ფოტო: nbcnews.com
ავსტრიის კონსერვატიული, სამპარტიული მთავრობა სოციალური მედიის გამოყენებაზე ასაკობრივი ზღვრის დაწესებას გეგმავს, რაც 14 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის პლატფორმებზე წვდომის აკრძალვას ითვალისწინებს.
„ავსტრია სოციალურ მედიის პლატფორმებზე სავალდებულო მინიმალურ ასაკს – 14 წელს დააწესებს,“ – განაცხადა დიგიტალიზაციის საკითხებში სახელმწიფო მდივანმა, კონსერვატორმა ალექსანდრ პროელმა კაბინეტის წევრებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, შესაბამისი კანონპროექტი ივნისისთვის იქნება მომზადებული, რის შემდეგაც მისი განხილვა და მიღების პროცესი დაიწყება.
მთავრობის ინიციატივა ონლაინ სივრცეში არსებული რისკებისგან ბავშვთა დაცვას ისახავს მიზნად, მათ შორის მავნე კონტენტისგან და ფსიქოლოგიური ზეწოლისგან, რაც ბოლო წლებში მსოფლიოში სულ უფრო აქტუალური საკითხი გახდა.









