აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, კუბისთვის ნავთობბლოკადის დაწესების გადაწყვეტილება შეცვალა და რუსულ ნავთობტანკერებს პორტში შესვლის უფლება მისცა. რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის” ნავთობტანკერის კუბის პორტში შესვლა ქვეყნისთვის არსებითი მნიშვნელობისაა. განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ვაშინგტონმა კუბას დე ფაქტო ნავთობბლოკადა დაუწესა.
შეგახსენებთ, რომ 3 იანვარს ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს დაკავების შემდეგ, აშშ-მა კუბაში ვენესუელური ნავთობის ექსპორტი აკრძალა. გარდა ამისა, ტრამპმა მუქარაც გაავრცელა, რომ ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელიც კუბას ნედლ ნავთობს გაუგზავნიდა, მძიმე სანქციებს დააკისრებდა. შესაბამისად, ვენესუელასთან ერთად, კუბისთვის ნავთობის მიწოდება მისმა ყველაზე მსხვილმა მიმწოდებელმა, მექსიკამაც შეაჩერა.
კუბის პრეზიდენტის, მიგელ დიას-კანელის განმარტებით, ქვეყანას ნავთობტანკერი სამი თვის განმავლობაში არ მიუღია და მძიმე ენერგოკრიზისშია. ქვეყნის დედაქალაქსაც კი ელექტროენერგია შეზღუდული გრაფიკით მიეწოდება.
ჟურნალისტებთან საუბრისას, დონალდ ტრამპმა კუბელი ხალხის ენერგოსაჭიროებების მიმართ თანაგრძნობა გამოხატა და აღნიშნა, რომ კუბის კომუნისტური მთავრობისთვის გაწეული ნებისმიერი დახმარება მისთვის მნიშვნელოვანი არ არის, რადგან მისი პროგნოზით, ის მალე დაეცემა.
„თუ რომელიმე ქვეყანას სურს, რომ კუბაში ნავთობი გაგზავნოს, ამასთან დაკავშირებით პრობლემა არ მაქვს, იქნება ეს რუსეთი თუ სხვა, – განაცხადა დონალდ ტრამპმა. – კუბა დასრულებულია. მათ ცუდი რეჟიმი ჰყავთ. მათ ჰყავთ ძალიან ცუდი და კორუმპირებული ხელმძღვანელობა და მიიღებენ თუ არა ნავთობს, ამას მნიშვნელობა არა აქვს“.

















