ფოტო: Apple Inc/Handout via REUTERS
ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Apple-მა, მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილება დააანონსა. 20 აპრილს გავრცელებული განცხადების თანახმად, ტიმ კუკი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას დატოვებს და დირექტორთა საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარე გახდება.
ტიმ კუკის ეპოქა Apple-ში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტრანსფორმაციის პერიოდად მიიჩნევა როგორც ფინანსური ზრდის, ისე ახალი პროდუქტების დამატებისა და ღირებულებების დანერგვის მიმართულებით.
კუკი Apple-ს 1998 წელს შეუერთდა, კომპანიის ხელმძღვანელობა კი 2011 წელს, სტივ ჯობსის შემდეგ გადაიბარა. მისი მმართველობის პერიოდში კომპანია მხოლოდ ტექნოლოგიური პროდუქტების მწარმოებელი აღარ იყო, ის გადაიქცა ეკოსისტემად, რომელიც როგორც მოწყობილობებს, ისე სერვისებს აერთიანებს. სწორედ ამ პერიოდში გაჩნდა სრულიად ახალი პროდუქტების კატეგორიები, მათ შორის Apple Watch, AirPods და Apple Vision Pro, რომლებმაც მომხმარებლის გამოცდილება მნიშვნელოვნად შეცვალა.
კუკის ერთ-ერთ მთავარ მიღწევად სერვისების მიმართულების გაძლიერება მიიჩნევა. Apple Services – რომელიც მოიცავს ისეთ პლატფორმებს, როგორიცაა iCloud, Apple Pay, Apple TV და Apple Music – მრავალმილიარდიან ბიზნესად იქცა და დღეს კომპანიის შემოსავლის გამორჩეულად სწრაფად მზარდ სეგმენტს წარმოადგენს. ამით Apple-მა მხოლოდ ჰარდვეარზე დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შეამცირა.
ფინანსური მაჩვენებლებით, კუკის ეპოქა უპრეცედენტო ზრდით ხასიათდება. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 350 მილიარდი დოლარიდან 4 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდა, ხოლო წლიური შემოსავალი თითქმის ოთხჯერ – 108 მილიარდიდან 416 მილიარდ დოლარზე მეტამდე. Apple-მა ასევე გააფართოვა გლობალური ქსელი და დღეს უკვე 200-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს, სადაც 500-ზე მეტ საცალო მაღაზიას ფლობს.
ტექნოლოგიური თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი Apple-ის მიერ საკუთარი ჩიპების შექმნაზე გადასვლა იყო. ამან კომპანიას მისცა შესაძლებლობა, სრულად აკონტროლოს საკუთარი ტექნოლოგიური ეკოსისტემა და მომხმარებლებს უკეთესი წარმადობა და ენერგოეფექტიანობა შესთავაზოს.
აღსანიშნავია, რომ კუკის მმართველობის პერიოდში Apple-მა მნიშვნელოვნად შეამცირა გარემოზე ზემოქმედება, ნახშირბადის გამოყოფამ 60%-ზე მეტით იკლო, პარალელურად კი შემოსავლები მნიშვნელოვნად გაიზარდა. გარდა ამისა, კუკმა აქტიურად განავითარა კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების პოლიტიკა.
როგორც ცნობილია, აღმასრულებელი დირექტორის პოსტზე ტიმ კუკს ჯონ ტერნუსი შეცვლის. ცვლილება ძალაში 2026 წლის 1-ელი სექტემბრიდან შევა, რითაც Apple-ში ახალი, ტერნუსის ეპოქა დაიწყება.











