304 მილიარდს მნიშვნელოვნად აჭარბებს.

ქვეყნის უმდიდრესი ადამიანი კვლავ ჭან იმინია, რომლის ქონება $69.3 მილიარდს შეადგენს. შეგახსენებთ, იანვარში TikTok-ის ამერიკული ბიზნესის გასხვისებასთან დაკავშირებული შეთანხმება დასრულდა, რომლის ფარგლებშიც პლატფორმის აშშ-ის ოპერაციები ტრამპის მიერ დამტკიცებულ ინვესტორთა ჯგუფს გადაეცა. მოსალოდნელია, რომ ByteDance-ი ახალ ერთობლივ კომპანიაში უმცირეს წილს შეინარჩუნებს.

მეორე ადგილზე სასმელების მწარმოებელი კომპანია Nongfu Spring-ის თავმჯდომარე ჭონ შანშანია $68.1 მილიარდით. მესამე პოზიციას კი მა ჰუატენი იკავებს ($53.8 მილიარდი), რომელიც AI-ზე დაფუძნებული ციფრული ასისტენტების მიმართულებით კონკურენციის გაძლიერებას აქტიურად ცდილობს.

ჩინეთის 10 უმდიდრესი ადამიანი 2026 წელს: 

#1. ჭან იმინი
სიმდიდრის წყარო: ინტერნეტ მედია | ქონება: $69.3 მილიარდი (გასულ წელს: $65.5 მილიარდი)

#2. ჭონ შანშანი
სიმდიდრის წყარო: სასმელები, ფარმაცევტული პროდუქტები | ქონება: $68.1 მილიარდი (გასულ წელს: $57.7 მილიარდი)

# 3. მა ჰუატენი
სიმდიდრის წყარო: ონლაინ თამაშები | ქონება: $53.8 მილიარდი (გასულ წელს: $56.2 მილიარდი)

#4. უილიამ დინი
სიმდიდრის წყარო: ონლაინ თამაშები | ქონება: $37.9 მილიარდი (გასულ წელს: $33.3 მილიარდი)

#5. კოლინ ჰუანი
სიმდიდრის წყარო: ელექტრონული კომერცია | ქონება: $36.6 მილიარდი (გასულ წელს: $42.3)

#6. ჭენგ შულიანი და ოჯახი
სიმდიდრის წყარო: ალუმინის პროდუქტები | ქონება: $33.2 მილიარდი (გასულ წელს: $15.4 მილიარდი)

#7. ჰე სიანჯიანი და ოჯახი
სიმდიდრის წყარო: საყოფაცხოვრებო ტექნიკა | ქონება: $33.2 მილიარდი (გასულ წელს: $27 მილიარდი)

#8. ჯეკ მა
სიმდიდრის წყარო: ელექტრონული კომერცია | ქონება: $29.1 მილიარდი (გასულ წელს: $28.6 მილიარდი)

#9. ლეი ჯუნი
სიმდიდრის წყარო: სმარტფონები, ავტომობილები | ქონება: $27.9 მილიარდი (გასულ წელს: $43.5 მილიარდი)

#10. იუ იონი
სიმდიდრის წყარო: სამთომოპოვებითი ინდუსტრია | ქონება: $25.4 მილიარდი (გასულ წელს: $10.7 მილიარდი)