თბილისის წიგნის ბაზრობა პალიტრა L-ის თვალით

თბილისის წიგნის ბაზრობა პალიტრა L-ის თვალით
ექსპო-ჯორჯიაში თავმოყრილი 70-მდე გამომცემლობა, 90,000-მდე მკითხველი და ასეულობით ახალი გამოცემა ქართული საგამომცემლო ბაზრის მიმართულებას განსაზრღვრავს. პალიტრა L ამ პროცესის ერთ-ერთი მთავარი მდგენელია, რომელიც წელს ახალ წიგნებს, ახალ პროექტებსა და ახალი თაობის მკითხველზე გათვლილ სერიებს წარადგენს.

ავტორი: ანიტა მუსკარია

 

თბილისის წიგნის ბაზრობა უკვე წლებია, ქართული საგამომცემლო ინდუსტრიისთვის წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ბიზნესმოვლენა, მკითხველთან დიალოგის სივრცის შექმნისა და უახლეს ლიტერატურაზე წვდომის უზრუნველყოფის საშუალებაა. 

საქართველოს წიგნის ასოციაციის ორგანიზებით, თბილისის წიგნის ბაზრობა 23-26 აპრილს, „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში გაიმართება და გააერთიანებს 70-მდე დიდ და პატარა გამომცემლობას, წიგნის მაღაზიას, პოლიგრაფიულ და აქსესუარების მწარმოებელ კომპანიას და ა.შ.

„პალიტრა L”, როგორც ქართული საგამომცემლო ბაზრის ლიდერი კომპანია, თბილისის წიგნის ბაზრობის ერთ-ერთი მთავარი მონაწილეა. შარშან გამომცემლობამ დაარსებიდან 20 წლის იუბილე მასშტაბური კამპანიით „საკითხავი ეს არის“ აღნიშნა. „პალიტრა L“-ის სახელს უკავშირდება არაერთი ინოვაციური და ქართული საგამომცემლო სივრცისთვის იმ დროისთვის უალტერნატივო პროექტი: „ქართული პროზის საგანძური“, „50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ“, „კიდევ 49 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ“, „ლურჯი ოკეანე“, „ლიბერთინსი“ და აშ. სია გრძელია, მისია კი – მკაფიო და უცვლელი: ყველა ასაკისა და ლიტერატურული გემოვნების მკითხველს მასზე მორგებული და მისთვის საინტერესო საკითხავი ჰქონდეს და ეს საკითხავი ხელმისაწვდომი იყოს საქართველოს ყველა ქალაქსა თუ რეგიონში. 

თბილისის წიგნის ბაზრობისთვის გამომცემლობა მკითხველს 30-მდე ახალ გამოცემას სთავაზობს, ფაქტობრივად – პირდაპირ სტამბებიდან. სიახლეებს შორის იქნება როგორც თანამედროვე ქართველი ავტორების წიგნები, ისე თარგმნილი პროზა, საბავშვო საკითხავი, კლასიკა, წიგნები ბიზნესის, თვითგანვითარების, ხანგრძლივი და უკეთესი ცხოვრების შესახებ. 

„თბილისის წიგნის ბაზრობა ყოველწლიური ლიტერატურული ზეიმია, რადგან მკითხველთან პირისპირ შეხვედრა, მათი აზრისა და რჩევების მოსმენა, მათ თვალებში დანახული ემოცია სხვა არაფერია, თუ არა ჯადოსნობა ყოველდღიური საქმიანი რუტინის ფონზე. როგორც წესი, წიგნის ბაზრობისთვის მზადებას თვეებით ადრე ვიწყებთ ხოლმე. სიახლეების, საინტერესო პროექტებისა და მიმზიდველი სტენდის მიღმა ჩემი გუნდის თითოეული წევრის დაუღალავი შრომა და, განსაკუთრებით ფესტივალის წინა დღეებში, მზადებაში გათენებული ღამეებია. არანაკლებ სასიხარულოა, რომ ეს ემოცია და მუხტი გაყიდვებზეც აისახება ხოლმე. ყოველი ფესტივალის მორიგი წარმატება ჩვენი საქმის მნიშვნელობასა და ღირებულებაში კიდევ ერთხელ მარწმუნებს“, – აღნიშნავს თინა ასათიანი, გამომცემლობა „პალიტრა L”-ის დირექტორი. 

გამომცემლობის საფესტივალო სიახლეებს შორის „ვეფხისტყაოსნის“ სასაჩუქრე გამოცემაც იქნება, ბარათების თამაშ „შაირობასთან“ ერთად. გიორგი გვიშიანის მიერ შექმნილი ბარათების მთავარი მიზანია ახალგაზრდა მკითხველებს „ვეფხისტყაოსნის“ მთავარი სათქმელის, საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის უკეთ აღქმასა და გააზრებაში დაეხმაროს. 

„პალიტრა L” მუდმივად ცდილობს, მსოფლიო საგამომცემლო ტრენდების გათვალისწინებითა და ქართველი მკითხველის გემოვნებასა და მოთხოვნებზე დაყრდნობით ქართულ საგამომცემლო ბაზარს შესაბამისი სიახლეები შესთავაზოს. ასეთი სიახლეა გამომცემლობის ახალი პროექტი, „გზაჯვარედინი“, რომელიც ე.წ new adult-მკითხველზეა მორგებული, 18-25 ასაკის ადამიანებს ზრდასრული ცხოვრებისათვის საჭირო თემებზე ესაუბრება და ლიტერატურული გემოვნების ჩამოყალიბებაში ეხმარება. სერიის პირველი ორი წიგნი, ლორენ რობერტსის „უძლური“ და ზულფა კატუს „ვიდრე ლიმონის ხეები იზრდება“ სწორედ თბილისის წიგნის ბაზრობაზე დახვდება მკითხველს. 

„არაერთხელ მითქვამს, რომ „ლურჯი ოკეანის“ არსებობის მიზანი ქვეყანაში ბიზნესგანათლების ხელშეწყობაა. თუმცა, ბიზნესისა და self-help-წიგნების გარდა, მენტალური და, შესაბამისად, უკვე ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემების ფონზე, დავინახეთ საჭიროება, რომ ქართულ ენაზე ვთარგმნოთ და გამოვცეთ მსოფლიოს მედიცინის წამყვანი სპეციალისტების უახლესი ნაშრომები ჯანსაღი, დაბალანსებული ცხოვრების წესისა და დღეგრძელობის შესახებ. ასე შეიქმნა ახალი საგამომცემლო პროექტი „პანაცეა“, რომლის ფარგლებშიც უკვე რამდენიმე მსოფლიო ბესტსელერი გამოიცა. მათ შორისაა დოქტორი გაბორ მატეს „რა არის ნორმალური? მითი თუ სინამდვილე: ტრავმა, ავადმყოფობა და განკურნება ტოქსიკურ კულტურებში“. მიხარია, რომ „პანაცეას“ მკითხველს როგორც თბილისის წიგნის ბაზრობაზე, ისე მომდევნო თვეებშიც შევთავაზებთ აქტუალურ და მნიშვნელოვან ტექსტებს, რომლებიც მათ დღეგრძელი და ჯანსაღი ცხოვრების შექმნაში დაეხმარება“. – თამთა ჯაფარაშვილი, „ლურჯი ოკეანის“ ხელმძღვანელი. 

თბილისის წიგნის ბაზრობის მნიშვნელოვანი ნაწილია გამოფენის მთავარი სცენა, რომელზეც მთელი დღის განმავლობაში წიგნების წარდგენა, პანელური დისკუსიები და ავტორებთან შეხვედრა იმართება ხოლმე. წელს „პალიტრა L” ოთხ შეხვედრას გამართავს მთავარ სცენაზე. მათ შორის იქნება „ვეფხისტყაოსნის“ განახლებული გამოცემის პრეზენტაცია და თეონა დოლენჯაშვილის – არაერთი ლიტერატურული პრემიის ლაურეატის, რამდენიმე ენაზე თარგმნილი ავტორის ახალი რომანის, „მე-მერსოს“ წარდგენაც. 

23-26 აპრილს, „ექსპო ჯორჯია“ კიდევ ერთხელ გახდება 90,000-მდე მკითხველის, ავტორის, გამომცემლისა და ლიტერატურის სფეროში მომუშავე ადამიანის თავშეყრის, იდეების გაცვლის, ახალი საკითხავის შერჩევისა და შთაგონებით ავსების ადგილი. 

S