SpaceX-მა AI-ის მონაცემთა ცენტრებისთვის გაზის ტურბინებში $2.8 მილიარდი დახარჯა

SpaceX-მა AI-ის მონაცემთა ცენტრებისთვის გაზის ტურბინებში $2.8 მილიარდი დახარჯა

ფოტო: Getty Images

SpaceX-ი ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ცენტრების ენერგომომარაგებისთვის გაზის ტურბინების შესაძენად მილიარდობით დოლარს ხარჯავს. IPO-ს დოკუმენტაციაზე დაყრდნობით WIRED-ი წერს, რომ ილონ მასკის კომპანიამ ბოლო თვეებში ტურბინების შესაძენად 2.8 მილიარდ დოლარზე მეტი გამოყო.

როგორც ჩანს, მასკი კვლავ აქტიურად დებს ფსონს გაზის ტურბინებზე, მიუხედავად იმისა, რომ მათი გამოყენება გარემოსდამცველთა კრიტიკის, სასამართლო სარჩელებისა და მარეგულირებელთა ინტერესის მიზეზი გახდა. აქტივისტები კომპანიას ჰაერის დაბინძურებასა და გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესაძლო გვერდის ავლაში ადანაშაულებენ.

მონაცემთა ცენტრების სწრაფი ზრდის ფონზე, აშშ-ში ელექტროენერგიის დეფიციტი ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება. სწორედ ამიტომ, პორტატული გაზის ტურბინები – გენერატორები, რომლებიც ელექტროქსელის გარეშე მუშაობენ – ტექნოლოგიური კომპანიებისთვის დროებით და სწრაფ გამოსავლად იქცა.

როგორც იცით, SpaceX-ი მხოლოდ კოსმოსური რაკეტებითა და სატელიტური ინტერნეტით აღარ შემოიფარგლება. კომპანია ასევე ფლობს xAI-ს, რომელიც ჩატბოტ Grok-ს ავითარებს. AI-პროექტების მხარდასაჭერად კი xAI ორ მსხვილ მონაცემთა ცენტრს ფლობს – Colossus 1-ს მემფისში და Colossus 2-ს საუთჰეივენში.

IPO-ს დოკუმენტაციის მიხედვით, SpaceX-ი მონაცემთა ცენტრებში არსებული სერვერების ნაწილს წელიწადში 15 მილიარდ დოლარად აქირავებს Anthropic-ზე, რომელიც Claude-ის ჩატბოტს ავითარებს. ილონ მასკის განცხადებით, კომპანია დამატებითი მსგავსი შეთანხმებების გაფორმებასაც გეგმავს.

დოკუმენტაციის თანახმად, მარტში SpaceX-მა უცნობ მომწოდებელთან 805 მილიონი დოლარის ღირებულების ტურბინების შესყიდვის ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც 2029 წლამდე გაგრძელდება. აპრილის ბოლოს კი კომპანიამ დამატებით 2 მილიარდი დოლარის გაზის ტურბინებისა და მასთან დაკავშირებული აღჭურვილობის შესყიდვაზე მიაღწია შეთანხმებას, თუმცა ეს გარიგება ჯერ საბოლოოდ არ დასრულებულა.

გასულ კვირას WIRED-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბოლო ორ თვეში Colossus 2-ს კიდევ 19 პორტატული ტურბინა დაემატა და მათი საერთო რაოდენობა 46-მდე გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ აქტივისტთა სხვადასხვა ჯგუფმა xAI-ს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. მათი მტკიცებით, კომპანია 27 გაზის ტურბინას სათანადო ნებართვის გარეშე ამუშავებდა, რაც მოსახლეობის ჯანმრთელობასა და კლიმატს საფრთხეს უქმნის.

SpaceX-ის მონაცემებით, მარტისთვის ორივე მონაცემთა ცენტრს ჯამში იმდენი სერვერი ჰქონდა, რომ დაახლოებით 1 გიგავატი ელექტროენერგიის მოხმარება შეეძლო, რაც დაახლოებით დიდი ამერიკული ქალაქის ენერგომოხმარებას უტოლდება.

კომპანია გაფართოებას აგრძელებს, რაც ენერგომოხმარების ზრდასაც ნიშნავს. IPO-ს დოკუმენტაციის მიხედვით, SpaceX-ს ამჟამად 14 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების მიმდინარე სამშენებლო პროექტები აქვს, მათ შორის მონაცემთა ცენტრების ინფრასტრუქტურა და აღჭურვილობა, რომელიც ჯერ სრულად ამოქმედებული არ არის.