ტრამპი EU-ის ავტომობილებზე 25%-იან ტარიფებს აწესებს – ვინ დაზარალდება ყველაზე მეტად?

ტრამპი EU-ის ავტომობილებზე 25%-იან ტარიფებს აწესებს – ვინ დაზარალდება ყველაზე მეტად?

ფოტო: REUTERS/Evelyn Hockstein

დონალდ ტრამპმა ევროკავშირიდან იმპორტირებულ მსუბუქ ავტომობილებსა და სატვირთოებზე 25%-იანი ტარიფების დაწესების შესახებ განაცხადა, რაც, სავარაუდოდ, აშშ-სა და EU-ს შორის სავაჭრო დაპირისპირების ახალ ეტაპს გამოიწვევს.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ახალი ტარიფები ძალაში მომავალი კვირიდან შევა და შეეხება ყველა იმ ავტომობილს, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებშია წარმოებული. ტრამპის თქმით, გადაწყვეტილება მიღებულია იმის გამო, რომ „ევროკავშირი სრულად არ ასრულებს შეთანხმებულ სავაჭრო პირობებს“. ამასთან, აშშ-ში წარმოებული ავტომობილები აღნიშნული გადასახადისგან გათავისუფლდება.

ტრამპმა აღნიშნა, რომ მსგავსი ნაბიჯი ევროპულ კომპანიებს აიძულებს, წარმოება აშშ-ში უფრო სწრაფად გადაიტანონ.

ვინ დაზარალდება ყველაზე მეტად?

2024 წელს აშშ-ში ევროკავშირიდან ავტომობილების უმსხვილესი ექსპორტიორი გერმანია იყო, საიდანაც საანგარიშო პერიოდში ჯამურად $26 მილიარდის ავტომობილების ექსპორტი განხორციელდა. დიდი ალბათობით, ეს სურათი ბოლო წლებში მნიშვნელოვნად არ შეიცვლებოდა. გერმანიასთან შედარებით დანარჩენი ქვეყნების მაჩვენებელი გაცილებით დაბალია, თუმცა ახალი ტარიფები ამ სახელმწიფოების ექსპორტზეც არანაკლებ გავლენას მოახდენს, მათი ეკონომიკისა და წარმოების ზომიდან გამომდინარე.

საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის 2024 წლის სავაჭრო რუკის მიხედვით, აშშ-ში ავტომობილების უმსხვილესი ექსპორტიორები ევროკავშირიდან არიან:

  • გერმანია — $26 მილიარდი
  • სლოვაკეთი — $6.3 მილიარდი
  • იტალია — $4 მილიარდი
  • შვედეთი — $4 მილიარდი
  • ავსტრია — $1.8 მილიარდი
  • უნგრეთი — $1.8 მილიარდი
  • ბელგია — $1.4 მილიარდი
  • საფრანგეთი — $611 მილიონი
  • ფინეთი — $183 მილიონი
  • ესპანეთი — $104 მილიონი

ტრამპის ნაბიჯს EU-ში უკვე მოჰყვა გამოხმაურება. ევროპარლამენტის სავაჭრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ბერნარდ ლანგემ, გადაწყვეტილება გააკრიტიკა და განაცხადა, რომ „აშშ-მა არაერთხელ დაარღვია შეთანხმება“, ხოლო ახალი ტარიფები აჩვენებს, რამდენად არასანდოა ამერიკული მხარე.

კონტექსტი

აშშ-სა და ევროკავშირს შორის გასული წლის ივლისში მიღწეული შეთანხმება EU-ის ქვეყნების პროდუქტების უმეტესობაზე 15%-იან გადასახადს ითვალისწინებდა. სანაცვლოდ კი, ევროკავშირს ამერიკულ სამრეწველო საქონელზე ტარიფები უნდა გაეუქმებინა. თუმცა შეთანხმება დღემდე სრულად რატიფიცირებული არ არის და სხვადასხვა სამართლებრივმა და პოლიტიკურმა ფაქტორმა მისი შესრულება გაართულა.

გარდა ამისა, აშშ-ის უზენაესი სასამართლოს თებერვლის გადაწყვეტილებამ ტრამპს გარკვეული ტიპის ტარიფების გამოყენება შეზღუდა, თუმცა ევროპულ ავტომობილებზე დაწესებული ახალი ტარიფები სხვა სამართლებრივ საფუძველს ეყრდნობა და ამ შეზღუდვას არ ექვემდებარება.

ამავე პერიოდში, ტრამპმა განაცხადა, რომ შოტლანდიურ ვისკიზე არსებულ ტარიფს მოხსნის, რაც ბრიტანეთის სამეფო ოჯახის მეფე ჩარლზ III-ისა და დედოფალ კამილას აშშ-ში ვიზიტს უკავშირდება.