ფოტო: ipprobe.global
ჩინეთის ხელისუფლება ქვეყნის ფარგლებში, როგორც რიგითი მოქალაქეებისთვის, ისე სამთავრობო უწყებებში, ChatGPT-ზე და OpenAI-ის სხვა სერვისებზე წვდომას მკაცრად ზღუდავს. თუმცა გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმის (ICIJ) განცხადებით, ამას ხელი არ შეუშლია პეკინისთვის, AI-ჩატბოტი თავისი „ბოროტი“ მიზნებისთვის რეგულარულად გამოეყენებინა.
გასულ წელს, OpenAI-მ ჩინეთის სამართალდამცავი და სამეთვალყურეო უწყებები უცხოელი სამიზნეებისა და დისიდენტების შესახებ ინფორმაციის შეგროვებისა და უმცირესობების მონიტორინგისთვის საჭირო ტექნოლოგიების შესაქმნელად თავისი სერვისების, მათ შორის ChatGPT-ის, გამოყენებაში დაადანაშაულა.
გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმმა განაცხადა, რომ ChatGPT აქტიურად გამოიყენებოდა ჩინელი ჯაშუშების მიერ, პეკინის თემებზე მომუშავე უცხოელი რეპორტიორების სათვალთვალოდ.
მათივე თქმით, გასული წლის მაისში მათ იდენტიფიცირება შეძლეს პირის, რომელიც თავს ტაივანელ ჟურნალისტად ასაღებდა და ChatGPT-ს ჟურნალისტური მასალების შესაქმნელად იყენებდა. შემდგომ კი, AI-გენერირებულ მასალას თავის სამიზნეს ნდობის მოპოვების მიზნით უგზავნიდა. ამ ხერხით პირს სამიზნისგან საჭირო ინფორმაციის მოპოვება უმარტივდებოდა. ICIJ-მა და Citizen Lab-ის მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ეს პირი კავშირში იყო ჩინეთის მთავრობის ჰაკერებთან, რომლებიც სახელმწიფოს მტრების თვალთვალის ფართომასშტაბიან კამპანიაში იყვნენ ჩართულნი.
Citizen Lab-ის მკვლევრები ასევე ასახელებენ ჩინეთთან აფილირებულ ორ ჯგუფს: Glitter Carp-სა და Sequin Carp-ს, რომლებიც, მათი მტკიცებით, აქტიურად იყენებდნენ AI-ს ე.წ. „ფიშინგის“ იმეილების შესაქმნელად. აღნიშნული იმეილები რეგიონში ICIJ-სთან დაკავშირებულ რეპორტიორებს ეგზავნებოდათ.
დამატებით, Anthropic-მა დაადგინა, რომ ჩინეთთან კავშირში მყოფმა ჰაკერულმა დაჯგუფებებმა მათი ხელოვნური ინტელექტის მოდელი, Claude-ი, დაახლოებით 30 სამიზნის, მათ შორის ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიებისა და სამთავრობო სააგენტოების წინააღმდეგ გამოიყენეს.
OpenAI-ს არ დაუკონკრეტებია მიზეზი, თუ რატომ ზღუდავს ჩინეთთან წვდომას, თუმცა Anthropic-მა ღიად თქვა, რომ ამის მიზეზი სიფრთხილეა, რათა ჩინეთის მთავრობამ მათი მომხმარებლების პირად ინფორმაციაზე წვდომა არ მოიპოვოს.















